ისრაელში მომუშავე სპეციალისტი გიორგი დარასელია, ქართველ მწვრთნელთა “ახალი ტალღის” წარმომადგენელია. იგი მე-3 სეზონია, რაც ლიგატ ალ-ში მოასპარეზე ჰაიფას “მაკაბიში” მუშაობს და მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ჩემპიონიც გახდა და ვიცე-ჩემპიონიც. გიორგიმ, ისრაელში გავლილი მწვრთნელთა მომზადების კურსების დასრულების შემდეგ, წლეულს გაზაფხულზე PRO-ლიცენზიაც მიიღო და მისთვის ევროპის პროფესიული კლუბების მთავარი მწვრთნელის პოსტიც მისაწვდომი ხდება. არც ისაა გამორიცხული, იგი საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრების თავკაცადაც ვიხილოთ.
გიორგი დარასელიასთან “მსოფლიო სპორტის” სატელეფონო საუბარი, მის საკლუბო ამბებთან ერთად, ქართველი ლეგიონერების თემას, საქართველოს ფეხბურთზე ებრაელთა აზრის შეცვლას და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.
- ბატონო გიორგი, ჰაიფას “მაკაბი”, გასულ სეზონთან შედარებით, საკმაოდ სახეშეცვლილი ჩანს. ამის მიუხედავად, გუნდი მაინც ლიდერებს შორისაა.
- კლუბის ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი სკოლის აღზრდილებზე აქცენტის გაკეთება ამჯობინა. ჰაიფას ახალგაზრდული გუნდიდან 5-6 ფეხბურთელი დავაწინაურეთ, თუმცა გამოცდილი კადრები კვლავ გვყავს და როგორც ხედავთ, “მაკაბი” ისევ ერთ-ერთი ლიდერია.
- ჩემპიონატი ისევ შარშანდელი პრინციპით ტარდება ხომ – პირველი ეტაპის შემდეგ, გუნდებს ქულები უნახევრდებათ და მედლებისთვის ისე აგრძელებენ ბრძოლას.
- დიახ, არაფერი შეცვლილა. თუმცა, თუ შარშან ამ სისტემამ ჩვენი გუნდი დააზარალა, რომელიც მთელი სეზონი 8-10 ქულით უსწრებდა მდევარს და საჩემპიონო ფლეი ოფში გაანიავა უპირატესობა, ახლა, იმედი გვაქვს, ჩვენ დაგვეხმარება. ვნახოთ, წინასწარ პროგნოზების გაკეთებას, ისევ დალოდება სჯობს.
- ჩემპიონატს უმაღლეს დივიზიონში წლეულს გადმოსული კირიათ შმონას გუნდი ლიდერობს.
- ეს გუნდი ახლა კი დაბრუნდა უმაღლესში, მაგრამ ახალი გავარდნილი იყო. ამდენად, ამას დიდ ყურადღებას არავინ აქცევს - კარგი შემადგენლობა ჰყავთ და იბრძვიან. თუმცა, მოვიცადოთ. ჩვენი მაგალითი ხომ გახსოვთ – ქულები მათაც გაუნახევრდებათ. თან ისრაელში რეალურად ისეთი სიტუაციაა, ამინდს ძირითადში, მაინც თელავივური კლუბები (“მაკაბი”, “ჰაპოელი”) და ჩვენ ვქმნით.
- ისევ თქვენს გუნდს მივუბრუნდეთ. ვიცით, რომ აგვისტო-სექტემბერში რამდენიმე ევროპულ ქვეყნაში ყოფნა მოგიწიათ, სადაც “მაკაბისთვის” სასურველ ფეხბურთელებს არჩევდით.
- შეგისწორებთ, კი არ ვარჩევდით, ჩვენი სელექციონერების მიერ შერჩეულს, საქმეში ვნახულობდით. ასეთ ფეხბურთელებს მოლდოვაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ფინეთში, სომხეთში ვაკვირდებოდით და გარკვეული წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდა.
- ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა. ალბათ, აქაური “ბაზარი” უკვე შესწავლილი გაქვთ და იმიტომ.
- როგორ გითხრათ, შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ საქართველოშ, ჩვენი კლუბისთვის მისაღები ფეხბურთელები, თითქმის აღარაა დარჩენილი. თუ ვინმემ თავი გამოიჩინა, ისინი შუა ევროპაში მიდიან და თავს იქ იმკვიდრებენ.
- თბილისის “დინამოს” მცველი გურამ კაშია, ვიდრე ჰოლანდიის “ვიტესში” მოხვდებოდა, ჰაიფას “მაკაბიში” ისინჯებოდა, მაგრამ თავი ვერ მოგაწონათ.
- კაშიას კლასში ჩვენ ეჭვი კი არ შეგვპარვია. უბრალოდ, დრო არ გვქონდა იმდენი, რომ ფეხბურთელს დიდ ხანს დავკვირვებოდით. რაც იმ მცირე პერიოდში ვნახეთ, კლუბის მეპატრონესთან კონტრაქტის გასაფორმებლად, საკმარისი კონდიციები არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ხედავთ, ჰოლანდიაში მეტი დრო მიეცა თავის გამოსაჩენად და გუნდის ძირითადში თავიც დაიმკვიდრა.
- რადგან ნახევარი ევროპა მოიარეთ და ფეხბურთელებს აკვირდებოდით, ე.ი. “მაკაბი” ზამთარში ახალ “სისხლს გადაისხამს”.
