ინტერვიუები

15:11 | 5.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: “შვაინშტაიგერი ოდნავადაც არ ჩამოუვარდება საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელებს”

მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში იუპ ჰაინკესს არაერთი ტიტული მოუპოვებია, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობის, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაა. კონტინენტის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამარჯვებას ჰაინკესმა მადრიდის “რეალის” მთავარმწვრთნელობისას მიაღწია. სამაგიეროდ, მან მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად ორჯერ იმარჯვა გერმანიის ჩემპიონატში და ბავარიული გრანდის გულშემატკივრებს მისი ამჟამადაც ეიმედება. მიუნხენელები წინასასეზონო მზადების მეორე ეტაპს იტალიაში (პირველი ბავარიაში შედგა) გადიან, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონს გერმანელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ.

- რა განწყობით შეუდექით ახალი სეზონისთვის “ბაიერნის” მზადებას და თუ გაქვთ წარმატების მომტანი თქვენეული რეცეპტი, რომელიც ბავარიულ გრანდს კარგად მიესადაგება?
- რაღაც განსაკუთრებული მეთოდი ნამდვილად არ მაქვს. ნებისმიერი გუნდის გაწვრთნისას თითქმის ერთნაირ მეთოდს ვიყენებ ხოლმე, ცხადია, კლუბების სპეციფიკიდან გამომდინარე, მზადებისას ცალკეული ელემენტების კორექტირებას ვახდენ. ჩვენი მიზანია, მოწინააღმდეგეს ბევრი ბურთი გავუტანოთ, საკუთარ კარში კი შეძლებისდაგვარად ნაკლები გოლი გავუშვათ. შესაძლოა, ცოტათი პრიმიტიულად მოგახსენეთ, მაგრამ ფეხბურთის არსი ხომ ესაა და “ბაიერნი” მისი ერთგული იქნება.
- “ბაიერნის” ამჟამინდელ ფეხბურთელებთან როგორი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდათ?
- საბოლოო ჩამოყალიბებაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. 66 წლის ვარ, ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, როცა მოთამაშეებს შენობით მივმართავ, ისინი კი – თქვენობით. თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ან გერმანულ ბუნდესლიგას მოიგებს, ფეხბურთელებს ნებას დავრთავ შენობით მომმართონ.
- აღნიშნეთ, რომ სადამრიგებლო მეთოდს ნაკლებად ცვლით. უკვე დიდი ხანია მწვრთნელად მუშაობთ და თქვენ მიდგომას მეტამორფოზა არ განუცდია?
- ასაკთან შედარებით ადამიანი იცვლება და აქედან გამომდინარე, მისი მუშაობის სტილიც გადასხვაფერდება ხოლმე. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. ადრე ყველაფრის თავად გაკეთება მსურდა. თანდათან უფრო მეტ ნდობას ვუცხადებ ასისტენტებსა და მოთამაშეებს. ეს მეტ თავისუფალ დროს მიტოვებს ახალი იდეების შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმოებისთვის. საიმედო სამწვრთნელო შტაბი მყავს შერჩეული და მასში შესულ ადამიანებს თვალდახუჭული ვენდობი. განსაკუთრებით პეტერ ჰერმანს გამოვარჩევ, რომელსაც ფაქტობრივად მიჰყავს წინასასეზონო მზადების საწყისი ეტაპი, მე კი მხოლოდ შენიშვნებით და მცირეოდენი კორექტივების შეტანით ვარ დაკავებული. ყოველი დილის 9 საათზე მცირეხნიან თათბირს ვატარებთ, ჩასატარებელი სამუშაოს თანმიმდევრობისა და ინტენსივობის ცალკეულ დეტალებს ვათანხმებთ.
- მომავალ სეზონში “ბაიერნის” კაპიტანი ვინ იქნება?
- სადღეისოდ გუნდს 2 კაპიტანი ჰყავს. არაფერი მექნება იმის საწინააღმდეგო, თუკი ფილიპ ლამი კვლავინდებურად განაგრძობს სამკლავურის ტარებას. გუნდის მეორე წინამძღოლს რაც შეეხება, ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მე ძალიან ხშირად ვუყურებ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩებს და თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბასტიანი ოდნავადაც არ ჩამოუვარდება პირინელთა საუკეთესო ლიგის უძლიერეს მოთამაშეებს. ამასთან, შვაინშტაიგერი ინგლისელ ვარსკვლავებზე წინ დგას.
- “ბაიერნს” რომელი პოზიციის გამაგრება ესაჭიროება?
- კლუბის მესვეურებს უკვე ვუთხარი, რომ კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება გვჭირდება. ამასთან, ვადასტურებ – დანიელ ვან ბუიტენი მაღალი რანგის პროფესიონალია. იგი გამოცდილი უკანახაზელია და ბელგიელს კიდევ რამდენიმე სეზონი შეეძლება ჩვეულ დონეზე თამაში. ძალიან მოტივირებულია ბრენო. ვფიქრობ, ბრაზილიელი საკუთარ შანსს გამოიყენებს.
- რატომ არ ვარჯიშობს ფრანკ რიბერი?
- მან 4 კვირის წინათ მორიგი ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს. თუმცა, ექიმები მეუბნებიან, რომ მას მალე სრული დატვირთვით მუშაობა შეეძლება. როგორც “ბაიერნის” ნებისმიერ მოთამაშეს, ფრანკსაც დასამტკიცებელი აქვს, გუნდის სრულუფლებიანი წევრი რომაა.


 

გოჩა კაჭარავა

0.117493