ინტერვიუები

17:21 | 9.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიანიძე “სევასტოპოლის” საუკეთესო მცველად აღიარეს

24 წლის ქართველი მცველი მათე ღვინიანიძე კვლავ “სევასტოპოლშია” და როგორც თავად ამბობს, პირველ ლიგაში თამაშის პრობლემა არ აქვს. გეცოდინებათ, მათე წლეულს იანვარში გადავიდა გერმანული “მიუნხენ 1860”-დან უკრაინულ კლუბში, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდა.
საინტერესოა, რომ “სევასტოპლის” ფანების გამოკითხვით, ღვინიანიძე გუნდში სეზონის საუკეთესო მცველი გახდა. კლუბის საიტთან ქართველის ინტერვიუ სწორედ ამ თემით იწყება.
- გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მცველად დაგასახელეს გუნდში. თავად როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს “სევასტოპოლში”?
- თავად უკმაყოფილო ვარ. ძალიან მინდოდა პრემიერლიგაში დარჩენა, ეს გუნდის და მათ შორის, ჩემი მიზანიც იყო, მაგრამ ვერ შევასრულეთ. გუნდის საუკეთესო მცველი – ეს ჩემთვის სიახლეა და პირველად თქვენგან გავიგე. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი და ვპირდები მათ, რომ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ პრემიერლიგაში დასაბრუნებლად.
- ანუ, მომდევნო სეზონსაც “სევატოპოლში” გაატარებთ?
- ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ბევრჯერ მითქვამს, რომ “სევასტოპოლი” მიყვარს. ერთი დიდი ოჯახი ვართ და იმედი მაქვს, გულშემატკივრები პირველ ლიგაშიც ისე დაგვიჭერენ მხარს, როგორც პრემიერლიგაში. აქაურობა მიყვარს.
- კლუბის მიზანიც სწორედ პრემიერლიგაში გადასვლაა და ამიტომ დარჩნენ წამყვანი ფეხბურთელები. თქვენ რა ფაქტორმა გადაგაწყვეტინათ “სევასტოპოლში” დარჩენა?
- კლუბის ხელმძღვანელობამ დარჩენის საშუალება მომცა და ვხედავ, რომ სეზონისთვის მიზანი დასახულია. ლევანდოვსკისთან, დულიაისთან და სხვა ბიჭებთან ერთად შევეცდები, რომ პრემიერლიგაში დავაბრუნოთ კლუბი.
აქვე გეტყვით, რომ “სევასტოპოლმა” საკონტროლო შეხვედრაში “ბუკოვინასთან” 1:1 ითამაშა, ღვინიანიძემ კი 70 წუთი გაატარა მინდორზე.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.133433