- ყველაზე რეალური ვარიანტი რაც ჩანს – ალბათ, ლეგიონერს ლეგიონერზე გავცვლით. მცველის და ფორვარდის დამატება გვინდა და ზამთრის შესვენებაზე, სწორედ ეს ტრანსფერები განხორციელდება.
- საუბარია ვლადიმერ დვალიშვილის შესაძლო გადასვლაზე.
- ბარემ, ისიც მითხარით, სად? იმდენს წერენ მის ამა თუ იმ კლუბში გადასვლაზე, უკვე ჩვენ ვიჯერებთ. ქართულ პრესაში დაიწერა, რომ დვალიშვილში “მაკაბის” 2 მილიონი ევრო მოუთხოვიაო. მე მწვრთნელი ვარ ამ გუნდში და ფინანსებთან არავითარი შეხება არ მაქვს, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი - გადაუხადონ კლუბის მეპატრონეს მილიონნახევარი და დარწმუნებული ვარ, იგი ფეხბურთელს წამითაც არ შეაფერხებს.
- ხომ არ იცით, ლადოს რომელი კლუბებიდან აქვს რეალური შემოთავაზებები?
- მე როგორც ვიცი, დვალიშვილს ერთადერთ აგენტთან აქვს კონტრაქტი. ის კაცი ისრაელში ცხოვრობს და ეროვნებით ებრაელია. დანარჩენები კი, ვინც მისთვის გუნდის პოვნას ცდილობენ, დამხმარეები არიან. ხომ არ ადგება ეს აგენტი და ეტყვის ამ ხალხს - ნუ მეხმარებითო. რა კლუბებიც დაიწერა, უკრაინიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, როგორც მე ვიცი, დვალიშვილზე მისი პირადი აგენტის მეშვეობით არ კონტაქტობენ, რაც უმნიშვნელო არგუმენტი არ არის ფეხბურთელის სამომავლო კარიერისთვის.
- ბარემ, ლადოს ახლანდელ სათამაშო ფორმაზეც ვთქვათ. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მას ცოტა გოლები გააქვს.
- ლადო კარგი ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთს გაიტანს - “ყინული გატყდება” და ისიც ჩვეულ ფორმაში ჩადგება. იმასაც აქვს მნიშვნელობა, თავდამსხმელს თავად უწევს საგოლე მომენტების შექმნა, თუ მას ამაში სხვა ეხმარება. ამ ბოლო შემთხვევაში, საქმე გაცილებით იოლადაა და ფეხბურთელს მხოლოდ კარში დარტყმაზე აქვს კონცენტრაცია.
- გიორგი, ამ ცოტა ხნის წინათ, იყო საუბარი თქვენს სხვა ებრაულ კლუბში მთავარ მწვრთნელად გადასვლაზე.
-მართალია, მაგრამ ვიდრე კლუბთან კონტრაქტი მაქვს, ჩემი ნებით სხვაგან წასვლას ვერ შევძლებ. როგორც ვიცი, კლუბებმა ერთმანეთში დაილაპარაკეს და ვერ შეთანხმდნენ. ვნახოთ, წინადადებები უკრაინიდანაცაა და რუსეთიდანაც - თუ გაისად მაისამდე იქნა ერთდროულად ჩემთვის და “მაკაბის” პრეზიდენტისათვის მისაღები შემოთავაზება, ალბათ, ახალ გუნდში გადავალ.
- წლის ბოლოა და საქართველოს რამდენიმეს თუ არა, რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გამოუცვალონ. თქვენი კანდიდატურა რომ დადგეს რომელიმე პოსტზე, ბევრს იფიქრებდით?
- საბედნიეროდ, ეს პუნქტი არის ჩემს კონტრაქტში, რომ თუ საქართველოს რომელიმე ნაკრებიდან იქნა შემოთავაზება, კლუბი ხელს ვერ შემიშლის. თუ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში დასჭირდებათ, მზად ვარ ვემსახურო ქართულ ფეხბურთს.
- საქართველოს და ისრაელის ეროვნული გუნდები ევრო-2012-ის ერთ შესარჩევ ჯგუფში არიან. შეიცვალეს ებრაელებმა ქართულ ფეხბურთზე აზრი, თუ ისევ ფავორიტებად მოიაზრებენ თავს?
- როცა კენჭისყრა შედგა და აქაური ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როგორი ნაკრები გყავთ ქართველებსო, ჩემი პასუხი ასეთი იყო - კი, საქართველომ ბოლო შესარჩევი ციკლი 3 ქულით დაამთავრა, მაგრამ მომავალში სხვაგვარად იქნება. მიზეზი მარტივია, რადგან ნაკრებს ისეთი კაცი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ფეხბურთელობის დროსაც ბოლომდე იხარჯებოდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ისეთ გუნდს შეკრავს, რომელიც ბევრს შეუცვლის მოსაზრებას ქართულ ფეხბურთზე-მეთქი. მოხარული ვარ, რომ თემურ ქეცბაიამ და იმ გუნდმა, რომელიც მან შემოიკრიბა, ჩემი პროგნოზი უკვე გაამართლეს.
ებრაელები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და იმის მიუხედავად, რომ ისრაელმა ცუდი სტარტი აიღო შესარჩევ ციკლში, ისინი მაინც იმედოვნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებიან. ამ მიზნის მისაღწევად, ლუის ფერნანდესის გუნდი საქართველოს დამარცხებასაც მოინდომებს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება.
ფრიდონ კერვალიშვილი