ინტერვიუები

10:40 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი საიუბილეო მატჩის წინ

ინგლისის ‘მანჩესტერ იუნაიტდის” მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონისთვის, “ევერტონთან” გასამართი შეხვედრა პრემიერლიგაში მე-700 იქნება. მიუხედავად მრგვალი ციფრისა, შოტლანდიელი სპეციალისტისთვის ეს შეხვედრა ერთ-ერთი რიგითია იმ გზაზე, რასაც ქვეყნის ჩემპიონობა ჰქვია. მატჩისწინა ინტერვიუზე, ფერგიუსონმა თავისი გუნდის თავდამსხმელი უეინ რუნი დაიცვა. აგრეთვე, ისაუბრა ფერნანდესის დაბრუნებაზე და სხვა ტრავმირებულებზე, რომელთა სიმრავლე მანჩესტერელთათვის პრობლემური გახდა.
-    სერ ალექს, ბოლო ერთი კვირაა, რაც თქვენი გუნდის საუკეთესო თავდამსხმელ უეინ რუნის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ წყდება. თქვენ რა აზრის ხართ?
-    ჩემი ფეხბურთელების პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ და არც ვაპირებ. მთავარია, რომ მათ თავიანთი სამუშაო ისე შეასრულონ, როგორც მე მინდა და სხვა არც მე მეხება და არც თქვენ.
-    თავისი ყოფილი გუნდის, “ევერტონის” წინააღმდეგ თუ ითამაშებს?
-    რა თქმა უნდა. ამის არგასაკეთებელ მიზეზს ვერ ვხედავ. სეზონის ერთ-ერთი ურთულესი შეხვედრა გველის. ამ გუნდმა გასულ სეზონში დაგვამარცხა და ახლა, მხოლოდ გამარჯვება გვინდა, ამისათვის კი, მოედანზე საუკეთესო ფორვარდი გვჭირდება.
-    მოცემული მომენტისთვის, ტრავმირებულ ფეხბურთელთა კუთხით მძიმე სიტუაცია გაქვთ, ხოლო “ევერტონთან” უმძიმესი თამაში გელით.
-    არა მგონია, რომ სიტუაცია კრიტიკული იყოს. ანდერსონი დუბლშემადგენლობაში თამაშისას დაშავდა და კვლავ ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მას დიდი დრო გაუცდა და ამ კუთხით არაფერი იცვლება. დაზიანება სერიოზული არაა და ანდერსონი ძირითად გუნდს მალე შეუერთდება.
-    მაგრამ თქვენ ხომ კერიკიც დაგაკლდებათ?
-    მაიკლი სამი კვირა ვერ ითამაშებს, შესაძლოა, ერთი თვეც. მას აქილევსის მყესი აწუხებს. მას გამოკვლევაზე ლონდონში გავგზავნით. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავლში მისი საქმე უკეთ იქნება. კვლავ ავადმყოფობენ ოუენი და ვალენსია, მაგრამ ჩვენ მათ გარეშე თამაში ვისწავლეთ. სამაგიეროდ, ამ სეზონში პირველად, რიო ფერდინანდის იმედი გვექნება.
-    არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ “გუდისონ პარკზე” თქვენი ვერმოგების შემთხვევაში ,“ჩელსი” სეზონის სტარტისათვის უჩვეულოდ დაწინაურდება?
-    სულაც არა. ჯერ სეზონის დასაწყისია და კაცმა არ იცის, რა იქნება ზამთარში, მით უმეტეს, გაზაფხულზე. ლივერპულში ქულებს თუ დავკარგავთ, ეს იმის მანიშნებელი არ იქნება, რომ “ჩელსი” იქ აუცილებლად გაიმარჯვებს.
-    ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ახალწვეული ბებე არ შეიყვანეთ, ასეთ ნაბიჯს კი ბევრი არ ელოდა...
-    ჯერ უნდა დავაკვირდე, თუ როგორ გამოიჩენს თავს. მას ვენდობით, მაგრამ დაკვირვება გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი იმედი ტყუილად არ გვაქვს.
-    როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ფაქტთან, თუ რაიან გიგზი უელსის ნაკრებს ახლავე ჩაიბარებს?
-    ეს არ მოხდება, რადგანაც რაიანთან ამ თემაზე საუბარი მქონდა. ის მარკ ჰიუზის კვალზე არ წავა, რომელმაც საფეხბურთო მოედნიდან პირდაპირ უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სავარძელში გადაინაცვლა.
-    მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ ტრანსფერებზე საუბარი არ წყდება.
-    ჯერ კიდევ ზაფხულში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კარიმ ბენზემას შეძენა გვსურდა და მიზნის მიღწევას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვეცდებით.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.115464