საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ახლახან უტრეხტში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და მოსკოვურ “დიდ სლემზე” ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში შეაჯამა. შეგახსენებთ, ოლიმპიურ ფესტივალზე კვარცხლბეკზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ავიდა. ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ) და გიორგი კაციაშვილი (60 კგ) ჩემპიონები გახდნენ. თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ), იესო კვირიკაშვილმა (81 კგ) და გიორგი ძებისაშვილმა (+90 კგ) ვერცხლის მედლები მოიგეს, ხოლო სიმონ მამარდაშვილმა (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) - ბრინჯაოები. “დიდ სლემზე” კი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ოქრო, ხოლო ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.
ჰოლანდიამოვლილი ვაჟთა და გოგონათა გუნდები პრესკონფერენციას თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრნენ. ეროვნული ნაკრები კი რუსეთში მიმდინარე ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობს.
“ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი სპორტსმენები მოლოდინისამებრ, მშვენივრად გამოვიდნენ. ერთხელაც გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის და ამ ძიუდოისტებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების შანსიც აქვთ. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ცირეკიძეს, გიორგი რევაზიშვილს, ლაშა გუჯეჯიანს, ვაჟა ბალხამიშვილს, გიორგი თენაძეს, კახა მოცრაძესა და აბსოლუტურად ყველა მწვრთნელს, ვისმა შრომამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა თვით ძიუდოისტებს”, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა და ფესტივალის ჩემპიონ-პრიზიორები ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ახლადდაარსებული ძიუდოს განვითარების ფონდის შესახებაც შეახსენა დამსწრეთ, აღნიშნა რა, რომ მედალოსნებისთვის დაწესებული თანხა სწორედ ამ ფონდიდან გამოიყო. ძიუდოს განვითარების ფონდში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც სპორტის ამ სახეობის დახმარების სურვილი აქვს.
დავით ქევხიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრთა “დიდ სლემზე” გამოსვლაც შეაფასა. განსაკუთრებით პაპინაშვილისა და რეხვიაშვილის ჭიდაობა გამოარჩია. ერთადერთ იმედგაცრუებად კი ადამ ოქრუაშვილის წარუმატებლობა მიიჩნია, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოქრუაშვილისთვის რუსული წარუმატებლობა სასიკეთო ბიძგი უნდა გამოდგეს.
“იმედია ეს მარცხი გამოაფხიზლებს და უკეთესად ივარჯიშებს. თუკი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს, ეს აუცილებლად “დიდ სლემზე” განცდილი მარცხის დამსახურება იქნება” – დასძინა ქევხიშვილმა.
მოკლე კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ გუნდში შიდა კონკურენციის მხრივ გაცილებით კარგი ვითარებაა, ვიდრე აქამდე იყო.