ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში, რომელსაც თურქეთის ქალაქი გაზიანთეფი მასპინძლობდა, დრამატულად დასრულდა. სამმა მოჭადრაკემ – რუსებმა ვალენტინა გუნინამა (2511) და ტატიანა კოსინცევამ (2513) და სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა (2583) 11 ტურში 8.5-8.5 ქულა მოაგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ჩემპიონობა გუნინას დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში გუნინამ თეთრი ფიგურებით მუზიჩუკი დაამარცხა, კოსინცევამ კი შავებით საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2559) სძლია. შედეგად, გუნინა პირველზე გავიდა, კოსინცევა – მეორეზე, მუზიჩუკი – მესამეზე. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი (7.5) ბელა ხოტენაშვილმა (2490) აჩვენა, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მე-9 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის მოწინავე 14 მოჭადრაკე მსოფლიოს თასის საგზურს იღებდა, ქართველთაგან ეს პატივი კი, ხოტენაშვილის გარდა, ნინო ხურციძესა (2447) და ძაგნიძეს ერგოთ, რომელთაც შესაბამისად, მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავეს. ნინოსა და ნანას მსგავსად, 7-7 ქულა მოაგროვეს სალომე მელიამა (2400) და ლელა ჯავახიშვილმა (2448), თუმცა, მათ შესაბამისად, მე-15 და მე-17 პოზიციები ერგოთ და მსოფლიოს თასის მიღმა დარჩნენ.
ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 25. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 6.5; 28. ნინო ბაციაშვილი (2438) – 6.5; 32. მერი არაბიძე (2337) – 6.5; 42. სოფიო გვეტაძე (2334) – 6.0; 43. ნაზი პაიკიძე (2406) – 6.0; 44. მირანდა მიქაძე (2329) – 6.0;
ტურნირის გამარჯვებულმა გუნინამ საპრიზო ფონდიდან 20 500 ევრო მიიღო, ხოტენაშვილს 4 600 ევრო ერგო, ხურციძეს – 2 600, ხოლო ძაგნიძეს – 2 400. 14 მარტს ევროპირველობაზე დასვენების დღეა, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. რაპიდსა და ბლიცში საპრიზო ფონდი 10-10 ათასი ევროა.