ინტერვიუები

14:53 | 29.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდ პიკე: “მარტო ფიზიკური მომზადებით ვერაფერს მოიგებ”

“ბარსელონას” 23 წლის ბრგე მცველმა ჟერარდ პიკემ სპორტს ილლუსტრატედ-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ადარებს. ამასთან, საუბრობს “ბარსელონას” აკადემიის სიძლიერის თავისებურებებზე.
- ბარსელონაში დაიბადეთ. წინასწარ იცოდით, რომ ამ კლუბში უნდა გაგეთქვათ სახელი?
- რა თქმა უნდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ბაბუამ, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობისას შემაყვარა ფეხბურთი, “ბარსას” ფანი გამხადა. ბაბუა თავადაც ბავშვობიდან გულშემატკივრობდა “ბარსელონას” , შემდეგ კი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ჩემი მშობლებიც “ბლაუგრანას” ქომაგობდნენ, ასე რომ, ტრადიციას ვერსად გავექცეოდი.
- ხშირად გადარებენ ფრანც ბეკენბაუერს და მეტსახელიც მოგიგონეს – პიკენბაუერი. “კაიზერ ფრანცს” შეხვდით კიდეც.
- ის დიდი ადამიანია და მასთან შეხვედრა დიდი პატივი იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, ბეკენბაუერის თამაში ცოცხლად არასოდეს მინახავს, მაგრამ ვიდეოფირებიდან ვიცი, რა დონის ფეხბურთელიც იყო. ჩვენი სათამაშო სტილი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ ბეკენბაუერი უფრო ნიჭიერი იყო. მან ორჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”. ბეკენბაუერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამიტომაც ნაადრევია ჩემთვის “პიკენბაუერის” თიკუნი.     
- 2010 წლის “ფიფას ოქროს ბურთის” ნომინაციაში სამივე ფეხბურთელი “ბარსელონიდან” იყო. ამ მიღწევის საიდუმლო “ბარსას” კანტერის სიძლიერეა?
- კანტერაში ყველაზე ძვირფას რამეს ასწავლიან: ბურთის კონტროლს, მოკლე და გრძელ პასებს და საერთოდ, იუველირულ სიზუსტეს. მახსოვს, კანტერაში რომ ვთამაშობდი, ჩვენი მწვრთნელების მთავარი საფიქრალი შედეგი კი არა, სხვადასხვა ელემენტების დახვეწა იყო. მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერაფერს მოიგებ. აი, მაგალითად, “ესპანიოლში” სწორედ ფიზიკაზე კეთდებოდა აქცენტი. მესი, ხავი, ინიესტა ტექნიკურად ბრწყინვალენი არიან, მაგრამ ფიზიკური კონდიციებით არ გამოირჩევიან.
- ცნობილია, რომ იუმორით გამოირჩევით. “ბარსელონას” გასახდელში ყველაზე ხუმარა ვინ არის?
- დანი ალვეში და მესი. თუმცა, ისინი სხვადასხვაგვარად ხუმრობენ. ალვეში მუსიკალურია, ცეკვა უყვარს და გიჟურად იქცევა, მესი კი სიტყვებით ხუმრობს. მათი დიდი დამსახურებაა, რომ “ბარსას” გასახდელში კარგი ატმოსფეროა. თუ ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება არაა, შედეგიც ვერ იქნება.
- მინდორზე მესი უფრო ძნელი შესაჩერებელია თუ რონალდუ? ლეოს წინააღმდეგ ვარჯიშზე გიწევთ თამაში, კრიშტიანუს წინააღმდეგ კი – “ელ კლასიკოში”.
- ვფიქრობ, ეს ორი ფეხბურთელი დღეს გამორჩეულია და საუკეთესონი არიან, თუმცა თამაშის მანერით განსხვავდებიან. ლეო უფრო მიზანმიმართულია. როცა ის ბურთს იღებს, მაშინვე ფიქრობს, კარში როგორ მოათავსოს. კრიშტიანუს კი პუბლიკაზე თამაში უყვარს, მაგრამ მისი შეჩერება არანაკლებ ძნელია. პორტუგალიელი ძალიან ძლიერია, მაღალია და მშვენივრად თამაშობს მაღალ ბურთებზე. როცა რონალდუს წინააღმდეგ თამაშობ, კონცენტრაცია ბურთზე უნდა გააკეთო, მაგრამ მისი ტანის მოძრაობას ერთი წამითაც არ უნდა მოაშორო თვალი. კრიშტიანუს დასწრებაზე უნდა ეთამაშო. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ხანდახან შესაძლებელია.  

მოამზადა ილია ნანობაშვილმა


 

0.065733