ინტერვიუები

17:02 | 11.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: “ნაკრების ყოველ შეკრებას ისე აღვიქვამ, როგორც ბოლოს”

შაბათს “უემბლიზე” ინგლისისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს შორის გასამართი შეხვედრა პირენელთა მეკარე იკერ კასილიასისთვის ისტორიული იქნება. საქმე ისაა, რომ 30 წლის გოლკიპერი ნაკრებში 126-ე მატჩს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით, ლეგენადარულ ესპანელ მეკარეს ანდონი სუბისარეტას გაუტოლდება. კასილიასს ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო გუნდში დებიუტი 2000 წლის 3 ივნისს შვედეთთან ჰქონდა და მას მერე, მან პირენელებთან ერთად ჯერ ევროპის ჩემპიონატი (2008) მოიგო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე (2010) გაიმარჯვა.
გთავაზობს ინტერვიუს, რომელიც კასილიასმა ესპანურ გამოცემა AS-ს მისცა.
- მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა “სამეფო თასი” მოიგო, ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, კრიშტიანუმ “პიჩიჩის” ტიტული მიიღო, ისე ჩანს, რომ განვლილი სეზონი თქვენთვის  “ბარსელონასთან” ჩატარებული თამაშების გამო გაფერმკთალდა...
- ვისაც არ უნდა ეწყინოს, “რეალი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმეს ეჩვენება, რომ გასულ სეზონში არაფრისთვის მიგვიღწევია. ჩემთვის რომ ეთქვათ, ეს აბსოლუტურად ახალი და ახალგაზრდული გუნდი, ახალი მთავარი მწვრთნელით, ჩემპიონატში მეორე ადგილს დაიკავებს, ესპანეთის თასს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავაო, ამას უდავოდ დავიჯერებდი. ახლა წარსულის გახსენებას არ ვაპირებთ და მომავალზე ვფიქრობთ. მნიშვნელოვანია, რომ ორი წლის განმვალობაში ერთი გუნდის ჰეგემონია იყო, რასაც ბოლო მოეღო.
- ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ამდენი “კლასიკო” ევროპის ჩემპიონატის წინ ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელების ურთიერთობაზე იმოქმედებდა. ამის შესახებ რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა რაღაცაზე უნდა ილაპარაკონ და ახლა მათ ნაკრებზე საუბრის მიზეზი აქვთ. ხალხს ასეთ რამეებზე ლაპარაკი მოსწონს, რადგან ჭორები უყვართ. მე არავის ნებართვა არ მჭირდება, რომ ჩავისთან, პუიოლთან ან ვალდესთან ერთად ვივახშმო. ამას, როდესაც და ვისთანაც მინდა, მაშინ გავაკეთებ. როდესაც ისინი თავის გუნდში თამაშობენ, მაშინ საკუთარ ინტერესს იცავენ, როდესაც მე ჩემს გუნდში ვთამაშობ, ჩემს ინტერესებს ვიცავ. მე პროფესიონალი ვარ და როდესაც ნაკრების მაისური მაცვია, მესმის, რომ 46 მილიონი ადამიანი ღირსეულად უნდა წარმოვადგინო.  
- ნაკრებში ყველაზე კარგი ურთიერთობა ვისთან გაქვს?
- მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უფრო ახლოს ვარ მათთან, ვისაც უკვე დიდი ხანია ვიცნობ – პუიოლი, ჩავი, რამოსი.
- ამის შესახებ ვისენტე დელ ბოსკე რას ამბობს?
- ვისენტე ყოველთვის ისე აზროვნებს, როგორც მამა და ბაბუა. მან მითხრა, რომ პრობლემის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ყველაფრის გადაწყვეტა შეგვიძლია.
- მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება დაგრჩათ, რომ სუბისარეტას გაუტოლდეთ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 126 შეხვედრა ითამაშა. ამ მაჩვენებლით თქვენ ესპანეთის ნაკრების არსებობის ისტორიაში ლიდერები ხართ...
- როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ, მსგავს რიცხვებზე არ ფიქრობ. ისევე, როგორც ეროვნულ გუნდში ჩატარებული პირველი მატჩების მერე. ჩემთვის ნათელია, რომ განვლილი 11 წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული საერთაშორისო შეხვედრები დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იმედია, წინ კიდევ ბევრი თამაში მელის.   
- თქვენი კარიერის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ყველაზე მეტად რა გახსენდებათ?
- მსურს, პარტნიორებს მადლობა გადავუხადო, რომ ისინი დამეხმარნენ უკეთესი გავმხდარიყავი, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. მხოლოდ მათზე არ ვსაუბრობ, ვინც ახლა ნაკრებშია. ყველას ვიხსენებ, ვისთანაც ნაკრებში ერთხელ მაინც მითამაშია.
- რა გეხმარებათ ამდენი ხნის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე თამაშში?
- ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი მომენტისგან სიამოვნება მივიღო. ეროვნული გუნდის თითოეულ შეკრებას ისე აღვიქვამ, როგორც ბოლოს. თავიდანვე ასეთი პოზიცია მქონდა და ჩემი აზრით, სწორედ ეს დამეხმარა წარმატების მიღწევაში.
- ესპანეთის ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ, უკვე შედგა. თქვენი სათამაშო მაისური აბსოლუტურად ყვითელია და მხოლოდ მკერდზე გასდევს შავი ზოლი. ცრუმორწმუნე ხართ?
- არა. ამ ფერს ჩემთვის წარმატება მოაქვს და მსურს მომავალშიც ასე გაგრძელდეს. ცხადია, ახალი სათამაშო ფორმით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩვენი წარმატების განმეორება რთული იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი ფორმა, ჩემ შემთხვევაში ყვითელი, ახალი ტიტულების მოპოვების შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე კარგად გამოჩნდება. ეს საუცხოო იქნება.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.116791