ინტერვიუები

18:00 | 1.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

გოგუასა და სალუქვაძის მიმართ “ვოლგას” პოზიცია უცვლელია

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” გენერალურმა დირექტორმა სერგეი ანისიმოვმა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბისთვის ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის აკრძალვის მიუხედავად, გოგიტა გოგუას და ლაშა სალუქვაძის მიმართ არ იცვლება.
- რა კომენტარს გააკეთებთ “ვოლგას” პოზიციაზე გოგუასა და სალუქვაძის საქმესთან დაკავშირებით? ასევე, როგორ შეაფასებთ რუსეთის საფეხბურთო კავშირის მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერების კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა? ზამთრის შემდეგ რა შეიცვალა, როდესაც ფეხბურთელებთან დავა მოლაპარაკების პროცესს გაცდა?
- საქმე დღემდე სასამართლოში დევს განსახილველად. რუსეთის საფეხბურთო კავშირის დონეზე დავების გადაწყვეტის პალატამ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო. ამის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების იურისტებმა  მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტში აპელაცია შეიტანეს და ჩვენი დასჯა მოითხოვეს, რადგან საერთო იურიუსდიქციის სასამართლოს მივმართეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ფეხბურთელების მხარემ მოითხოვა სასამართლოში წასვლა, რათა მოთამაშეებს სხვა კლუბებში დარეგისტრირების საშუალება ჰქონოდათ. სამწუხაროდ, კომიტეტმა ჩვენს მიმართ სანქცია გამოიყენა და ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აგვიკრძალა. ჩვენ ვთვლით, რომ გოგუასთან და სალუქვაძესთან არსებული დავა ფეხბურთის ჩარჩოებს სცილდება და საფინანსო-სამეურნეო სფეროს ეკუთვნის.
- კლუბი ქართველი ფეხბურთელებისგან რას ითხოვს?
- იურიდიული პირი თავისი თანამშრომლებისგან ითხოვს ანგარიში ჩააბარონ გაწეულ ხარჯებზე. მითუმეტეს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ისინი ვალდებული არიან ეს გააკეთონ. ჩვენ გოგუას და სალუქვაძეს კონტრაქტის შესაბამისად ფულის გადახდაზე უარს არ ვეუბნებით. თუმცა, ამავე დროს მოთამაშეებს ვთხოვთ კანონი დაიცვან და საანგარიშო დოკუმენტები წარმოადგინონ. ჩაგვაბარეთ ანგარიში და ფული აიღეთ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ, ბოდიში და პასუხი აგონ.    
- კლუბის მიერ საკუთარი პოზიციების ასე პრინციპულად დაცვის მიზეზი რაა?
- ფედერალური კანონი ყოველთვის მაღლა დგას რეგლამენტებზე, მათ შორის რუსეთის საფეხბურთო კავშირის რეგლამენტზე. ვიმეორებ, ჩვენ შემთხვევაში საქმე საფინანსო-სამეურნეო დავას ეხება. არსებობს წინააღმდეგობები, რომლებშიც როგორც ხელმძღვანელი ვალდებული ვარ უპირველესად სწორედ რუსეთის კანონმდებლობით ვიხელმძღვანელო, რომელიც საფინანსო-სამეურნეო დავებს გარკვევით არეგულირებს. ამ შემთხვევაში პასუხს ვაგებ კანონიერებაზე და ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალეობაზე ვაგებ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.124558