ინტერვიუები

10:54 | 24.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

იოზეფ ბლატერი: “ახალი ტერიტორიების ათვისება გრძელდება”

გასული წელი მსოფლიო ფეხბურთისთვის განსაკუთრებული და უჩვეული იყო. მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა აფრიკის კონტინენტმა, ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ის ქვეყნები დაასახელა, რომლებიც 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებს უმასპინძლებენ. ეს პატივი ისეთ ქვეყნებს ხვდათ, რომელთაც აქამდე, მსგავსი დიდი ღონისძიებისთვის არასდროს უმასპინძლიათ და ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, ამ და სხვა საკითხებზე, საკუთარი ორგანიზაციის ოფიციალურ საიტს ვრცლად ესაუბრა.
იოზეფ ბლატერი: ეს წელიწადი ისტორიაში შევა. მე მას “ჩანაფიქრთა ასრულების წელიწადს” დავარქმევდი, რადგანაც საკუთარი გეგმების სრულად განხორციელების საშუალება მოგვეცა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, თავისთავად იქცა ბრწყინვალე მიღწევად, რადგანაც ფენომენალური გავლენა იქონია მთელს მსოფლიოში ფეხბურთის განვითარებაზე. მან ახალი ჰორიზონტი გახსნა, მისი ეკონომიკური მიღწევების შეფასება კი, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
როდესაც 2004 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სამხრეთ აფრიკას მიენიჭა, ბევრს ეს გადაწყვეტილება უცნაურად ეჩვენა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ქვეყნისთვის პლანეტის პირველობის ჩატარებას. სამხრეთაფრიკელებმა გამოწვევა მიიღეს და ინვესტორების მიზიდვა მოახერხეს. მას შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა დაიწყო, მიუხედავად მსოფლიოს ფინანსური კრიზისისა, ეროვნული ვალუტა გამყარდა, ქვეყანა შევიდა G20-სა და IBSA-ში (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთთანამშრომლობას), გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს წევრი.
ჩვენ განვაგრძობთ სოციალური პროგრამების განხორციელებას “ფეხბურთი გვჩუქნის იმედებს” მოძრაობის ფარგლებში, რომელიც მიმართულია განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, არამედ მთელი აფრიკის რეგიონში.
- როგორი იყო ეს წელიწადი აფრიკისთვის მხოლოდ საფეხბურთო კუთხით?
- სიმართლე გითხრათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფსა და 1/4-ფინალში, აფრიკის კონტინენტიდან უფრო მეტი წარმომადგენლის გასვლას ველოდი. ამასთან, განის ეროვნულ გუნდს ნახევარფინალში გასვლამდე სულ ცოტა დააკლდა. გულდაწყვეტილი ვიყავი. მეორე მხრივ, კონგოს “მაზემბე”, აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გავიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიო ფეხბურთში სუსტი სანაკრებო გუნდები აღარ დარჩა, რადგანაც ეროვნული გუნდების დონე მუდმივად იზრდება. აი, საკლუბო დონეზე კი, სხვაობა უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ იქცა “მაზემბეს” წარმატება ასეთ სიურპრიზად. მათ ტურნირიდან კონკაკაფის ჩემპიონი მექსიკური “პაჩუკა” და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ბრაზილიური “ინტერნასიონალი” გამოთიშეს. აფრიკელებმა ორივე შემთხვევაში დამსახურებულად გაიმარჯვეს. მართალია, მათ ფინალში იტალიურ “ინტერთან” ვერაფერი გააწყვეს, მაგრამ მთლიანობაში, შედეგი ძალიან წარმატებული იყო. ჩემი აზრით, კონგოელები ფინალში გასვლამ ისე გაახარა, რომ თავად შეხვედრას მოუმზადებლები შეხვდნენ და მუხტი აღარ ეყოთ.
- რას ფიქრობთ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ორგანიზატორი ქვეყნების არჩევანზე?
