მსოფლიო რეიტინგსიის შოტლანდიელი მეოთხე ნომერი ენდი მარეი საინფორმაციო სააგენტო ВВС-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად დიდი ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. 1997 წლიდან მოყოლებული მარეი პირველი ჩოგბურთელია, რომელიც ბრიტანეთის სამეფოს უძლიერეს ათლეტად სცნეს. 16 წლის წინათ ანალოგიური აღიარება წილად გრეგ რუსედსკის ხვდა.
ВВС-ის გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილზე უელსელი მორაგბე ლი ჰაპფენი გავიდა, მესამე ადგილი კი მასმედიელებმა ჩრდილოირლანდიელ ტონი მაკოის მიაკუთვნეს.
26 წლის ენდი ახალი სეზონისთვის გამალებით მაიამიში ემზადება, ამიტომაც ლიდსში დანიშნულ საზეიმო ცერემონიალზე ვერ ჩავიდა და ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი თასი მარეის ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტინა ნავრატილოვამ გადასცა. ამ მცირეხნიანი ცერემონიალის შემდეგ მასმედიელებმა შოტლანდიელს ორიოდე კითხვა დაუსვეს.
- წლეულს უიმბლდონის ჩემპიონი გახდით. დიდი ბრიტანელი ჩოგბურთელი ამ ტურნირის ტრიუმფატორი 77 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ლონდონში მოპოვებული გამარჯვება?
- უიმბლდონზე გამარჯვებას წინ რამდენიმეწლიანი მოუღლელი შრომა უძღოდა წინ. 2013-ში, როგორც იქნა, დიდი ხნის საწადელი ავისრულე. ჩემთვის უიმბლდონის საჩემპიონო ტიტული საამაყო წოდებაა.
- ლიდსში, დაჯილდოების ცერემონიალზე ამაოდ გელოდნენ...
- გითხრათ სიმართლე, ჩემთვისაც უფრო სასიამოვნო იქნებოდა, 3 საათი დაჯილდოების ცერემონიალზე გამეტარებინა და არა კორტზე ვარჯიშისას. ბოდიშს ვუხდი ორგანიზატორებს, მაგრამ ახლა ავსტრალიის ღია პირველობისთვის ვემზადები, ყველაფერი წინასწარაა გაწერილი და წვრთნის პროცესში კორექტივს ვერ შევიტანდი.
- იანვრისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შესვლას მოასწრებთ?
- ყოველმხრივ შევეცდები, ავსტრალიის ღია პირველობას 100 პროცენტით მზად შევხვდე. საამისოდ ყოველდღიურად მეტად მონდომებით ვვარჯიშობ. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმას სათანადო მომენტში მივაღწევ.