ფეხბურთი

16:29 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილმა გელაშვილს მიულოცა

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში, ბაქოს “ინტერის” შემტევის ალექსანდრე იაშვილის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბაქოელები საკუთარ მოედანზე აგდამის “ყარაბაღთან სადაც ნიკა გელაშვილი ირჯება, 1:2 დამარცხდნენ. კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, იაშვილმა აღნიშნა, რომ მის გუნდს დამამთავრებელ ფაზაში ზუსტი პასი არ ჰყოფნიდა.

- სეზონის პირველი მატჩის შესახებ რას იტყვით?

- თამაში არცთუ ცუდად დავიწყეთ. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ მატჩის სცენარი შეიცვალა. “ყარაბაღმა” თავისი მომენტები გამოიყენა და გაიმარჯვა. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. უბრალოდ, “ყარაბაღმა” ჩვენგან განსხვავებით შექმნილი მომენტებით ისარგებლა.

- წაგების მთავარ მიზეზად რას მიიჩნევთ?

- პირველ ტაიმში მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით. “ყარაბაღმა” ჩვენს კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა. თუმცა, შემდეგ უხეში შეცდომები დავუშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა.

- მეორე ტაიმში “ინტერმა” ისეთივე რიტმში რატომ ვერ ითამაშა, როგორც პირველში?

- ვფიქრობ, ბოლო ზუსტი პასი არ გვყოფნიდა. გარდა ამისა, სტანდარტული სიტუაციები უფრო კარგად უნდა გამოგვეყენებინა. მეტოქის კარში მეტჯერ უნდა დაგვერტყა.

- მეტოქის შემადგენლობაში მოედანზე ნიკოლოზ გელაშვილი გამოვიდა, რომელთან ერთადაც გერმანულ “ბოხუმში” თამაშობდით. საინტერესოა, განვლილ მატჩზე თუ ისაუბრეთ? ყოფილ თანაგუნდელს გამარჯვება მიულოცეთ?

- თამაშამდე ამ თემაზე არ გვისაუბრია. ჩემი აზრით, ნებისმიერ მატჩს სრული კონცენტრაციით უნდა მიუდგე. ვფიქრობ, მატჩის შესახებ მისი დასრულების შემდეგ უნდა ილაპარაკო. რა თქმა უნდა, თამაშის მერე გელაშვილს გამარჯვება მივულოცე. ასეთია ფეხბურთი, ვიღაც აგებს, ვიღაც იგებს.

- ახლა ამ მარცხის სწრაფად დავიწყება და წინსვლაა საჭირო...

- ბუნებრივია. გუნდს ამის გაკეთება უნდა შეეძლოს. მარცხი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ.

 

 

0.132534