ჭადრაკი

15:05 | 8.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფილადელფიასა და ესპანეთში

ფილადელფიაში სტარტი აიღო პრესტიჟულმა საჭადრაკო ტურნირმა, რომლის საერთო საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია. შტატებში საქართველოს ღირსებას გიორგი ყაჭეიშვილი (2605), თამაზ გელაშვილი (2604) და მიხეილ კეკელიძე (2494) იცავენ.
ქართველთაგან ყველაზე დაბალი რეიტინგი კეკელიძეს გააჩნია, თუმცა, ხუთი ტურის თავზე საუკეთესო შედეგი სწორედ მას აქვს. მიხეილმა 4.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზეა.
3.5-3.5 ქულაა ყაჭეიშვილისა და გელაშვილის აქტივში, რომლებიც შესაბამისად მე-15 და მე-16 პოზიციებზე იმყოფებიან. რაც შეეხება ლიდერს, იგი ივან სოკოლოვი (2676) გახლავთ. ჰოლანდიის სახელით მოთამაშე დიდოსტატს 4.5 ქულა გააჩნია.
ფილადელფიის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, მისი ჩემპიონი კი ერთბაშად 20 ათას დოლარს მიიღებს.
ესპანურ უესკაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი XXXII OPEN INTERNACIONAL DE AJEDREZ DE BENASQUE, რომელშიც ასევე სამი ქართველი მოჭადრაკე – თორნიკე სანიკიძე (2596), კონსტანტინე შანავა (2578) და გიორგი მარგველაშვილი (2552) ჩაება.
სამი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 33 მოჭადრაკე დაწინაურდა, მათ შორის კი შანავა და მარგველაშვილიც არიან. დამატებითი მაჩვენებლებით, პირველი მეშვიდე ადგილზეა, მეორე – მეათეზე. რაც შეეხება სანიკიძეს, იგი 2.5 ქულით 42-ეა.
უესკას ტურნირი 10 ტურად მიმდინარეობს, მისი გამარჯვებული კი 4 ათას ევროს მიიღებს.
ესპანეთშივე, ბარბერა დელ ვალესში თამაშობს ლევან აროშიძე (2580), რომელსაც 4 ტურის თავზე 3.0 ქულა გააჩნია და მე-10 ადგილზეა. ქართველი მოჭადრაკე ლიდერთა ხუთეულს 0.5 ქულით ჩამორჩება. ბარბერა დელ ვალესში 9 ტური ჩატარდება, ჩემპიონს კი 1500 ევრო ელის.

0.119531