საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ ერთი მსოფლიო თასისთვის ემზადება. ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც ჩვენს გუნდში 72 კეპი აქვს მოპოვებული და ნაკრებს 2007 წლიდან კაპიტნობს, საფრანგეთშია და გუნდთან ერთად განაგრძობს წვრთნებს. ჩვენი ნაკრების ვეტერანი და ერთ-ერთი ლიდერი იმედიანადაა განწყობილი და გულშემატკივარს ღირსეულ თამაშს და ბრძოლას პირდება. “მსოფლიო სპორტი” ირაკლი აბუსერიძეს კანში დაუკავშირდა.
- როგორი განწყობაა გუნდში?
- შესანიშნავი, მონდომებით ვემზადებით.
- 10-ბალიანი სისტემით რომ ავიღოთ, როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდის შანსებს?
- ასე ვერ შევაფასებ. ვემზადებით, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. რაც უნდა მოხდეს, რუმინეთს უნდა მოვუგოთ და დანარჩენებთან ვიბრძოლოთ. უძლიერესი სამი გუნდია ჩვენს ჯგუფში თავმოყრილი - არგენტინა, ინგლისი და შოტლანდია, ამიტომ, უეჭველად მოვუგებთ-მეთქი, ვერ ვიტყვი.
- რამდენად რეალურია შოტლანდიის ნაკრების დამარცხება?
- მოსაგებად გავალთ მინდორზე, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - შოტლანდიელებს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ყავთ. პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ძალიან რთული მატჩი იქნება, ხოლო ჩვენი გამარჯვება - დიდი სენსაცია.
- როგორ მოერგნენ გუნდს ახალგაზრდა, შედარებით გამოუცდელი მორაგბეები?
- შერწყმა შესანიშნავად მოხდა. ბიჭები გუნდში შინაურულად გრძნობენ თავს. ახალგაზრდებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და არც ვარჯიშებზე ზოგავენ თავს.
- რომელი სათამაშო კომპონენტი მიგაჩნიათ ჩვენი ნაკრების ძლიერ მხარედ?
- ადრე ითვლებოდა, რომ შერკინება იყო ყველაზე ძლიერი, ახლა გუნდი კოლექტიურ რაგბის თამაშობს. მოხდა შერწყმა - უკანახაზელების და შერკინების. შერკინებით მოპოვებული უპირატესობა უკანახაზელებმა შესაბამისად უნდა გამოიყენონ.
- არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ნაკრების შერკინების მეორე ხაზი შედარებით სუსტია...
- სუსტი ნამდვილად არაა, შეიძლება ყველაზე მაღლები არ არიან, მაგრამ თუ ჩვენ პრობლემები შეგვექმნება, მაშინ ჩვენც შევუქმნით ჩვენს მოწინააღმდეგეებს პრობლემებს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არ გვქონდეს სუსტი წერტილები. ინტენსიურად ვმუშაობთ.
- ტარდება თუ არა თეორიული მეცადინეობა და რა ინფორმაცია გაქვთ მოწინაამღდეგე გუნდებზე?
- არა, ჯერ არ დაწყებულა. ჩვენი სამივე მწურთნელი მიემგზავრება შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებების ტესტმატჩებზე დასასწრებად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება თეორიული მეცადინეობები.
- ნაკრების კაპიტანი ხართ, თქვენთან ერთად ვის მიიჩნევთ გუნდის ლიდერებად?
- ძველი გვარდია - ზირაქაშვილი, გორგოძე, ზედგინიძე, კვირიკაშვილი, მაჩხანელი – მოკლედ, ის ხალხი, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს.
- რას პირდებით ქართველ ქომაგებს?
- ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარად. ღირსეულად ვატარებთ ჩვენი ნაკრების მაისურს და არ შევლახავთ ერის ღირსებას. აქვე მინდა, სამადლობელი სიტყვები ვთქვა მათი მისამართით, ვინც გვერდით გვიდგას და გვგულშემატკივრობს.
ალექსანდრე პაიკიძე