- გეოპოლიტიკისა და სპორტული განვითარების კუთხით, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. მსოფლიოს თასი ახალ ტერიტორიებზე გავამგზავრეთ, ის ახალ ჰორიზონტზე გაიშლება. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპაში, ისეთ დიდ ქვეყანაში ჩატარდება, როგორიც რუსეთია, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ყატარი უმასპინძლებს - არაბული სამყაროს წარმომადგენელი. მსოფლიო თასი ახალ რეგიონებში ახალ კულტურას გახსნის და ეს ძლიერ მახარებს.
- იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი?
- მის გასაცნობიერებლად, აუცილებელია, რომ ფეხბურთისა და ფიფას განვითარებას ყურადღებით გადავავლოთ თვალი. ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ჩემმა წინამორბედმა ჟოაო აველანჟმა თქვა, რომ ფეხბურთი მსოფლიო სპორტი გახდა. მაგრამ მისი განვითარებისთვის, აუცილებელი იყო სპონსორების მოძიება, რადგანაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, იმ მომენტისთვის ერთი ცენტიც კი არ გააჩნდა. მე ამ პროცესში 1974 წელს ჩავერთე და მალევე მივხვდი, რომ ფეხბურთი უფრო მეტი იყო, ვიდრე ბურთით თამაში. როდესაც ფიფას სათავეში მოვედი, აზიაში ფეხბურთის განვითარების გადაწყვეტილება მივიღეთ. მოგვიანებით, დავაყენე წინადადება, რომ ეს პროცესი აფრიკაში გაგვეგრძელებინა და დასახული ამოცანა შევასრულეთ კიდეც. ბუნებრივია, რომ ახლა, განვითარების პროცესს ახალ რეგიონებში ვაგრძელებთ.
- შეგიძლიათ თუ არა, გაიზიაროთ სხვა კანდიდატების იმედგაცრუება?
- დიახ, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ფეხბურთში წაგებაც უნდა იცოდე. ეს ხომ შეჯიბრია. ზოგი იგებს, ზოგი აგებს და ეს ნორმალური პროცესია.
- პრესაში გავრცელებულ კრიტიკაზე რა აზრის ხართ?
- სპორტული საინფორმაციო საშუალებები, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიღების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში არ ფიქრობენ ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ და კულტურულ მიმართულებაზე. მათ აინტერესებთ მხოლოდ თერთმეტმეტრიანი, კუთხური, მსაჯობა და ფული. ადრეც განვაცხადე და კვლავ გავიმეორებ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ფინანსურ საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- მომდევნო კითხვას თავადვე შეეხეთ. როგორია ფეხბურთის სოციალური როლის თქვენებური ხედვა?
- თამაშის სოციალურ-კულტურული გავლენა ჩვენი საზოგადოების მომავალზე, ჩემთვის ახლო თემაა. ფიფას უახლოეს კონგრესზე, რომელიც 7 იანვარს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ. ფეხბურთი მთელს მსოფლიოში ვითარდება და ჩვენ უნდა გავაფართოვოთ “ფეხბურთი გვჩუქნის იმედებს” პროგრამა. “იმედი” კარგია, მაგრამ საჭიროა რეალური საქმე. აუცილებელია, ჩვენი პროექტები დავიცვათ, თვალყური ვადევნოთ მის შესრულებას და მივაღწიოთ განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი ორგანიზაციების მხარდაჭერას.
- ფიფას მისია “თამაშის განვითარება, მსოფლიოზე ზეგავლენა და უკეთესი მომავლის აშენებაა”. კიდევ რა არის აუცილებელი ამის გასაკეთებლად?
- ჩვენ “ვანვითარებთ თამაშს” და განვაგრძობთ ამის კეთებას. ეს პროცესი არასდროს შეწყდება. “ზეგავლენას ვახდენთ მსოფლიოზე”, რადგანაც ჩვენ უკვე ყველგან ვართ. რაც შეეხება “უკეთესი მომავლის შენებას”, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთესი მსოფლიოს აშენებას”, ამ კუთხით მუშაობას განვაგრძობთ.
- როგორია თქვენი საახალწლო გზავნილი?
- ფეხბურთი თამაშზე მეტია, მაგრამ, ამასთან, ის მაინც თამაშად რჩება. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი მისი დადებითი თვისებებისგან, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმუმი საკუთარი ცხოვრებისგან. სწორედ ასეთია ჩემი გზავნილი მსოფლიოში ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისადმი.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.136196