ინტერვიუები

17:26 | 10.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე: “ადრე ზარს რომ არ პასუხობდნენ, ისინი ახლა წამდაუწუმ მირეკავენ და ყველა “ჩემი მეგობარი” გახდა”

გრაცის “შტურმის” ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე თამაშობს. ფოფხაძე ამ ზაფხულს “ზესტაფონიდან” გადავიდა “შტურმში” და უცებ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, ბოლო ორი კვირა კი ვერ ვარჯიშობდა – ტრავმა ჰქონდა.
ფოფხაძე თემურ ქეცბაიას სანაკრებო სიაში ერთხელაც ვერ მოხვდა და ფეხბურთელს ამის შესახებაც ვკითხეთ, რაზეც ასე უპასუხა: “შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქეცბაიას ჩემზე ინფორმაცია არ აქვს”.
მოკლედ, “მსოფლიო სპორტი” გიორგი ფოფხაძეს ავსტრიაში დაუკავშირდა და დანარჩენი ინტერვიუდან შევიტყოთ.
- რატომ არ ვარჯიშობთ გუნდთან ერთად?
- დღეს დავიწყე. მანამდე ორი კვირა ვერ ვივარჯიშე, რადგან მუცლის კუნთები მტკიოდა. სირბილისას ძალიან მაწუხებდა. ეს გადატვირთული გრაფიკის ბრალი მგონია, ზოგჯერ ზედიზედ შეუცვლელად ვთამაშობდი კვირაში სამჯერ.
- ალბათ, კმაყოფილი ხართ მიმდინარე სეზონით: “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონია და იქ ძირითადში რეგულარულად თამაში ცოტას არ ნიშნავს.
- უკვე 20 მატჩი ჩავატარე. მწვრთნელი ფრანკო ფოდა უკმაყოფილო რომ იყოს, ნდობას არ გამომიცხადებდა. როცა გუნდში ჩამოვედი, ფოდამ მაშინვე მითხრა, მარცხენა მცველად დომინიკ პიურხერი თამაშობს და მისი ამოგდება ადვილი არ იქნებაო. ასეცაა, ქართველი ავსტრიელს თუ არ სჯობიხარ, ისე არავინ გაგახარებს. “შტურმის” გულშემატკივრებმა სამ მატჩში დამასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად: ბატე-სთან, “ზალცბურგთან” და “აუსტრიასთან”. ცუდია, რომ “შტურმს” ვერ აქვს ისეთი წარმატებული სეზონი, როგორიც პოტენციალი აქვს. ევროპის ლიგის ჯგუფიდან ვერ გავდივართ, რაც იმის ბრალია, რომ 6-7 ფეხბურთელი სულ ტრავმირებულია. მიზეზიც არის: “შტურმი” ჩემპიონი რომ გახდა, დასვენება მხოლოდ 5 დღე ჰქონდა და ეგრევე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყო მზადება.
- ავსტრიული ფეხბურთი ძალისმიერია და ამ მხრივ არ გიჭირთ?
- არა. დანიაში თითქმის 5 წელი ვითამაშე და შეჩვეული ვარ. ისე, ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატია ავსტრიაში. პროგნოზირება ძნელია. მაგალითად, “ზალცბურგმა” მადრიდის “ატლეტიკოს” მოუგო ევროპის ლიგაზე და რამდენიმე დღეში “მატერსბურგთან” წააგო. არადა, მანამდე “მატერსბურგს” ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდა მოპოვებული. “ზალცბურგზე” ყველა ამბობს, საჩემპიონო გუნდიაო და ორი თავით სხვებზე მაღლა დგასო, თუმცა მე ასე ძლიერი არ მეჩვენა. ვფიქრობ, ამდენი ტრავმა რომ არა, “შტურმი” პირველზე იქნებოდა. 6-7 ფეხბურთელი სულ დამტვრეულია.
- “შტურმი” საქართველოს ჩემპიონატში რომ იყოს, ჩემპიონი გახდებოდა?
