ინტერვიუები

10:16 | 7.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “ინგლისელთაგან და არგენტინელთაგან განსხვავებით, ესპანეთი მინიმალურ შეცდომებს უშვებს”

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ესპანეთს ტურნირის ფინალში დაუპირისპირდა და მაშინ, პირენელებმა ფერნადო ტორესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. 2 წლის შემდეგ, გუნდებს დაპირისპირება უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში უწევთ და ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი თვლის, რომ მის შეგირდებს წარმატების მიღწევის გაცილებით დიდი შანსი აქვთ. თუმცა, მას კარგად აქვს შეგნებული, რა დონის მეტოქეს ხვდება და ალბათ, აქედან გამომდინარეა, რომ ჟურნალისტებთან საუბარში ესპანელებისთვის კომპლიმენტებია არ დაუკლია.  
- ევრო-2008-ის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღება თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
- რევანშისტული განწყობა არ მაქვს. ამასთანავე, აღნიშნული ტურნირების შედარება არასწორია. ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციია. პირველყოვლისა იმიტომ, რომ მას შემდეგ ჩვენი გუნდი გაცილებით გაძლიერდა. ახლა ყველა საფუძველი გვაქვს, რომ 1/2-ფინალში ესპანელთა დამარცხებაზე ვიფიქროთ. როდესაც ასე ვსაუბრობ, მეტოქეს არ ვაკნინებ – ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა თავისი მაღალი კვალიფიკაცია, როგორც შესარჩევ ტურნირზე, ასევე, სამხრეთ აფრიკაში დაამტკიცა. მინდა ვთქვა, რომ არგენტინასთან შედარებით, ესპანეთს ერთი კი არა, რამდენიმე მესი ჰყავს. პირველყოვლისა, მხედველობაში შეტევის ხაზი მაქვს, სადაც თითოეულ ფეხბურთელს თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ინგლისელთაგან და არგენტინელთაგან განსხვავებით, ესპანეთის ნაკრები მინიმალურ შეცდომებს უშვებს. მის რიგებში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც “ბარსელონასა” და “რეალში” თამაშობენ, მაგრამ ამავე დროს, გუნდი კოლექტიურადაც კარგად ირჯება, კომპაქტურად და ორგანიზებულად მოქმედებს.  
- გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს რით ჰგავს?
- ჩემი აზრით, ორივე გუნდი, არა ფიზიკური მომზადებისა და ძალის, არამედ, მოქნილი ტაქტიკისა და ლამაზი თამაშის ხარჯზე იგებს. ახალგაზრდა კოლექტივი გვყავს, მაგრამ არ მგონია, ამის გამო პრობლემები შეგვექმნას. ყოველ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ გუნდს გამოცდილება აკლია. პირიქით, საინტერესოა, თუ რისთვის ვიბრძოლებთ მიმდინარე ტურნირში. ამასთანავე, აბსოლუტურად სულერთია, საბოლოოდ რომელ ადგილს დავიკავებთ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ახლა ჩემპიონობა უფრო მეტად გვინდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ ტიტულს ვიგებდით ხოლმე.
- მეტოქე კარგად შეისწავლეთ?
- გასულ წელს, სხვადასხვა ეროვნული გუნდების მიერ ჩატარებული ბევრი თამაში ვნახე და ვცდილობდი, ჩემი ნაკრებისთვის მათგან საუკეთესო ამეღო. ცხადია, დიდ ყურადღებას ვუთმობდი ინგლისსა და მის ჩემპიონატს, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფეებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო ყურადღება მიმექცია ესპანური ლიგისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ესპანელთა ძალა რაა? ისინი ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ. საუცხოო პასის კულტურა აქვთ და მოედანზე კი არ მუშაობენ, არამედ თამაშობენ. შეხედეთ, რას აკეთებს “ბარსელონა”. მასთან შედარებით დანარჩენი კლუბები გამოუცდელ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც ნელა დარბიან და ზოგჯერ საერთოდ სძინავთ. “ბარსელონას” მსგავსი ახასიათებს ესპანეთის ნაკრებს - როგორი სიმსუბუქით თამაშობენ ისინი ფეხბურთს. თუმცა, ყველაფერი ისეთი ადვილი არაა, როგორც ერთი შეხედვით სჩანს. როგორც მწვრთნელს, მესმის, რის ხარჯზე აკეთებენ ამას ესპანელები. შესაძლოა, ასეთი წარმატებით არა, მაგრამ ჩვენი გუნდიც კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.
- გუნდში ბასტიან შვაინშტაიგერს რა როლი ეკისრება?
- ბოლო 2 წლის განმავლობაში, მან ძალიან მოუმატა და კლუბშიც მეტ წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა, მან თავი ჯერ კიდევ ევრო-2008-ზე გამოავლინა, მაგრამ ახლა უფრო მომწიფებული ფეხბურთელია, მითუმეტეს, რაც წლეულს “ბაიერნთან” ერთად საუცხოო შედეგს მიაღწია. ბუნებრივია, ის ნაკრებშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ვცდილობთ, განსაკუთრებული ყურადღება კონცენტრაციის საკითხს დავუთმოთ, რომელიც მთელი კოლექტივისთვის მნიშვნელოვანია. ბასტიანს საკუთარი როლი საუცხოოდ აქვს გაცნობიერებული და ვგრძნობ, რომ მას ჩემი კარგად ესმის. ის მიღწეულით კმაყოფილია, მაგრამ მეტი უნდა. ეს კი, ამ ფეხბურთელის კვალიფიკაციაზე მეტყველებს. ჩვენ ყველას გვსურს ჩემპიონატის მოგება და მათ შორის, შვაინშტაიგერსაც.  
