ინტერვიუები

19:54 | 1.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ესეკიელ ლავესი: “ფეხბურთისგან მიყენებულ “მძიმე დარტყმებს” ვაჟკაცურად უნდა გაუძლო”

2 აგვისტოს “ნაპოლი” წინასასეზონო მზადების მეორე ეტაპს დაიწყებს, 4 აგვისტოს კი გუნდს მისი არგენტინელი ფორვარდი ესეკიელ ლავესი შეუერთდება. ლავესი ამჟამად სამშობლოშია, სადაც მას ნეაპოლელი ჟურნალისტი დაუკავშირდა.  

- როდის დაბრუნდებით ნეაპოლში? თქვენი ამჟამინდელი გუნდის გულშემატკივრები ნერვიულობენ, რომ რომელიმე კლუბი 31 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც “ნაპოლმა” თავის დროზე გამოსასყიდ თანხად დაასახელა და ესეკიელ ლავესიც “სან პაოლოზე” სათამაშოდ აღარ გავა...
- კარგად ვიცი, როგორ ვუყვარვარ ნეაპოლელ ქომაგებს. ყოველთვის ვცდილობდი, ანალოგიურით მეპასუხა და ჩემი თამაშით ისინი გამეხარებინა. ისინი უნდა დავამშვიდო – ჯერჯერობით ჩემთვის არავის მოუმართავს მათთან გადაბარგებისა და ნეაპოლიდან წასვლის წინადადებით. ამას მხოლოდ თქვენი კოლეგა-ჟურნალისტები წერენ. საიდან ჩნდება ეს ხმა, წარმოდგენა არ მაქვს.
- როგორ დავიჯეროთ, “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემის”, “მალაგას”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “რეალის” ვარიანტები მხოლოდ და მხოლოდ რეპორტიორების ფანტაზიის ნაყოფია?
- ვერაფერს მოგახსენებთ. მხოლოდ ერთადერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ – ჩემ ტრანსფერთან დაკავშირებით “ნაპოლის” ხელმძღვანელობისთვის არავის მიუმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეაპოლელები საქმის კურსში ჩამაყენებდნენ.
- გამოდის, გუნდის ერთგული გულშემატკივრები შეგვიძლია დავამშვიდოთ – ესეკიელ ლავესი მომავალ სეზონშიც “სან პაოლოზე” ითამაშებს...
- დიახ, ასევე შეგიძლიათ დაწეროთ. 4 აგვისტოს ნეაპოლში ვიქნები, სადაც სეზონისწინა პირველი ტესტ-მატჩი ჩატარდება. “ნაპოლისა” და ლიბერტადორესის თასის ფინალისტის მონტევიდეოს “პენიაროლის” დაპირისპირება საინტერესო იქნება. ოღონდ ერთია, ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვვარჯიშობ, ამიტომაც ამ შეხვედრის გამოტოვება მომიწევს. 2015 წლამდე “ნაპოლისთან” ხელშეკრულება მაკავშირებს და თუკი კლუბის უფროსობამ ჩემი გასხვისება არ განიზრახა, ამ ვადის ამოწურვამდე “სან პაოლოდან” არსადაც არ წავალ. ვალტერ მაცარისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მალე მის განკარგულებაში ვიქნები.
- არგენტინაში არდადეგებს როგორ ატარებთ?
- მშვენივრად. გაზეთებს არ ვკითხულობ და არც ტელევიზორს ვუყურებ. დროის უმეტეს ნაწილს ჩემ შვილთან, ტომასთან და მეგობარ გოგონა იანინა სკრეპანტესთან ერთად ვატარებ. ამაზე უკეთეს დასვენებას ვერც კი წარმოვიდგენდი. 4 აგვისტოდან კი შვებულება მიმთავრდება და ყოველდღიური სამუშაო პერიოდი დამეწყება. მანამდე ნეაპოლელები მომიკითხეთ და გადაეცით, “ნაპოლიდან” აბარგებას რომ ვაპირებდე, ამას პირველად ისინი ჩემგან შეიტყობდნენ.
- გუნდის მთავარ მწვრთნელს ვალტერ მაცარისა და კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს თუ ესაუბრეთ? “ნაპოლის” თავკაცმა დიდი ადამიანი და “ბურთის პოეტი” გიწოდათ...
- მათთან სატელეფონო კონტაქტი არ მქონია. დე ლაურენტისის სიტყვები კი პირველად გავიგე და ამგვარი ეპითეტისთვის მას მადლობას გადავუხდი. თანაგუნდელთაგან მხოლოდ ედინსონ კავანის გავესაუბრე. ბევრ რამეზე გავამახვილეთ ყურადღება. ცხადია, კოპა ამერიკის ჩემპიონობა მივულოცე. ბიჭი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა.
- სლოვაკმა მარეკ ჰამშიკმა დაადასტურა, რომ “ნაპოლიში” დარჩება...
- ეს ამბავი კავანიმ მითხრა და ძალიან გამიხარდა. გუნდში ბევრი მაღალი კლასის ოსტატის ყოფნა წარმატების საწინდარია.
- “ნაპოლის” სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი ხართ?
- ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არაა. ფეხბურთელებს კონკრეტულ დავალებებს გვაძლევენ და ჩვენი მოვალეობა მათი განუხრელად ზუსტად შესრულებაა. რადგან ახალწვეულებზე მკითხეთ, გიპასუხებთ, რომ ინლერის დამატებით გახარებული ვარ. იგი კვალიფიცირებული მოთამაშეა და გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.
- სერია A, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი – რომელ ტურნირს ანიჭებთ პრიორიტეტს?
- სამივე შეჯიბრება მეტად პრესტიჟულია, ამასთან, რთულიც. “ნაპოლი” ახალგაზრდული გუნდია და ჯერჯერობით ერთბაშად სამ ფრონტზე თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ შარშანდელი მირწევების გაუმჯობესების შესაძლებლობა გვაქვს. “ნაპოლი” ყოველწლიურად იზრდება და გამონაკლისი არც მომდევნო სეზონი იქნება. ყოველ შემთხვევაში, პოტენციურად უფრო ძლიერები ვიქნებით.
- პირდაპირ გვითხარით, “ნაპოლის” სკუდეტოსთვის ბრძოლის უნარი შესწევს?
- გულშემატკივარს პირობას ვერ მივცემ, რომ ჩემპიონები გავხდებით, თუმცა, საამისოდ ძალას არ დავიშურებთ.
- 22 აგვისტოს,  გამპერის თასის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. კატალონელთა ლიდერი თქვენი მეგობარი ლეო მესია...
- ვიმედოვნებ, მაცარი ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დამაყენებს. ამ შეხვედრის თაობაზე ორიოდე დღის წინათ თავად ლეომ მითხრა. მანვე დამპატიჟა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, სადაც მარსელო სალასის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა. მატჩში მონაწილეობა მილიტომ, გარგანომ და ლუგანომაც მიიღეს.
- კოპა ამერიკაზე მიღებული “ჭრილობა” უკვე მოიშუშეთ?
- მომხდარი ძალიან მტკივნეულად განვიცადე. მაგრამ რა გაეწყობა, ფეხბურთი ხშირად დაუნდობელია და მისგან მიყენებულ “მძიმე დარტყმებს” ვაჟკაცურად უნდა გაუძლო.


გოჩა კაჭარავა

0.115903