- მთლად ასე ვერ ვიტყვი. სათითაოდ ფეხბურთელების დონით რომ ავიღოთ, “ზესტაფონი” “შტურმზე" არანაკლებია, მაგრამ აქ სხვა მომენტია: ავსტრიის ჩემპიონატში სულ ტონუსში ხარ, მატჩიდან მატჩამდე რაღაცას სწავლობ, უმატებ. საქართველოში კი წინა სეზონში ზოგი ისეთი თამაში გვქონდა, პირველი ტაიმის შემდეგ მინდორზე გასვლის ხალისი დაკარგული მქონდა – როცა 3:0 და 4:0 იგებ... აი, ამ სეზონში კი საქართველოს ჩემპიონატი შედარებით უკეთესია. ვუყურებ ხოლმე თამაშებს და მიხარია, რომ საშუალო დონემ ცოტა იმატა. “ზესტაფონი” და “დინამო” იოლად ვერ იგებენ, ზოგჯერ კი აგებენ კიდეც. კიდევ ისაა გასათვალისწინებელი, რომ ავსტრიაში ფეხბურთელებს აფასებენ, საქართველოში კი...
- საქართველოში ბევრი რამ არ ხდება სწორად. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ფეხბურთელებს უყურებენ, როგორც მონებს. მაგალითად, შესაძლოა, მაგარი ფეხბურთელი იყოს, მაგრამ მწვრთნელს არ მოსწონდეს, ან პრეზიდენტს მისი რაღაც ნაბიჯი არ მოეწონოს და ხელი შეუშალონ. გიორგი თექთურმანიძე ცოდო არაა, ამდენი ხანი რომ ხეირიანად თამაში არ უწევს? ან ბუბა დაუშვილი რატომ უნდა იყოს თვეობით უთამაშებელი?
- თექთურმანიძე, უბრალოდ, შემადგენლობაში ვერ ხვდება. დაუშვილის უთამაშებლობის მიზეზი კი ყველამ იცის...
- ვიცი და რაც დაუშვილის შემთხვევაში მოხდა, ასეთი რამ ევროპაში არ მოხდება. გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და ნაკრების წევრი უთამაშებელი უნდა იყოს? ფეხბურთსაც ჰყავს თავისი ღმერთი და ამდენ შეცდომას, ამდენ უსამართლობას არ პატიობს. ფეხბურთი მარტო ფული არაა. ასე რომ იყოს, “შტურმის” 11 ფეხბურთელის ფეხბურთელის ხელფასი ერთად რომ აიღო, “ზალცბურგის” ერთი მოთამაშის ანაზღაურებას ვერ გაუტოლდება, მაგრამ ამით რა? ჩემს მაგალითზე ვიტყვი: “ვიბორგი” დანიის უმაღლესი ლიგიდან რომ გავარდა, ყველას დავავიწყდი. მენეჯერებსაც კი. ტელეფონზე რომ ვრეკავდი, ჩემს ზარს არ პასუხობდნენ, ხოლო რაც “შტურმში” გადავედი, წამდაუწუმ აქეთ მირეკავენ.
- არ გვიკვირს...   
- რაც “შტურმში” გადავედი, ყველა ჩემი ძმაკაცი გახდა. ამას უფრო ქართველებზე ვამბობ. კი ბატონო, ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბრაზს გულში არ ვიდებ და ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მსურს, მაგრამ ფეხის წამოდებას ვერ ავიტან.
- საქართველოს ნაკრებზეც: ექტორ კუპერი გათამაშებდათ, ქეცბაიას კი არასოდეს გამოუძაბიხართ...
- ისეთი შთაბეჭდილბა მრჩება, რომ ქეცბაიას ჩემ შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მეგონა, მოლდოვასთან გამომიძახებდა. რაც უნდა იყოს, ამხანაგური მატჩია.
- რატომ არ უნდა იცოდეს ქეცბაიამ თქვენს შესახებ? გვეეჭვება.
- ფაქტია, არასოდეს ვუხსენებივარ. შესაძლოა, იცის, მაგრამ თავისი გეგმები აქვს.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.108322