ინტერვიუები

16:50 | 6.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ადებაიორი: “რეალის” გარეშე ჩემ საფეხბურთო ცხოვრებას აზრი დაეკარგება”

ემანუელ ადებაიორი ამჟამად შვებულებაშია და მშობლიურ ტოგოში ისვენებს. სწორედ იქ დაუკავშირდნენ მას “მარკას” ჟურნალისტები და მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩამოართვეს.
- როგორ ისვენებთ?
- მშვენივრად. მოგეხსენებათ, პროფესიონალ ფეხბურთელებს როგორი გადატვირთული საასპარეზო გრაფიკი გვაქვს და დასვენების ყოველ დღეს შვებად მივიჩნევთ. დიდ დროს ვატარებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ხომ მათთან კონტაქტის ნაკლებობას განვიცდი.
- კარიერის მომავალზე არ ფიქრობთ?
- მუდმივად.
- რაიმე სიახლე ხომ არაა?
- მოლოდინით ვცხოვრობ, თავში კი მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს – მადრიდის “რეალში” თამაში მინდა.
- ესპანეთის დედაქალაქიდან არავინ შეგხმიანებიათ?
- ჯერჯერობით არა. რომც არ დამირეკონ, 31 აგვისტოს საღამოს 11 საათამდე სხვა კლუბში არ გადავალ. თუკი ამ დრომდე “რეალმა” ჩემი კოტრაქტი არ გამოისყიდა, იძულებული გავხდები სხვა გუნდს მივაშურო.
- სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან საუბარი არ გქონდათ?
- პორტუგალიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, იგი ჩემი თამაშით კმაყოფილი დარჩა, განშორებისას კი დამპირდა, რომ ყველა ზომას მიმართავდა, რათა მის გუნდში დავრჩე. “რეალში” 6 თვით მივედი, ადაპტაცია მალე გავიარე, გოლებიც გავიტანე და გუნდურ თამაშშიც გამოვიჩინე თავი. თუმცა, მეტიც შემეძლო.
- გაურკვევლობაში ყოფნა არ გაწუხებთ?
- “რეალში” ასპარეზობის პერიოდი ჩემ საფეხბურთო ბიოგრაფიაში ყველაზე ნათელი წერტილია და როდესაც გონებაში გამიელვებს აზრი, რომ შესაძლოა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვერ ვითამაშო, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. 6 თვე გავატარე მადრიდში და შემიძლია პირდაპირ მოგახსენოთ – “რეალის” გარეშე ჩემ საფეხბურთო ცხოვრებას აზრი დაეკარგება.
- ეს კლუბის უფროსობას არ განუცხადეთ?
- მათ ისედაც მშვენივრად იციან ჩემი მიდგომა მათი გუნდისადმი და ყოველთვის მზად ვარ, “რეალს” ვემსახურო.
- თანაგუნდელებთან ურთიერთობა ხომ არ გაგიწყვეტიათ?
- არა, რას ამბობთ, ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან. პეპესთან, მარსელოსთან, კასილასთან, სერხიო რამოსთან და ბენზემასთან განსაკუთრებით ახლო და თბილი ურთიერთობა მაქვს. მათ ძმებად ვთვლი.
- რაზე საუბრობთ მათთან?
- ყველანი ერთხმად მეუბნებიან, მანოლიტო, დაბრუნდი, არ მიგვატოვო. არ ვიცი, ასეთი რა გავაკეთე, მაგრამ მათ ძალიან ვუყვარვარ. ჩემი მხრიდან კი მათ ვეუბნები, რომ არსად წავალ და “რეალის” ძირითადში ერთი ადგილი გადამინახონ (იცინის).
- “რეალში” მისვლის პერიოდში არცთუ სახარბიელო რეპუტაცია გქონდათ, სეზონის დასრულების შემდეგ კი გულშემატკივრებს აზრი შეეცვალათ – მათ კეთილ და მხიარულ ადამიანად გაგიცნეს...
- ყველას ვუჩვენე, რომ კონფლიქტური ადამიანი სულაც არ ვარ. ჩემზე არაერთი ჭორი გაავრცელეს. თითქოს, როდესაც მწვრთნელი თადარიგში მტოვებს, აუტანელი ვხდები და სიტუაციას ვძაბავ. რასაკვირველია, ძირითადში თამაში ყოველთვის მსურს, მაგრამ გუნდის ინტერესისთვის არასდროს მიღალატია.
- იმასაც ამბობენ, რომ მწვრთნელთაგან თქვენი მოთოკვა მხოლოდ ჟოზე მოურინიუმ მოახერხა...
- მოურინიუმ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ დისციპლინის მხრივ, მას ჩემთან სასაყვედურო თავიდანვე არაფერი ჰქონდა. სეუ ჟოზე საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. არსენ ვენგერი, რობერტო მანჩინი, დიდიე დეშამი მაღალი რანგის პროფესიონალები არიან, მაგრამ მოურინიო მართლაც განსაკუთრებულია. იგი მამასავით გვეპყრობა. მისი წვრთნები ფრიად საინტერესოა, ვარჯიშის შემდეგაც გვმეურვეობს. იშვიათად შემხვედრია მწვრთნელი, რომელსაც ასე აწუხებდეს და ადარდებდეს ფეხბურთელთა პირადი ცხოვრება. ნებისმიერი სახის პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, მოურინიოსთან მისვლა და მეგობრული რჩევის მიღება შემიძლია.
- “რეალში” 5 თვის განმავლობაში ითამაშეთ და 8 გოლი გაიტანეთ. მეტის მიღწევა არ შეგეძლოთ?
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” იჯარით, სეზონის მსვლელობისას მივედი, ამიტომაც ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი სულაც არ მქონია.
- მადრიდულ გუნდში გამოსვლის პერიოდში ყველაზე მეტად რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ?
- ორ მომენტს გამოვარჩევდი – კოლექტიურს და პირადს. დაუვიწყარი იყო ესპანეთის სამეფო თასის ფინალში “ბარსელონას” ძლევა, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ თამაში. იმ საღამოს “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებიდან ერთხმად “მანოლიტო, მანოლიტო”-ს სკანდირება მესმოდა. ამგვარი რამ დავიწყებას არასდროს მიეცემა.
- “რეალის” მაისურით ასპარეზობისას გატანილ გოლთაგან რომელს გამოარჩევთ?
- სათასო პაექრობისას “სევილიას” რომ გავუტანე. თანაც ეს იყო პირველი გოლი, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” შევაგდე. ბურთი მკერდით გავაჩერე და აუღებელი დავარტყი. მართლაც ლამაზი გოლი გამომივიდა.
- როგორ გგონიათ, მომავალ სეზონში “რეალი” “ბარსელონას” ჰეგემონიას დაამხობს?
- ეს პრაქტიკულად წინა სეზონში უკვე მოვახერხეთ. ვგრძნობ, რომ კატალონელებთან კასტილიურ გრანდს ტოლსწორად თამაში შეუძლია. ეს ზედიზედ ჩატარებულმა ოთხმა კლასიკომაც დაადასტურა. ბარსელონელებს თასი ავართვით, ორჯერ ფრედ ვეთამაშედ და მხოლოდ იმ მატჩში დავმარცხდით, რომელშიც მსაჯმა 10 მოთამაშის ამარა დაგვტოვა. საფეხბურთო ასპექტით, “რეალი” და “ბარსელონა” ერთი დონის გუნდები არიან.

 

გოჩა კაჭარავა

0.123129