საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, მძიმეწონოსან შოთა გოგისვანიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა კი შეჯიბრება ორი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი დაასრულა.
“გოგისვანიძემ ფინალამდე საოცრად ეფექტურად იჭიდავა. სამხრეთკორეელ ჯი-იუნგ პარკს, უზბეკ შერზოდ აკბაროვსა და ჩინელ იანან ჟანგს წმინდად მოუგო და ამ სამ გამარჯვებას ერთად აღებული, ერთი წუთი აკმარა. ამას ცხადია ყურადღება მეორე ფინალისტის უნგრელი ბალინტ ლამის მწვრთნელებმაც მიაქციეს და თავიანთ შეგირდს ჩაკეტილი ტაქტიკა შეურჩიეს. ამ მოჭიდავის სიმაღლე 2 მეტრს აღემატება, წონას კი, როგორც შევიტყვეთ, 135 კილოგრამიდან იკლებს. ბალინტის გაბარიტებიდან გამომდინარე, ტაქტიკამ გაამართლა და გოგისვანიძე ვერაფერს გახდა. რაც შეეხება დღეს ხალიჩაზე გასულ დანარჩენ სამ ქართველს, ნიკა ცეცხლაძე (55 კგ) საწყის ეტაპზე დამარცხდა, ხოლო გიორგი დავითაია (66 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ) – მეოთხედფინალში და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი არც ერთს არ მიეცა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ტაილანდში მყოფმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
აქვე უმედლოდ დარჩენილი ჩვენებურების გამოსვლაზე უფრო დეტალურად. ცეცხლაძემ პირველსავე წრეში, ინდოელ სურენდერ სურენდერთან წააგო (0:4, 5:9). დავითაია ავსტრიელი შტეფან შტეიგლის ძლევის (1:0, 1:0) შემდეგ ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან დამარცხდა (0:2, 0:1). ქობლიაშვილმა კი ჩინელ ფეი პენგთან დაძაბულ სამსეტიან შეხვედრაში მარცხამდე (1:0, 1:1, 0:1) ყირგიზი ამან ტოკტოგონოვი (0:1, 1:0, 1:0) და ბელარუსის სახელით მოჭიდავე გოგა გაგნიძე ჩამოიცილა.
ხვალ-ზეგ ტაილანდური ხალიჩები გოგონებს დაეთმობათ. ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს – 8-9 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდა ვაჟები გამოავლენენ.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ახალგაზრდები
მსოფლიოს ჩემპიონატი
პატაია. ტაილანდი
4-5 სექტემბერი
50 კგ
1 მურად ბაზაროვი (აზერბაიჯანი)
2 არტურ ლაბაზანოვი (რუსეთი)
3 ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
3 ალი სოტო მაციაში (მექსიკა)
55 კგ
1 ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი)
2 ვიქტორ ჩიობანუ (მოლდოვა)
3 ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი (ბულგარეთი)
3 შინობუ ოტა (იაპონია)
60 კგ
1 ზაურ კაბალოევი (რუსეთი)
2 რამინ სოლტანმორად ტაჰერისარტანგი (ირანი)
3 ჯესი დევიდ ტილკე (აშშ)
3 ენეს ბასარი (თურქეთი)
66 კგ
1 ჩეიხუნ ალიევი (აზერბაიჯანი)
2 მაგომედ ჩუხალოვი (რუსეთი)
3 დომინიკ ეტლინგერი (ხორვატია)
3 მეჰდი ჩოოლი ზეიდვანდი (ირანი)
74 კგ
1 კაზბეკ კილოუ (ბელარუსი)
2 თორნიკე ძამაშვილი (საქართველო)
3 პაიამ აბდეჰ ბუიერი პაინი (ირანი)
3 კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი)
84 კგ
1 ბარის გუნგორი (თურქეთი)
2 არკადი ბლიუმინი (უკრაინა)
3 ფეი პენგი (ჩინეთი)
3 სამბა დიონგი (საფრანგეთი)
96 კგ
1 ვილიუს ლაურინაიტისი (ლიტვა)
2 პეტერ ოელერი (გერმანია)
3 იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3 მარტინ ჰამლეტ ნიელსენი (ნორვეგია)
120 კგ
1 ბალინტ ლამი (უნგრეთი)
2 შოთა გოგისვანიძე (საქართველო)
3 იანან ჟანგი (ჩინეთი)
3 ზაურ მეხრალიენი (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე