საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატი, ჭაბუკებს შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე დაკავებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2013 წლის 13 სექტემბერს, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბადებული ფირუზ წულუკიძე, ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარაძე უწევდა.
აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს.
20 წლის სპორტსმენი და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარიძე ჩეჩენ მეგობართან ერთად ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა უცხოელ მოქალაქეს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაიჭრა პოლიციელი და ერთი ქუჩაში მდგომი ადამიანი, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ კი ჩეჩენი მოქალაქეც. სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო წულუკიძე და ბახუნდარიძე დააკავეს.
ფირუზ წულუკიძემ ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთა განცხადება, რომ მუსლიმანობისა და ვაჰაბისტებთან მეგობრობის გამო სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები ექმნებოდა. კონკრეტულ მაგალითად კი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამგზავრებაში ხელის შეშლა დაასახელა.
აქვე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის საგანგებო განცხადებაც, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება:
"წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, შეგნებულად წახალისებულმა პროცესებმა, ხელი შეუწყვეს საქართველოში იმ მიმდევრობას რომელიც არც მუსლიმანურ, არც ქრისტიანულ და არც ერთ რელიგიას არ აძლევს სიმშვიდეს. პირიქით, ხელს უწყობს აგრესიისა და შუღლის გაღვივებას სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის. ამასთანავე, მეზობელ ქვეყნებთან დაძაბულ ურთიერთობას, რამაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგვცა ხელოვნურად შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა.
დღევანდელ რეალობაში, რომელიც გასული წლის 1 ოქტომბერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მთელმა ქვეყანამ მოიპოვა, გვიწევს ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში ურთიერთობების დალაგება - როგორც სხვა და სხვა ქვეყნებთან ასევე ქვეყნის შიგნით.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მთელი გულით განვიცდი იმას, რომ ახალგაზრდა, რომელსაც შესწევდა უნარი თავისი ქვეყნის სამსახურში და გამარჯვებებით გახარჯულიყო, მორიგი მსხვერპლია წინა ხელისუფლების იდეოლოგიის.
მაშინ, როდესაც აქ, ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების გვერდით ვდგავარ და მათ ვგულშემატკივრობ, გაცილებით მეტად განვიცდი ფირუზ წულუკიძის მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ ვერ შევძელით მისთვის აგვერიდებინა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მას მცდარი იდეოლოგიით მოძღვრავდნენ. პირადად მქონდა ფირუზ წულუკიძესთან საუბარი და მცდელობა რომ დამერწმუნებინა, რომ ის ძვირფასია და ღირებული ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ქვეყნისთვის იმ საქმით რითაც მან მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.
შორს ვარ იმ დამოკიდებულებიდან, რომ ადამიანი წაიქცა და მას ყველამ ზურგი აქციოს. ფირუზ წულუკიძე ერთადერთი ადამიანი და ერთადერთი მსხვერპლი არ არის წინა ხელისუფლების იდეოლოგიის. ჩვენ, პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მწარე ფაქტი იყოს მაგალითი, რომელიც არ უნდა განმეორდეს და თუ კი ხელისუფლების მხრიდან მოხდება რაიმე სახის წახალისება, ეს უნდა იყოს ახალგაზრდების, მომავალი თაობის წახალისება ქვეყნის ერთიანობისთვის და გამარჯვებებისთვის".