ინტერვიუები

14:24 | 5.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა: “ვოლგაში” უკეთესი პირობებია”

რუსეთის პრემიერლიგაში, გასულ წელს გადასული ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა”, გოგიტა გოგუას უცხოურ კარიერაში მეხუთე გუნდი აღმოჩნდა. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც რუსეთში ნალჩიკის “სპარტაკიდან” გაიცნეს, ყაბარდო-ბალყარული კლუბის გარდა, “ხიმკიში”, რამენსკოეს “სატურნში” და გროზნოს “ტერეკში” უასპარეზია. გოგუა “ვოლგას” უკვე შეუერთდა და რუსულ გამოცემა sportbox-ს ბლიც-ინტერვიუც მისცა.    
- “ვოლგას” შეთავაზება როდის მიიღეთ?
- დაახლოებით,  ნოემბრის ბოლოს. დიდხანს ვფიქრობდი? არა, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, რადგან ომარ თეთრაძეს რამდენიმე წელიწადია ვიცნობ. იგი მაშინ გავიცანი, როდესაც “სატურნში” ვთამაშობდი. მას მერე, კონტაქტი მუდმივად გვაქვს. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს. “სპარტაკთან” კონტრაქტი 2010 წლის ბოლოს მეწურებოდა და ჩემს გადასვლას ახალ გუნდში ხელს არაფერი უშლიდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ნალჩიკი დავტოვე – გარემოს შეცვლის სურვილია. “სპარტაკში” 5 წელიწადი გავატარე, რაც დამეთანხმებით, ცოტა დრო ნამდვილად არ არის.  
- “ვოლგაში” გადასვლით ფინანსურად მოგებული დარჩით?
- ნალჩიკის “სპარტაკი” რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ღარიბი კლუბია, ხოლო “ვოლგაში” უკეთესი პირობებია.
- შვებულების მერე პირველი ვარჯიში როგორ ჩაატარეთ?
- მძიმედ. რაც არ უნდა იყოს, ხანგრძლივი შვებულება გვქონდა, თითქმის თვენახევარი და პირველ ვარჯიშზეც სერიოზული დატვირთვა მივიღეთ.
- თქვენს ახალ გუნდს პრემიერლიგაში რა ამოცანების გადაჭრა შეუძლია?
- ჯერ ამაზე არ მიფიქრია. მაგალითად, წინა სეზონში ნალჩიკის “სპარტაკს” არავითარი ამოცანა არ დაუსახავს, უბრალოდ ბოლომდე იხარჯებოდა. დამეთანხმებით, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ვერავინ იფიქრებდა ჩვენ თუ ევროთასების საგზურისთვის ვიბრძოლებდით.
- იური კრასნოჟანის მიერ გუნდის შეცვლის თაობაზე რა აზრის ხართ?
- სიმართლე გითხრათ, კრასნოჟანი “ლოკომოტივში” ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ, ის ნალჩიკის “სპარტაკისთვისაა” შექმნილი. თუმცა, გამოუვა თუ არა რამე “ლოკომოტივში”, ამის განსჯას არ ვაპირებ – დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.11778