ბოლო დრომდე, ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნაკლებად თუ იყო ცნობილი, რომ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ კიევის “ობოლონში” ირაკლი მესხია თამაშობდა. წარმოშობით ქართველმა, მაგრამ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილმა 19 წლის ნახევარმცველმა კიეველთა ძირითად გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და როგორც სპეციალისტთა, ასევე, მედიის ყურადღება უკვე მიიპყრო. განვლილ თამაშებში მან ერთი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
გთავაზობთ ინტერვიუს მესხიასთან, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა ua-football.com-მა გამოაქვეყნა.
- თქვენთვის “ობოლონის” რიგებში გატანილი პირველი გოლი რას ნიშნავს?
- ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი ერთადერთი შანსი გამოვიყენე.
- მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა გასახდელში მოგილოცეს?
- არა, გასახდელში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.
- თქვენთვის მომავალი მატჩი პრინციპული იქნება, ვინაიდან კრივოი როიგის “კრავბასს” “ობოლონის” ყოფილი თავკაცი იური მაქსიმოვი ავარჯიშებს...
- როდესაც ის “ობოლონს” ავარჯიშებდა, მაშინ პირველ გუნდში არ ვთამაშობდი. თუმცა, ახლა ჩემთვის ნებისმიერი თამაში პრინციპულია, რადგან პრემიერლიგაში დებიუტი არცთუ დიდი ხნის წინ მქონდა.
- მატჩის შემდეგ “ობოლონის” მთავარ მწვრთნელთან სერგეი კონიუშენკოსთან შენი თამაში განიხილეთ?
- დიახ. “არსენალთან” მატჩის მერე, მან მითხრა, რომ უფრო მეტს ელოდა. დღესდღეობით, ცოტა ფიზიკური მომზადება არ მყოფნის.
- დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში გადასვლა ხომ არ გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, განსხვავება დიდია, მაგრამ მე ყველა მეხმარება და მკარნახობს. არავინ მიყვირის და ამიტომ, არავითარ დისკომფორტს არ ვგრძნობ.
- როგორ თვლი, “ობოლონი” პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს?
- შანსი ყოველთვის არის. მთავარია, ის გამოიყენო.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა