ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, მუხლის ტრავმა მოიშუშა და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” ვარჯიში განაახლა. საკმაო დრო გაუცდა – ბოლო 5 ტური არ უთამაშია. გოჩას “ვოლგას” საიტი გაესაუბრა:
- მოხარულნი ვართ თქვენი დაბრუნებით. რამდენად მძიმე ტრავმა იყო?
- “ყუბანთან” ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ, სამი დღე ვერ დავდიოდი. ნიჟნი ნოვგოროდში სურათი გადამიღეს და მითხრეს, მკურნალობა ორ კვირას გასტანსო, თუმცა ერთი თვე ვერ ვივარჯიშე.
- ძნელი იყო ფეხბურთის გარეშე?
- ვერც წარმოიდგენთ, ისე მინდოდა თამაში. ვითხოვე, ნალჩიკში გულშემატკივრად მაინც წავალ-მეთქი, მაგრამ ექიმებმა უარი მითხრეს. შვილთან ერთად ვუყურე მატჩს ტელევიზორში. უნდა მოგვეგო (1:1 დასრულდა – ი.ნ), ამიტომაც ფრემ გამაწბილა. შვილმაც მითხრა, “ვოლგა” უკეთ თამაშობსო.
- ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- კარგად. თანაგუნდელები გასახდელში მეხუმრნენ: “როგორ დაისვენე, გოჩა?”. დასასვენებლად არც მქონია საქმე. შეიძლება ითქვას, ფიზიკურის გარდა, მორალური ტრავმაც მივიღე. ყოველდღე ვრეკავდი ნიჟნი ნოვგოროდში, ძალიან მწყინდა “ვოლგას” წაგებები. გუნდთან ერთად ყოფნა მინდოდა და ისე ვიყავი, როგორც ვეფხვი გალიაში. მადლობა ღმერთს, ყველაფერი უკან დარჩა. ვარჯიში დავიწყე. მართალია, ჯერ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, ათ დღეში საერთო ჯგუფში იქნებიო. სამარის”კრილიასთან” შეხვედრაში აუცილებლად ვითამაშებ (“ვოლგა”-“კრილია” ათ ივნისსაა – ი.ნ).
- “ვოლგა”- ცსკა კი ოცდაერთ ივლისს გადაიტანეს. რა აზრის ხართ ამაზე?
- ძალიან კარგი. ახლა რომ ყოფილიყო, ვერ ვითამაშებდი, იქამდე კი, იმედია, ფორმას ავკრეფ. ვფიქრობ, არმიელებს დიდ ბრძოლას გავუმართავთ.
ილია ნანობაშვილი