საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ტარზან მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში დღეს დაწყებულ ტურნირზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ფინალამდე ისე მივიდა, მეტოქეებს ერთი ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.
ბრიტანელ თომას ჰოუტორნს 12:0 მოუგო, ბერძენი კოსტას გკოცისი საჭიდაოდ არ გამოუცხადდა, თურქი მურატ ერთურქი 13:0-ით ჩამოიცილა, ხოლო აზერბაიჯანელი ჰაჯიმურატ ომაროვი - 10:0-ით.
ფინალში მაისურაძეს უკრაინელ ოლექსეი შერბაკთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდა და 2:1 იმარჯვა.
გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან, ტარზან მაისურაძის გარდა, ფინალში 60 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ბრეგაძეც გავიდა, მაგრამ უმაღლეს ტიტულამდე რუსეთის ნაკრების წევრმა იმამ აჯიევმა არ მიუშვა (0:10) და ვერცხლს დააჯერა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე ბრეგაძემ ბერძენი პატიოს პაპადაკისი (4:0), გერმანელი დავიდ ვოლნი (12:4) და უკრაინელი ივან ბილეიჩუკი (11:7) დაამარცხა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 50 და 96 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით საქმეში ალექსანდრე კილაძე (50 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
კილაძე ძირითად ბადეში ბულგარელი მილენ იანკოვის ძლევის (5:3) შემდეგ, მოლდოველ ივან ზამფიროვთან ვეღარას გახდა (9:23). მალევე რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, მაგრამ იქ გერმანიის ნაკრების წევრ ვიქტორ ლიზენთან წააგო (2:12).
ნოდარ კურტანიძე, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ლუკა კურტანიძის ვაჟია, ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, თურქ იუსუფ ზეიბეკთან მარცხით (1:6). იქამდე კი ბულგარელი სტეფან გეორგიევი (6:2) და ლიტველი მოდესტას იაკუბაუსკასი (10:0) ჩამოიცილა.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი მურაზ მჭედლიძე გახდა, რომელიც უკრაინის სახელით გამოდიოდა.
ხვალ ხალიჩა თავისუფალი სტილის დარჩენილ ოთხ წონას: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებს დაეთმობა. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: რამაზ დარჩიძე (55 კგ), ომარ გურჯიძე (66 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ). 19-20 ივნისს საქმეში გოგონები ჩაერთვებიან, ევროპირველობის ბოლო ორი დღე - 21-22 ივნისი კი ბერძენ-რომაელებისაა.