ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2012 წლის ფალავანი ადამ ოქრუაშვილი გახდა. ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა წევრმა დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ ტრადიციულ ტურნირზე ფალავნის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
65-ე ფალავნობა მშვენიერი სანახაობა გამოდგა. ხალიჩაზე 24 მონაწილე გავიდა და უძლიერესის გამოვლენას დაახლოებით 4 საათი დასჭირდა.
ადამ ოქრუაშვილი, როგორც მოქმედი ჩემპიონი, ორგანიზატორებმა პირველ ნომრად განთესეს. მეორე ნომრად მიჩნეული დავით ლორიაშვილი კი სატურნირო ბადის მეორე მხარეს ჩაწერეს. სიძლიერით გამორჩეული სწორედ ლორიაშვილის ბადე აღმოჩნდა, სადაც ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, მირიან გონჯილაშვილი, ვახტანგ ზოიძე, პაატა ღვინიაშვილი და საბა გავაშელიშვილი მოხვდნენ. იქვე აღმოჩნდა ფალავნობის უკრაინელი მსურველი ალექსანდრ მიშენკოც.
პირველი წრე ორმა მონაწილემ უბრძოლველად გადალახა. ლორიაშვილს ზოიძე არ გამოუცხადდა, ხოლო ლიპარტელიანს - გავაშელიშვილი. მსხალაძემ მეტრეველს აჯობა დაძაბულ ბრძოლაში (2:1), გონჯილაშვილი კი გიორგი ზაქარიაძეს ფრით გასცდა, რადგან ტექნიკური ქულის უპირატესობა ჰქონდა. ანალოგიურად სძლია ტურაშვილმა ღვინიაშვილს, ხოლო მიშენკომ გიორგი გიორგაძესთან 0:1 წააგო.
ბადის იმ მხარეს, სადაც ფალავანი გამოდიოდა, ნაკლებად დაძაბული და ამავდროულად, გაცილებით უხვილეთიანი შეხვედრები ვიხილეთ. ოქრუაშვილი ბოლო წამამდე მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა ჭაბუკ მძიმეწონოსან ძიუდოისტ გიგა გელაშვილს, მაგრამ სირენამდე მეტოქის ბეჭებზე გაკვრა მაინც მოასწრო. ბევრისთვის მოულოდნელად, საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა ბრძოლას ტიტულოვანი ახალგაზრდა ძიუდოისტი და სამბისტი უშანგი კოკაური, თან თავისზე საგრძნობლად ტანმორჩილ ბექა ბერძენიშვილთან წაგებით. ამ წარმატებით ბერძენიშვილი პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა. მის მსგავსად, თითო მოგება ეყოთ რვა საუკეთესოში შესასვლელად თედორე აბელაშვილს, მსხალაძესა და ტურაშვილსაც. მერვედფინალებიდან კი გამოსარჩევი ოქრუაშვილის მიერ ხვთისო მოსულიშვილთან შეხვედრაში შესრულებული მორიგი ლამაზი გდება და ლიპარტელიანის მიერ თავისზე ერთი თავით მაღალი გონჯილაშვილის ძლევა იყო.
საუკეთესო ოთხეულში ადამ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, დიმიტრი ტურაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი შევიდნენ. ამ უკანასკნელს მსხალაძე არ გამოუცხადდა, ოქრუაშვილმა ბერძენიშვილი დასცა ბეჭებზე, ბუღაძემ – აბელაშვილი, ტურაშვილმა კი თანაბარ ბრძოლაში ლორიაშვილს ბოლო გაფრთხილების ხარჯზე აჯობა.
ცოტა ხანში ფინალისტებიც გამოვლინდნენ. ლიპარტელიანმა ტურაშვილი ორი ორქულიანით დაამარცხა. ოქრუაშვილმა კი ბუღაძესთან მორიგი წმინდა მოგება მიითვალა.
დამამშვიდებელი ეტაპის წესი ამჯერად არ მოქმედებდა და ნახევარფინალში დამარცხებულებმა უმალ მესამე ადგილისთვის იჭიდავეს. დაძაბული შეხვედრის ბედი ტურაშვილის მეორედ გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ბუღაძე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოღონდ ამჯერად მედალთან ერთად 2 ათასი ლარიც მიიღო.
გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლიპარტელიანმა მომავალ ფალავანს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. ადამ ოქრუაშვილმა, რომელიც 160 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 65 კილოგრამით მსუბუქი მეტოქე არაერთხელ აიტაცა ხელში, მაგრამ ბეჭებზე დაგდება ერთხელაც ვერ შეძლო, საბოლოოდ მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა, თუმცა ზედიზედ მეოთხე ფალავნობის მოსაპოვებლად ესეც სრულიად საკმარისი იყო.
ადამ ოქრუაშვილს 5 ათას ლართან და საჩემპიონო თასთან ერთად ტრადიციულად ჭედილა გადაეცა, რომელიც ტრადიციულადვე ბეჭებზე მოიგდო. მეორეადგილოსან ვარლამ ლიპარტელიანს კი 3 ათასი გადაეცა.
ოთარ მაღლაკელიძე