სხვა

17:36 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგზე ერთბაშად სამი იამაიკელი ოლიმპიური ჩემპიონიც ჩავარდა

ჯერ კიდევ არ განელებულიყო ის შოკი, რაც გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ამერიკელი სპრინტერი ტაისონ გეი დოპინგზე ჩავარდა, რომ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა – ერთბაშად ხუთი იამაიკელი მძლეოსნის  დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამ ხუთიდან სამი ოლიმპიური ჩემპიონია - 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ყოფილი რეკორდსმენი ასაფა პაუელი, ნესტა კარტერი და შერონ სიმპსონი.

სინჯებში, რომლებიც მათ ივნისში, იამაიკის ეროვნულ პირველობაზე აუღეს, აკრძალული პრეპარატი – ოქსილოფრინი – აღმოჩნდა.

30 წლის პაუელი 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ოლიმპიური (2008) და მსოფლიოს (2009) ჩემპიონია. 2005-2007 წლებში მან რამდენჯერმე გააუმჯობესა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი: 2005 წლის 14 ივნისი – 9,768; 2006 წლის 11 ივნისი – 9,763; 2006 წლის 18 აგვისტო – 9,762; 2007 წლის 9 სექტემბერი – 9,74. 2008 წლის 31 მაისს, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა ახალი რეკორდი დაამყარა – 9,72. პაუელმა ამ შედეგის გამეორება იმავე წლის 2 სექტემბერს შეძლო. ეს ამ დისტანციაზე მეოთხე უსწრაფესი მაჩვენებელია – მასზე სწრაფად ეს მანძილი მხოლოდ ბოლტს (9,58), ზემოთ ხსენებულ გეის (9,69) და იამაიკელ იოჰან ბლეიკს (9,69) დაუფარავთ.

27 წლის კარტერი 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ორგზის ოლიმპიური (2004, 2008) და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონია. 100 მეტრზე რბენაში 2010 წლის 29 აგვისტოს ნაჩვენები 9,78-ით ის მეხუთე ადგილზე დგას ყველა დროის უსწრაფეს სპრინტერთა სიაში.

რაც შეეხება 28 წლის სიმპსონს, ის 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ოლიმპიური ოქროს (2004) და ვერცხლის (2012) მედალოსანი და ასევე მსოფლიო პირველობის ორგზის (2005, 2009) ვერცხლის პრიზიორია. ის ასევე 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია 100 მეტრზე რბენაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში დოპინგზე ჩავარდა იამაიკის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მძლეოსანი ქალი, 31 წლის სპრინტერი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნიც.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118419