- ნახევარფინალურ მატჩში მოსალოდნელია რამდენიმე დუელი – კლოზე და ვილია, ასევე, შვაინშტაიგერი და ხედირა, ხავისა და ინიესტას წინააღმდეგ. უპირატესობას ვის მიანიჭებდით?
- ვფიქრობ, თავდამსხმელების შედარება არ ღირს – თითოეული მათგანი თავისებურად კარგია. კლოზე ცენტრში მოქმედებს, ხოლო ვილია ამჯობინებს უფრო ფლანგიდან შეუტიოს. ორივე სიღრმიდან უტევს და დაამტკიცეს, რომ დამამთავრებელ ფაზაში საუცხოო ოსტატობას ფლობენ. ესპანელთა მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა ვილიას ანგარიშზეა. ინგლისელთა და არგენტინელთაგან განსხვავებით, ის ფაქტობრივად, შეცდომებს არ უშვებს, ხოლო ფინტებს წარმოუდგენელი სიმსუბუქით ასრულებს. მას ცენტრში უნდა შეხვდე და სივრცე არ მისცე. ნახევარდაცვაში მეტოქეს შეთამაშებული დუეტი ჰყავს, ხავისა და ინიესტას სახით, რომლებიც “ბარსელონაში” ერთად დიდი ხანია თამაშობენ. თუმცა, არც ხედირასა და შვაინშტაიგერისთვისაა პირველი მოედანზე ერთად გამოსვლა. მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდება, თუ როგორ გამოიყენებენ ეს დუეტები საკუთარ პლუსებს. ხავისა და ინიესტას ძალიან კარგი პასის გაკეთება შეუძლიათ, ჩვენ კი, ამ კომპონენტში მათ არ უნდა ჩამოვრჩეთ და შეცდომები არ უნდა დაუშვათ. პირიქით, მეტოქე უნდა ვაიძულოთ, რომ შეცდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ.  
- გერმანიის ნაკრების 23-ვე ფეხბურთელი ბუნდესლიგაში თამაშობს. ეს უპირატესობას გაძლევთ?
- ამაში არავითარ უპირატესობას არ ვხედავ. სრულიად ნორმალური მოვლენაა, როდესაც ფეხბურთელები საზღვარგარეთ თამაშობენ. ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი ამის კარგი მაგალითებია. ჩვენი ლიგა კარგია და ფეხბურთელებსაც, როგორც ხელის გულზე, ისე ვაკვირდები. თუმცა, საზღვარგარეთ თამაში ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იძლევა. კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, ის უფრო ძლიერი იქნებოდა, რამდენიმე ფეხბურთელს სხვა ჩემპიონატებში რომ ეთამაშა.  
- თქვენს მომავალთან დაკავშირებით რაიმე გაირკვა?
- ამას მთელი ტურნირის განმავლობაში მეკითხებიან და მინდა, რომ ეს კითხვა გარკვეული ხანი მაინც აღარ დამისვან. მსგავს თემებს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა შეეხო. მე უკვე ვთქვი – გუნდთან ერთად ვმუშაობ და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. ახლა, ასი პროცენტით, მიმდინარე ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ამ საკითხის დიდი ხნის გადადებაც არ ღირს, რადგან ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრებში მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან განვლილ პერიოდში ბევრი რამ გავაკეთეთ. გერმანულ ფეხბურთს განვითარების კონცეფცია აქვს, რომელშიც ნაკრები საკვანძო როლს თამაშობს. დღესდღეობით, გუნდი მოძრავია, ადვილად გასაწვრთნელია, ძალიან მოტივირებულია და თამაშსაც აჩვენებს. თუმცა, განვითარება უნდა გაგრძელდეს.
- შეძლებთ ისეთივე ძლიერი ნაკრების შექმნას, როგორიც გერმანია ოდესღაც იყო?
- შედარება არ მიყვარს. გუნდი, რომელმაც 1972 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები იყო. ის ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებდა. თუმცა, ამჟამად ადრინდელზე მეტ როლს ათლეტიზმი ასრულებს და ფეხბურთიც შესამჩნევად შეიცვალა. მინდა, ჩემი გუნდი წინამორბედთა მსგავსი სიმსუბუქით თამაშობდეს. ამისათვის, როგორც ფიზიკურად, აგრეთვე ტექნიკურად მომზადებული ფეხბურთელები გვყავს. თამაშის სურვილი და ხასიათი – თანამედროვე ფეხბურთში ადგილის დამკვიდრების საფუძველია, მაგრამ ამავე დროს მინდა, რომ ჩვენი ფეხბურთი უფრო თავისუფალი და მსუბუქი გახდეს. ამიტომ, ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ მოედანზე არა მხოლოდ დასახული გეგმით იმოქმედონ, არამედ, მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც მიიღონ.
- მომავალ თამაშზე თქვენს იღბლიან ლურჯ სვიტერს ჩაიცმევთ?
- რა თქმა უნდა. კეპკეც და ბირჰოფიც მეუბნებიან ხოლმე, რომ მას როდესაც ვიცვამ, 4 გოლი გაგვაქვს. ამიტომ, უკვე გასარეცხადაც არავის ვაძლევ (იცინის).  
- ვარჯიშებზე ვუვუზელებს რატომ არ კრძალავთ?
- ხმის იოგებს ვავარჯიშებთ, რომ ფეხბურთელებმა ხმაურის მიუხედავად, თამაშის დროს მოედანზე ჩვენი ხმა მაინც გაიგონ.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.131167