ინტერვიუები

10:05 | 22.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი ელბერი: "ვიდრე, "ბაიერნში" ბრაზილიელები არ ითამაშებენ, ის ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის, მაქსიმუმ, მე-2 ადგილზე იქნება"

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა გერდ მიულერმა, თავის დროზე, ბრაზილიელი ფორვარდი ჯოვანი ელბერი ასე დაახასიათა: “არაორდინალური ადამიანი და მოთამაშე, რომელსაც არა მხოლოდ გოლები გააქვს, არამედ, ხელოვნების ნუმუშებს ქმნის”. მიულერისგან მსგავსი კომპლიმენტის მიღება დიდი პატივია და რაც მთავარია, ბრაზილიელმა ის საქმით დაიმსახურა. 2010 წლის მაისამდე, ის ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში, ლეგიონერებს შორის საუკეთესო  ბომბარდირი იყო, “შტუტგარტისა” და “ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 260 შეხვედრაში გატანილი 133 გოლით, ვიდრე პერუელმა კლაუდიო პიზარომ, მისი მიღწევა არ გაიმეორა. ელბერმა “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგა 4-ჯერ მოიგო, გერმანიის თასი - 3-ჯერ, გერმანიის ლიგის თასი - 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგასა და საკონტინეტთასორისო თასზე თითოჯერ იმარჯვა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, “ბაიერნში” სკაუტად მუშაობდა, ხოლო ამჟამად, სამშობლოში საფეხბურთო კლუბს ფლობს და საქველმოქმედო ორგანიზაციასაც უძღვება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ბრაზილიელმა “სპორტ-ექსპრესს” მისცა.
- თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა რას ნიშნავს?
- მასში გამარჯვება, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფის ტოლფასია. ღარიბ ოჯახში  ვარ გაზრდილი და შესაძლოა, არ დამიჯეროთ - 10-15 წლის ბრაზილიელი ბიჭები, ევროპაში მოხვედრაზე და “ბაიერნში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, ან “ბარსელონაში” ჩარიცხვაზე, პირველყოვლისა, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის ოცნებობენ. საუცხოოდ მახსოვს, რა გრძნობა დამეუფლა, როდესაც 2001 წელს ფინალში “ვალენსია” დავამარცხეთ. თანაგუნდელები ერთმანეთს ვეუბნდებოდით, რომ ფეხბურთში რეალურად რაღაცას მივაღწიეთ.  
- თუმცა, სწორედ ლიგას უკავშირდება თქვენს კარიერაში არა მხოლოდ ყველაზე დიდი სიხარული, არამედ, ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც...
- სჯობს არ გამახსენოთ.
- და მაინც...
- მე და ბიქსენტ ლიზარაზუ, 1999 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ ფინალს ტრავმის გამო ვტოვებდით, მაგრამ მომხდარი ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ლუიშ ფიგუ მომიყვა, რომ თამაშს ტელევიზორით უყურებდა, როდესაც “ბაიერნი” 1:0 იგებდა და სჩანდა, რომ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, ის სახლიდან გამოვიდა, რათა ავტომანქანით სადღაც წასულიყო. როდესაც გზაში რადიო ჩართო, გამოაცხადეს, რომ “მანჩესტერმა” ანგარიში გაათანაბრა. მას რამდენიმე წუთის სავალი გზა ჰქონდა და როცა ფიგუმ გამვლელს ჰკითხა თუ როგორ მიმდინარეობდა დამატებითი დრო, მას უპასუხეს: “ოვერტაიმი არაა, “მანჩესტერმა” 2:1 გაიმარჯვა” და ამან თურმე, ლუიში გააოგნა. ეს მართლაც საოცრება იყო და ამიტომაც უყვარს ხალხს ფეხბურთი. სამწუხაროა, რომ მაშინ “ბაიერნი” დაზარალდა...    
- გასულ სეზონში, მიუნხენელებმა ფინალში კვლავ ითამაშეს, მაგრამ “ინტერთან” დამარცხდნენ. გუნდმა შემადგენლობა და მწვრთნელიც შეინარჩუნა. შეძლებს “ბაიერნი” მიღწეულის განმეორებას, ან მის გაუმჯობესებას?
- არა მგონია. ძალიან იშვიათად ხდება, რომ გუნდი ზედიზედ ორჯერ გავიდეს ფინალში და მითუმეტეს, მასში გაიმარჯვოს. შეხედეთ, “ბარსელონაც” კი, თავისი სიმძლავრის მიუხედავად, ფინალში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა. ტურნირის მონაწილეთა ძალები საკმაოდ თანაბარია. ამიტომ, მსგავს შეხვედრებში ბევრს წყვეტს შემთხვევითობა და იღბალი. აქედან გამომდინარე, “ბაიერნის” 1/4-ფინალში გასვლა წარმატებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ “ბაიერნი” –”ინტერის” ფინალის განმეორების არ მჯერა. ვფიქრობ, მათი პლუსების მიუხედავად, ფინალში გასვლა ორივე გუნდს გაუჭირდება.    
