ესპანეთისა და პარაგვაის ნაკრებთა სამეოთხედფინალო დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ ანდრეს ინიესტა დაასახელეს. “ბარსელონას” შუახაზელის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს – ბოლოს და ბოლოს, შეხვედრის ერთადერთი გოლი ანდრესის სოლო რეიდსა და ბრწყინვალე პასს მოჰყვა, თუმცა, “ფურია როხას” მიერ ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაში განუზომლად დიდი როლი გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა ითამაშა. “რეალისა” და ვისენტე დელ ბოსკეს სელექსიონის გოლკიპერმა ჯერ ოსკარ კარდოსოს პენალტი აუღო, მატჩის მიწურულს კი საკუთარივე უზუსტო თამაში გამოასწორა და როკე სანტა კრუსის ახლო დისტანციიდან დარტყმული გააუვნებელყო.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში იოლი მატჩი ძნელად წარმოსადგენია, თუმცა, საერთო აღიარებით პარაგვაისთან ფავორიტად ითვლებოდით და გულშემატკივართა უმრავლესობის მოულოდნელად ურთულესი ასპარეზობა გადაგხდათ ნახევარფინალისკენ სავალ გზაზე...
- მძიმე მატჩის მოლოდინში ვიყავით და მსაჯის სასტარტო სასტვენამდე არც ერთ ჩვენგანს ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, პარაგვაის ბარიერს უმტკივნეულოდ რომ დავძლევდით, მაგრამ გამოგიტყდებით – გულის სიღრმეში მოგების გვწამდა. თამაში კი უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოვიდა. ისე ვნერვიულობდი, შიშისგან ისიც კი გავიფიქრე, ინფარქტს არ დაერტყა. ხერარდო მარტინოს გუნდი მუნდიალს კარგად მომზადებული შეხვდა. მართალია, პარაგვაელები მაყურებლისთვის მიმზიდველ, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს არ თამაშობენ, მაგრამ კარგად აწყობილი დაცვის ხაზი აქვთ და მოწინააღმდეგეს იოტისოდენა შეცდომასაც არ პატიობენ. ჩვენთან წაგების მიუხედავად, “გუარანიმ” სამხრეთ აფრიკის ტურნირი თამამად შეუძლია აქტივში ჩაიწეროს. ვულოცავ პარაგვაის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას – მეოთხედფინალში გასვლით და ამ ეტაპზე სოლიდური ასპარეზობით მათ მონდომება და გაწეული შრომა დაუფასდათ.
- ესპანეთის ნაკრების თამაშზე რას გვეტყვით, “ფურია როხასგან” უფრო დამაჯერებელ გამოსვლას ელოდნენ...
- საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა, ნახევარფინალში გავედით, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა. ჩემმა პარტნიორებმა გულიანად, კარგ დონეზე ითამაშეს. შეხვედრის მიწურულს დამატებითი რეზერვები ჩავრთეთ და გადამწყვეტ უპირატესობას მივაღწიეთ. თუმცა, ესპანეთის ნაკრებს უკეთ თამაში ნამდვილად შეუძლია, რასაც ნახევარფინალში შევეცდებით.
- გერმანელებთან დაპირისპირებაზე საუბრამდე გაგვიმხილეთ, რის ხარჯზე მოახერხეთ პენალტის მოგერიება?
- ამ მხრივ ერთი დიდი უპირატესობა მქონდა ოსკარ კარდოსოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ევროპის ლიგაზე კარდოსოს “ბენფიკა” პეპე რეინას “ლივერპულს” შეხვდა. ლისაბონში ლუზიტანელებმა 2:1 სძლიეს მერსისაიდელებს და მასპინძელთა ორივე გოლი კარდოსომ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. რეინამ მითხრა, რომელი კუთხის მიმართულებითაც გაუშვებდა ბურთს კარდოსო, ასე რომ, წინასწარ ვიცოდი, საითაც უნდა გადავმხტარიყავი. დარტყმამდე კარდოსოს შევხედე და აშკარად ჩანდა, რომ იგი ძალიან ნერვიულობდა. არცაა გასაკვირი – მან უზარმაზარი პასუხიმგებლობა იტვირთა.
- ნახევარფინალში კიდევ უფრო რთულად დასაძლევ მოწინააღმდეგესთან გექნებათ საქმე...
- გერმანელებმა ინგლისი და არგენტინა შთამბეჭდავად გაიარეს. იოაჰიმ ლიოვს ახალგაზრდა და თამამად შეიძლება ითქვას, მიმდინარე მუნდიალზე საუკეთესო გუნდი ჰყავს. ჩემი აზრით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში გერმანიას ევროპაში საუკეთესო ნაკრები ეყოლება. მანამდე კი წლევანდელი მუნდიალის ნახევარფინალია ჩასატარებელი და არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუკი ის ანგარიში გამეორდება, რაც ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ იყო. ასე რომ მოხდეს, ჩვენი ოსტატობის მაქსიმუმის ჩვენების გარდა, ხასიათის სიმტკიცის მაქსიმალური გამოვლენაც გვმართებს.
გოჩა კაჭარავა