საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე პირველად გამოჩნდა სერია B-ს “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ირაკლი შეყილაძე. მას მიმდინარე წლის სექტემბერში 19 წელი შეუსრულდება, ზაფხულში კი 3 წელი გახდება, რაც ამ იტალიური კლუბის ასაკობრივ გუნდში თამაში დაიწყო. შარშან დეკემბერში, კლუბთან გაფორმებული პროფესიული კონტრაქტის თანახმად, შეყილაძემ მომავალი 2 წელი “ემპოლის” ძირითად გუნდს დაუკავშირა.
“მსოფლიო სპორტი” ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტს სასტუმრო “ბომონდ გარდენში” შეხვდა.
- ირაკლი, როგორც ვიცით, “ემპოლის” დუბლშემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელი ხართ. დრო ხომ არაა, ძირითადშიც მოსინჯოთ ძალები?
- კლუბის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა ამ თემაზე და ახალი კონტრაქტი გაფორმებულია. მომავალი სეზონიდან, როგორც სრულუფლებიანი წევრი, პირველ გუნდში მოვემზადები.
- რომ იტყვიან, ასაკის მიუხედავად, უკან, დუბლებში დაბრუნების საშუალებაც არ გექნებათ.
- არა, როგორც მითხრეს, მომავალში მხოლოდ პირველ გუნდში თამაშის უფლება მექნება. ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული - დავიმსახურებ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, პრობლემა არ შემექმნება.
- არადა, “ემპოლის” ახალი სეზონიდან სერია A-ში თამაშის შანსიც ჰქონდა.
- კი, მაგრამ ამისათვის, ბოლო ტურში “ტორინოსთვის” უნდა მოგვეგო. ამ შემთხვევაში, ფლეი ოფში ვხვდებოდით და იქ შანსი გვეძლეოდა, რომ სერია A-ს საგზურისთვის გვებრძოლა.
- ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელობა ახალი სეზონიდანაც დაწინაურებაზე იფიქრებს. საამისოდ კი, ალბათ, სერიოზული ტრანსფერების განხორციელებაც იქნება საჭირო.
- მიზანი ისევ სერია A-ში გადასვლაა, მაგრამ ამის გაკეთებას ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედად აპირებენ. დღეისათვის, რაც ვიცი, ისაა, რომ დუბლებიდან ორნი დაგვაწინაურეს ძირითად გუნდში - მე და ურუგვაელი ბრუგმანი. ტრანსფერებს რაც შეეხება, ალბათ, ზაფხულის არდადეგებზე გამოჩნდება, ვის გაუშვებენ და ვის მოიყვანენ.
- ირაკლი, “ემპოლის” დუბლებში თითქმის 2 წელი ითამაშეთ, თუმცა, წლევანდელ სეზონში ბევრი გაგიცდათ.
- ჩემპიონატის პირველ ნახევარში ტრავმა მქონდა და ბევრი გამოვტოვე. ეს რომ არ ყოფილიყო, ბრუგმანთან ერთად, უკვე იანვარში უნდა გადმოვსულიყავი ძირითად გუნდში. დაგვიანებული გადმოსვლა, მეორეს მხრივ, ჩემს სათამაშო პრაქტიკას წაადგა. დუბლებში, ბუნებრივია, მინდორზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე ამას პირველ გუნდში გავაკეთებდი. ათ შეხვედრაში 9 გოლი გავიტანე, რაც ცუდი შედეგი არაა.
- ეს თქვენი სადებიუტო შეკრებაა ახალგაზრდულ ნაკრებში. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს, თავს არიდებდით კიდეც ოთარ გაბელიას გამოძახებაზე რეაგირებას.
- მე თვითონ კლუბში არ მქონდა სიტუაცია დარეგულირებული. ჩემი და ჩემი მენეჯერის სურვილი იყო, “ემპოლის” ძირითად გუნდში ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში გადავსულიყავი. ეს კლუბის ხელმძღვანელობასთან მცირე კონფლიქტშიც აისახა. ნაკრებში წამოსვლაში ხელს იტალიელები მიშლიდნენ - თუ წახვალ, აქ პრობლემები შეგექმნებაო. მოკლედ, ყველაფერი დამთავრდა და იმედია, მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება.
- კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?
- კონტრაქტი შარშან დეკემბერში გავაფორმეთ და იგი ორწლიანია.
- იტალიაში იმდენი ხანი კი ხართ, ენის პრობლემა არ უნდა გქონდეთ.
- მაგ მხრივ ყველაფერი რიგზეა. თან, გუნდში საკმაოდ მეგობრული ატმოსფეროა. მე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში დუბლებში ყოფნის დროსაც მიწევდა და ალბათ, ადაპტაცია აღარ დამჭირდება - მით უფრო, იქ ჩემი მეგობარი ლევან მჭედლიძე მხვდება.
- იტალიის სერია A-ში მოთამაშე კახა კალაძესთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- ლევანს დროგამოშვებით ეკონტაქტება, მე კი – ჯერჯერობით, არა.
- როგორ ფიქრობთ, ისეთ ძლიერ ჯგუფში, როგორიც V შესარჩევია, რისი იმედი უნდა გქონდეთ ქართველ 21-წლამდელებს?
- გეთანხმებით, რომ რთული ჯგუფია - ესპანეთს, შვეიცარიას და ხორვატიას, ყველა დონეზე საკმაოდ ძლიერი ნაკრებები ჰყავს, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები ისეთ შემადგენლობას აკომპლექტებენ, თუ ყველა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს და თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ბევრის გაკვირვებას შევძლებთ.
- ისევე, როგორც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა?
- იტალიაში ყველა გაკვირვებულია და მილოცავენ - ასე როგორ გამოიცვალა თქვენი ნაკრებიო. აშკარაა - პოტენცია ქართულ ფეხბურთს გააჩნია და იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებ გუნდებზე მომავალშიც ყველა პატივისცემით ისაუბრებს.
ფრიდონ კერვალიშვილი