- ამას, ის ხომ არ გალაპარაკებთ, რომ გარკვეულწილად, ნაწყენი ხართ მიუნხენურ კლუბზე, სადაც უკვე აღარ მუშაობთ?
- არა, რა თქმა უნდა! კარგად გამიგეთ, “ბაიერნს” წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ერთი-ორი წლის მერე, გუნდი 2001 წლის წარმატებას გაიმეორებს. თუმცა, ყველაფერი უცებ არ ხდება. თუ ჩემი არ გჯერათ, მაშინ, ლუის ვან გაალს მოუსმინეთ. ფინალის მერე მან თქვა: “ცუდია, რომ წავაგეთ, მეორე ასეთი შანსი მალე არ მოგვეცემა...”.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმ ფაქტის მიმართ, რომ “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა, კლუბი საფეხბურთო კლუბ “გერმანიად” აქციოს, გააკეთა რა აქცენტი ადგილობრივ ფეხბურთელებზე და თანდათანობით უარს ამბობს ლეგიონერებზე, კერძოდ, ლათინური ამერიკიდან?
- გაორებული გრძნობა მაქვს. თუმცა, “ბაიერნის” ბოსების მესმის. გერმანიის ნაკრებმა, რომელიც ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, როგორიც მიულერი, ხედირა, კროოსი და იოზილი არიან, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ კლუბი, დიდი პოტენციალის მქონე ადგილობრივ ფეხბურთელებს დაეყრდნოს.  
- “ბაიერნი”, სადაც სკაუტად მუშაობდით და ბრაზილიაში ფეხბურთელების მოძიება გევალებოდათ, დატოვეთ. წასვლის შესახებ განცხადება, კლუბის მიერ კურსის შეცვლის გამო ხომ არ დაწერეთ?
- პრინციპში, ასეა. “ბაიერნს” ბრაზილიელები არ სჭირდება. გამოდის, რომ მეც, როგორც სკაუტი, არ ვჭირდები.
- ისინი მართლა არ სჭირდებათ?
- ასე გეტყვით. ვიდრე “ბაიერნში” ბრაზილიელები არ ითამაშებენ, ის ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის, მაქსიმუმ, მეორე ადგილზე იქნება, რაც მისი ზღვარია. ბრაზილიელებთან ერთად, მიუნხენელებს შეუძლიათ პირველები გახდნენ.  
- ჩემპიონთა ლიგაში, თქვენი ფავორიტი ვინაა?
- სეზონი ახლა დაიწყო და რთული შესაფასებელია, თუ რა შეუძლია ამა თუ იმ გუნდს. ტიტულის რეალური მაძიებლების განსასაზღვრად, ჯგუფური ეტაპის დასრულებას უნდა დაველოდოთ.
- არ შეგიძლიათ დაწვრილებით აგვიხსნათ, “ინტერის” განმეორებითი წარმატების რატომ არ გჯერათ?
- მილანელებს ადრინდელი შემადგენლობა დარჩათ, მაგრამ მოურინიო წავიდა, რომელიც ნახევარი გუნდი იყო.
- “ბაიერნს” რა არ ჰყოფნის?
- მოთამაშეები.
- განმარტეთ...
- წინა სეზონში, ყველაფერი “ბაიერნის” სასარგებლოდ აეწყო. თუმცა, მიუნხენელები ახლა გაცილებით რთულ ვითარებაში არიან. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რობენი ტრავმის გამო დეკემბრამდე ვერ ითამაშებს. რიბერის თავი სხვა აზრებით აქვს გამოტენილი – პირადი პრობლემები და მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების “ჩავარდნა”. მათ გარეშე, შეტევაში გუნდის თამაში გაფერმკრთალდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები – კონტენტი და ბადშტუბერი კი “გაიხსნენ”, მაგრამ მორალური სიმყარისათვის მათ დრო სჭირდებათ.
- “ბაიერნს” არც ფორვარდების მხრივ აქვს საქმე კარგად...
- ვფიქრობ, საკუთარ შანსს კიდევ მიიღებს გომესი. კლოზესიც მჯერა. იმედი მაქვს,  მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიაში ვიხილავ. მიროსლავს მგონი ერთი თუ ორი გოლის გატანა სჭირდება, რომ რონალდოს გადაასწროს. მას წარმატებას ვუსურვებ. არ დაგავიწყდეთ მიულერიც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფლანგთან ახლოს მოქმედებს. თუ ის პროგრესირებას გააგრძელებს, შეუძლია როგორც კლოზეს, ასევე, ელბერს აჯობოს.     
- ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობა როგორ აღიქვეს?
