ინტერვიუები

9:24 | 6.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო სანტუში: “ქართველთა სწრაფმა გოლმა, ჩვენზე დამთრგუნველად იმოქმედა”

პორტუგალიელმა ფერანანდო სანტუშმა აეკ-ში, “პანათინაიკოსში” და პაოკ-ში  გატარებული წლების შემდეგ, გასულ ზაფხულს საბერძნეთის ნაკრების სათავეში ოტო რეჰაგელი შეცვალა. ევრო-2012-ის შესარჩევ ტურნირში მისი დებიუტი, საქართველოს ეროვნულ გუნდთან შედგა და წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა, რადგან სამი ქულის ასაღებად განწყობილი ბერძნები, ოდენ ქულას გამორჩნენ (1:1). თან, თემურ ქეცბაიას შეგირდები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. ელადელებმა ოდნავ გამოიკეთეს ხასიათი ხორვატიაში, სადაც, ჯგუფის ლიდერებად მიჩნეულ ბალკანელებს მშობლიურ “მაქსიმირზე” აართვეს ქულა (0:0).  
8 და 12 ოქტომბერს, სანტუშის გუნდი შინ ორ მატჩს გამართავს – ლატვიასთან და ისრაელთან. მომავალი შეხვედრების წინ, 55 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ინტერვიუ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა.  
- კლუბებში მუშაობის ამდენი წლის შემდეგ, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა როგორია?
- ძალიან ძნელი. ეს, სულ სხვა სამუშაოა. კლუბში ფეხბურთელთან ყოველდღიურ მუშაობას ხარ მიჩვეული, არსებულ პრობლემებს ყოველდღე წყვეტ, ცდილობ ვითარების გაუმჯობესებას. ნაკრებში კი, მხოლოდ ორი, ან სამი დღე გაქვს, რომ მოთამაშეებთან ახალი იდეების მიტანას შეეცადო. როდესაც გრძნობ, გაწეული მუშაობა ნაყოფის გამოღებას იწყებს, ფეხბურთელები საკუთარ კლუბებს უბრუნდებიან და თვეზე მეტი უნდა იცადო, რომ ისინი კვლავ ნაკრებში ჩამოვიდნენ.
- რამდენიმე ბერძნულ კლუბში გიმუშავიათ. ეს ფაქტორი, საბერძნეთის ნაკრებში რამდენად გეხმარებათ?
- იმ ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში, რაც ბერძნულ გუნდებში ვმუშაობდი, ცოდნა გავიმდიდრე. ბერძენი ფეხბურთელების 80 პროცენტი, რომლებმაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ჩემს მიერ გაწვრთნილ კლუბებში გამოდიოდნენ. მოთამაშეთა უდიდეს ნაწილს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა, ახლა ნაკრებში რომ ვმუშაობ. თავის მხრივ, ბერძენი ფეხბურთელებიც მიცნობენ - ჩემი ხასიათი, ჩვევები და ფეხბურთის ფილოსოფია იციან.  
- ისეთი წარმატებული მწვრთნელის შეცვლა, როგორიც ოტო რეჰაგელია, რთულია, თუ ადვილი?
- ჩემთვის ეს დიდი პატივია. რეჰაგელმა ბერძნული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. ბერძნები დიდი ხანია რეგულარულად მონაწილეობენ უმთავრესი საერთაშორისო ტურნირების ფინალურ სტადიებზე, რომ არაფერი ვთქვათ პორტუგალიაში ევრო-2004-ის მოგებაზე. ასე რომ, ეს, დიდი პატივი, სერიოზული პასუხისმგებლობა და საუცხოო მოტივაციაა.  
- საბერძნეთის ნაკრები 2004 წლის შედეგის განმეორებას თუ შეძლებს?
-ამჟამად, ჩვენ გარდამავალ ფაზაში ვიმყოფებით. ახალი მოთამაშეები, ახალგაზრდობა –საბერძნეთში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, ძალიან ახალგაზრდები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად საინტერესო გზა გაიარეს. ახლა, მათი ინტეგრაცია ეროვნულ ნაკრებში უფრო ასაკოვანი ფეხბურთელების საშუალებით უნდა მოხდეს და საჭიროა, ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრი ფაქტორის თანხვედრა უნდა მოხდეს, რათა კონტინენტის პირველობა კვლავ მოვიგოთ.   
- ევრო-2004-ზე გამარჯვება ამჟამინდელ გუნდზე დამატებით ზეწოლას ახდენს, თუ მხოლოდ მოტივაციას მატებს?
- ვფიქრობ, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან ბევრ ბერძენ ფეხბურთელს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება მისცა. ახლა მათ შეუძლიათ, ეროვნულ გუნდს ფეხბურთის თანამედროვე ხედვა და ახალი ფილოსოფია შემატონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ეს ყოველივე უნდა გამოვიყენოთ.  
- ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში, თქვენმა გუნდმა ორჯერ ფრე ითამაშა. საბერძნეთის ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს როგორ აფასებთ?
- ყველაფერი ჩვენს ხელთაა. გეთანხმებით, რომ ნაჩვენები შედეგი ისეთი არაა, როგორსაც ჩვენგან ელოდნენ. შესაძლოა, ძალიან სწრაფად შევეცადე გუნდის ფილოსოფიის შეცვლას. საქართველოსთან მატჩში სწრაფი გოლი გავუშვით, რომელმაც ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე დამთრგუნველად იმოქმედა. მატჩის მსვლელობის გარდატეხა ვერ მოვახერხეთ, არადა, ამის შანსი გვქონდა. ხორვატიაში ფრე სულ სხვა საქმეა, რადგან ხორვატები ჯგუფის ფავორიტები არიან. ამ შედეგმა, მათ წინ გაჭრის საშუალება არ მისცა და მთელი ბრძოლა წინაა.  
- თქვენ უმაღლესი ტექნიკური განათლება გაქვთ. თუ არსებობს რაიმე მსგავსება საინჟინრო საქმესა და ფეხბურთს შორის?
- ერთდროულად ორი პროფესიით მუშაობას, მხოლოდ 1998 წელს შევეშვი, როდესაც “პორტუში” გადავედი. მანამდე, ინჟინერიც ვიყავი და მწვრთნელიც. ვფიქრობ, ამ ორ პროფესიას შორის მსგავსება ძალიან ბევრია, განსაკუთრებით, ორგანიზაციული საკითხები. ამ ასპექტს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.12277