ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი გასულ შაბათს ჰოლანდიიდან დაბრუნდა, სადაც უეფას სტანდარტების შესაბამისი, მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიარა. მას რიონისპირული კლუბის ოფიციალურმა საიტმა უცხოეთში ჩატარებული სემინარების შეფასება და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.
- ბატონო გურამ, ახლახანს დაბრუნდით ჰოლანდიიდან, სადაც სხვა ქართველ მწვრთნელებთან ერთად, უეფას მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მიიღეთ მონაწილეობა. გვაინტერესებს, როგორ ჩაიარა სწავლებამ?
- იქაური სემინარები ძირითადად მწვრთნელთა განვითარებას ეძღვნებოდა. ქართველი მწვრთნელები ამსტერდამის ტექნიკური მომზადების ცენტრში ვცხოვრობდით და ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქებში გვქონდა სასწავლო დანიშნულების გასვლები. ჩვენთან ერთად ცნობილი ფეხბურთელებიც გადიოდნენ მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესს. ამ სამდღიან მონაკვეთში სასარგებლო რჩევები მივიღეთ და კმაყოფილებიც დავრჩით.
- როგორი შინაარსის მეცადინეობები ჩაგიტარდათ?
- მეტი დრო ეთმობოდა თეორიული ხასიათის სემინარებს. გარდა ამისა, დავესწარით ვარჯიშებს იქაურ მწვრთნელთა ხელმძღვანელობით, რომლებსაც B კატეგორიის ლიცენზიები უნდა მიეღოთ და თან გვიხსნიდნენ, თუ რა დროს რომელ სათამაშო კომპონენტზე მუშაობდნენ. რაც, თავისთავად, საინტერესო იყო.
- მწვრთნელთა ყოველდღიური განაწესი რას მოიცავდა?
- დატვირთული განრიგი გვქონდა. ლექციები დილიდან იწყებოდა და საღამომდე გრძელდებოდა. დღეში ერთი პრაქტიკული გაკვეთილი იყო და რამდენიმე თეორიული ლექცია. ქართველებთან ერთად იყვნენ რუსეთის და ბულგარეთის წარმომადგენლებიც. ფაქტიურად, ამ სამი ქვექყნის დელეგაცია ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და ერთნაირი განრიგი გვქონდა.
- ლიცენზიის ასამაღლებლად კიდევ რა ეტაპებია საჭირო?
- დამრჩა მხოლოდ PRO-ლიცენზიის აღება. ამჟამად მაქვს A კატეგორიის ლიცენზია, რომელიც სამწლიანია და უნდა განახლდეს. ჩვენი ჰოლანდიაში ვიზიტი ამ მხრივაც საჭირო იყო, რათა ეს ე.წ. „რეფრეში“ მოგვეხდინა.
როგორც, საქართველოს ფედერაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, დამდეგ ზაფხულში შეიძლება საქართველოსაც მისცენ იმის ნებართვა, რომ PRO-ს მიღება ჩვენს ქვეყანაში შევძლოთ. ასევე, განახლებას საჭიროებს ეს კატეგორიაც გარკვეული დროის შემდეგ.
- გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი გუნდის თემებზე. თქვენს არყოფნაში, ეროვნული თასის მორიგი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. "ტორპედო" მეოთხედფინალში "ზესტაფონს" დაუწყვილდა.
- ჩემთან ერთად ქართულ დელეგაციაში „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილიც იყო. როდესაც კენჭისყრის შედეგები გავიგეთ, ვთქვით, რომ შედგებოდა მორიგი იმერული დერბი, რომელიც გულშემატკივრებს საინტერესო დაპირისპირებებით გაანებივრებს. ვფიქრობ, შანსები აბსოლუტურად თანაბარია.
- მიმდინარე საფეხბურთო უქმეებზე ამხანაგური მატჩის გამართვას ხომ არ გეგმავთ?
- დაგეგმილი გვქონდა „კოლხეთთან“ ჩვენს ბაზაზე თამაში, მაგრამ იმის გამო, რომ ფოთელებს „ზესტაფონთან“ გამოტოვებული მატჩი 15 ნოემბერს დაუნიშნეს, ეს ვარიანტი გამოირიცხა. პრობლემების გამო ამხანაგური მატჩის გამართვაზე არ დაგვთანხმდნენ სხვა უმაღლესლიგელი გუნდები. გვინდოდა, პირველი ლიგის გუნდებთანაც თამაში, თუმცა 13-14 ნოემბერს იქაც ტურის თამაშებია და აღარ გამოვიდა. ამიტომ გადავწვიტეთ, რომ ორმხრივი შეხვედრა ჩავატაროთ.
- ორკვირიანი საჩემპიონატო შესვენების შემდეგ, 20 ნოემბრიდან ფეხბურთით გამოწვეული ერთკვირიანი დაძაბული დღეები გელით. ჩემპიონატზე "დინამო", თასზე "ზესტაფონი" და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი "მერანთან".
- ჩვენ ყველა მატჩისთვის თანაბრად ვემზადებით. მესმის, რომ შინაგანად „დინამოსთან“ და „ზესტაფონთან“ განსაკუთრებული დატვირთვის თამაშები იქნება, თუმცა ჩვენ (მწვრთნელები და ფეხბურთელები) მოედანზე ყოველთვის ერთი მიზნით გავალთ და ეს მიზანი წარმატებულ თამაშში მდგომარეობს. მივესალმები ჩვენი გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ „ზესტაფონთან“ მატჩზე დასწრება უფასო იქნება. ჩვენ გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რაც შეეხება „მერანთან“ მატჩს, ბოლოდროინდელი შედეგებით, ეს გუნდი ყველასთვის სახიფათო მეტოქეა, მოდუნების საშუალება არ გვაქვს და ამ მატჩსაც ჩვეული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.