- როგორც ეროვნული ტრაგედია. ჩვენი გუნდი ყველა მატჩში დომინირებდა, მათ შორის, ჰოლანდიასთან ჩატარებულ პირველ ტაიმშიც, მაგრამ მეორეში მეტოქე უფრო ძლიერად გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
- ახლა, დუნგასთან ერთად მაგიდასთან არ დაჯდებით?
- რას ამბობთ! ის ჩემი მეგობარია. ვთვლი, რომ მან საკუთარი სამუშაო კარგად შეასრულა. თუმცა, ეს ფეხბურთია.
- თქვენ თუ ესწრებოდით მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მატჩებს?
- დიახ, ტელეკომენტატორად ვმუშაობდი. ამჯერად, გული ნამდვილად არ დამწყვეტია 1998 წლისგან განსხვავებით, როდესაც ვოცნებობდი ტურნირზე არა როგორც “მოლაპარაკე” ექსპერტად მოვხვედრილიყავი, არამედ, მოქმედ ფეხბურთელად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სერიოზული კონკურენტები მყავდა – რონალდო, რივალდო, ბებეტო.
- თქვენ ბევრი გატაცება გაქვთ. ტელეკომენტატორი ხართ და კიდევ... მოცეკვავე! როგორც ამბობენ, ორიოდე წლის წინ, მონაწილეობა მიიღეთ პროგრამაში “ცეკვები ვარსკვლავებთან”.
- მართალია. ჩვენთან ამ შოუს “მოდით ვიცეკვოთ” ჰქვია.
- წარმატებით გამოხვედით?
- საშუალოდ. ჩემს პარტნიორთან, იზაბელა ედვარდსონთან ერთად მე-3 ადგილი დავიკავე. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ის პროფესიონალი მოცეკვავეა.
- მესამე ადგილი ხომ საუცხოო შედეგია...
- თუმცა, გასულ სეზონში იზაბელამ შოუ მოიგო. სხვათა შორის, რადგან საუბარი ტელევიზიაზე წარიმართა, გეტყვით, რომ მე კულინარიული გადაცემაც მიმყავდა - Do Brasil. ჩვენ ეროვნულ კერძებს ვამზადებდი.
- გამოდის, თქვენ მზარეულიც ხართ...
- ჩათვალეთ, ასეა. უბრალოდ, პროგრამა, პროდიუსერული კომპანიის ვალების გამო, მალე დახურეს.
-კვლავ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. “ბაიერნიდან” წახვედით, მაგრამ სპორტის საყვარელ სახეობასთან რაიმე კავშირი თუ გაქვთ?
- საფეხბურთო კლუბ “ლონდრინას” სპორტული დირექტორი ვარ, რომელიც ამავე დასახელების ჩემი მშობლიური ქალაქიდანაა. კარიერას ამ გუნდში ვიწყებდი და 15 წლამდე ვთამაშობდი, ვიდრე “მილანში” არ გადავედი, სადაც კარიერა არ ამეწყო და ერთი თამაშიც არ ჩამიტარებია. თუმცა, ღმერთის გზები შეუცნობადია და ჯერ შვეიცარიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში მოვხვდი, სადაც ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი. “ლონდრინაში” არა მხოლოდ დიდების, არამედ, საბავშვო გუნდიც გვყავს, სადაც საერთო ჯამში 55 მოზარდი ვარჯიშობს. ყველა მათგანი გაჭირვებული ოჯახებიდანაა და ზოგიერთი საერთოდ უპატრონოა.  
- თქვენ ხომ დიდი ხნის წინ, გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად სპეციალური ფონდი დააფუძნეთ და ამისთვის პრემიაც კი მიიღეთ...
- ჩემი ფონდი 1994 წლიდან არსებობს, ხოლო 2005-ში, წმინდა მარტინის საპატიო პრემიით დამაჯილდოვეს. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ბავშვებზე შეფობა ისეთმა ხალხმა აიღოს, ვისაც მაგალითად, 2000 ევროს შემოწირვა, ბავშვებისთვის არცთუ ძვირფასი საჩუქრების გაგზავნა, ან წერილების მიწერა არ უჭირს. გარდა ამისა, ერთგვარ ლატარეას ვატარებთ, როდესაც ბავშვს შეიძლება ცნობილი მეურვე შეხვდეს. მაგალითად, ჩემი კარგი მეგობარი ფრედი ბობიჩი, რომელთან ერთადაც “შტუტგარტში” ვთამაშობდი, ან კიდევ, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო არბიტრი ურს მაიერი. ასევე, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები.    
- რატომ მოგივიდათ საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეა?
- იმიტომ, რომ თავად დაბადებული ვარ ოჯახში, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. მე და ჩემს სამ ძმას მკაცრად გვზრდიდნენ. შესაძლოა, ამიტომაც გამოვედი არცთუ ცუდი და წარმატებული ადამიანი. თუმცა, ვიღაცას მშობლის “მაგარი” ხელი აკლია და გვსურს, ამ ბავშვებს დავეხმაროთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.122139