რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ფინალური მატჩის პირველი პარტია ბულგარელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვასა და უკრაინელ ანა უშენინას შორის ყაიმით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სტეფანოვა 2004-2006 წლებში მსოფლიოს უძლიერესი ქალი-მოჭადრაკის ტიტულს ფლობდა, ხოლო უშენინა 2006 წელს უკრანის ნაკრების სახელით საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
გასულ პარტიაში შავებით მოთამაშე სტეფანოვას პარტიის დასკვნით ნაწილში გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, მისი რეალიზება ვერ მოახერხა.
ფინალური მატჩში მეტოქეები 4 პარტიას ითამაშებენ, თანაბარი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში, ორ 25-წუთიან (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტიას ჩაატარებენ, თანაბარი შედეგის შემთხვევაში კი, ორი 10-წუთიანი პარტია დაინიშნება (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).
თუ უძლიერესი არც ამის შემდეგ დასახელდა, ორი 5-წუთიანი პარტია გახლავთ დაგეგმილი 3-წამიანი დამატებით, შემდეგ კი მოგებულს არმაგედონი გაარკვევს – 5 წუთი/4 წუთზე. ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვებულად შავები გამოცხადდებიან.