ფეხბურთი

23:21 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გულისყური “აკროპოლისისკენ”

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში 10 შესარჩევი ეტაპი ჩაუტარებია (5 ევროპის ჩემპიონატის და 5 მუნდიალის) და შემოდგომაზე მე-11 დაეწყება. მეტოქეებს მალე შევიტყობთ. 

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა კვირას საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, კონგრეს-ცენტრ "აკროპოლისში" თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს I არხი გადასცემს. 54 ნაკრები 9 ჯგუფად განაწილდება, თითოში 6 გუნდი იქნება. საფრანგეთიც იქნება კვალიფიკაციაში, ოღონდ ისინი სპარინგ-მატჩების სახით ითამაშებენ  I ჯგუფში მოხვედრილ ხუთივე მეტოქესთან და მათთან აღებულ-დაკარგული ქულები მეტოქეებს არ ჩაეთვლებათ. მოკლედ, ფრანგები კონკურსგარეშე იქნებიან. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ესპანეთი და გიბრალტარი, ასევე, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ქართველებიდან წილისყრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაესწრებიან.

კალენდარი შესარჩევი მატჩებისა:

2014 – 7-9  სექტემბერი, 9-11 ოქტომბერი, 12-14 ოქტომბერი, 14-16 ნოემბერი. 

2015 – 27-29 მარტი, 12-14 ივნისი, 3-5 სექტემბერი, 6-8 სექტემბერი, 8-10 ოქტომბერი, 11-13 ოქტომბერი. 

პლეი ოფის მატჩები: I – 12-14 ნოემბერი, II – 15-17 ნოემბერი. ფინალური ეტაპის წილისყრა – 12 დეკემბერს. ფინალური ეტაპი – 10 ივნისიდან 10 ივლისამდე.   

შესარჩევიდან ფინალურ ეტაპზე გასვლის სისტემაზე დაგვიწერია, თუმცა შეგახსენებთ: პირველ და მეორე ადგილებზე გასულები პირდაპირ მოხვდებიან. მათ შეუერთდება ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანიც, ხოლო დანარჩენი 8 ჯგუფის მესამეადგილოსნები პლეი ოფით გაარკვევენ 4 საუკეთესოს. საქართველო, გეცოდინებათ, მე-5 კალათაშია. აქვე, კალათებზე: 

1. ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, საბერძნეთი, პორტუგალია, რუსეთი, ბოსნია.

2. შვედეთი, უკრაინა, ხორვატია, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია.

3. სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, რუმინეთი, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ავსტრია, ჩერნოგორია.

4. სომხეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ისლანდია.

5. ბელარუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი.

6. ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი, ფარერები.

უნიკალური შანსია იმ მხრივ, რომ ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე “ბებერი კონტინენტის” ქვეყნების ლამის ნახევარი ითამაშებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისთვის იოლი ჯგუფი არცერთი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია – შეიძლება ყველაზე სასურველი და პირიქით, არასასურველი ვარიანტების ჩამოთვლა, თუმცა დაველოდოთ წილისყრას.

0.125741