“რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებამდე რამდენიმე საათიღა რჩება. ვედგვერდ As.com-ზე მადრიდელთა გუნდის დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან წინასამატჩო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის განწყობას გაგაცნობთ.
- ფსიქოლოგიური ასპექტით, “რეალი” “ბარსელონაზე” უკეთეს მდგომარეობაშია?
- ვერ გეტყვით, რადგან მოწინააღმდეგის განწყობა არ ვიცი. ჩვენ მშვიდად ვემზადებით მატჩისთვის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში დიდი პატივია და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად ასპარეზობა გვმართებს. ესპანეთის თასის მოგებამ ძალიან გაგვახარა, მით უმეტეს, ეს თასი “რეალს” კარგა ხანია არ მოუპოვებია, მაგრამ ეიფორიაში დიდხანს არ ვყოფილვართ და უკვე მომდევნო დღიდან სამუშაო გრაფიკს დავუბრუნდით.
- ნახევარფინალის პირველ მატჩში როგორი ანგარიში დაგაკმაყოფილებთ?
- დიდი ანგარიშითაც რომ მოვიგოთ, საპასუხო შეხვედრის წინ მშვიდად მაინც ვერ ვიქნები. როდესაც ფანტასტიკურ გუნდს უპირისპირდები, დარწმუნებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. გაიხსენეთ “ტოტენჰემთან” პაექრობა. პირველი მატჩი 4:0 მოვიგეთ, ლონდონში განმეორებით შეხვედრაში კი გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. “ბარსელონასთან” პირველ შეხვედრას რაც შეეხება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თანაბარი ბრძოლა იქნება და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა “კამპ ნოუზე” გადაწყდება.
- როგორ გგონიათ, “ბარსა”-”რეალის” დაპირისპირებაში უფრო მეტის გაკეთება ვის შეუძლია – მწვრთნელებს თუ ფეხბურთელებს?
- ორივეს. პირადად მე, ის მწვრთნელი ვარ, რომლის გუნდი ბარსელონაში 0:5 დამარცხდა. გვარდიოლას ბიჭების დამარცხების რაიმე საიდუმლო იარაღი არ მაქვს. კატალონელებს თუ ვძლიეთ, ეს დიდხნიანი დაძაბული შრომის შედეგი იქნება. ეს შრომა კი თანაბრად გავწიეთ მეც და ფეხბურთელებმაც.
- გვარდიოლა აცხადებს, რომ მომავალი დაპირისპირების ფავორიტი “რეალია”. ხომ არ ეშმაკობს კატალონიელთა მწვრთნელი?
- ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე სხვაგვარად ვფიქრობ და ვაცხადებ – ჩვენ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვთამაშობთ და ერთმანეთს უმდიდრესი საფეხბურთო ისტორიის ორი გუნდი შეხვდება, რომელთა მოთამაშეებს არაერთი უმაღლესი ტიტული მოუგიათ.
- საკუთარ ფეხბურთელებს უპირველესად რა რჩევა-დარიგებას მისცემთ?
- ბევრს არაფერს, მხოლოდ ალბერტ აინშტაინის ერთ გამონათქვამს შევახსენებ. დიდი ფიზიკოსის მტკიცებით, ნებისმიერი სახის ენერგიაზე მძლავრი სულიერი ძლიერება და ნებისყოფის სიმტკიცეა.
- როგორ თვლით, პეპ გვარდიოლა ბოლოხანს შეიცვალა?
- მხოლოდ საკუთარ თავზე შემიძლია მოგახსენოთ – მოგება და წაგება არ მცვლის.
გოჩა კაჭარავა