ინტერვიუები

10:41 | 11.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი: “ორთაბრძოლებში თავს არც სამომავლოდ დავზოგავ”

7 დეკემბერს, ჯონ ტერის 30 წელი შეუსრულდა. საკუთარ იუბილეს, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” უკანახაზელი ფეხმტკივანი შეხვდა. ტერი იმდენად შეაწუხა ტკივილმა, ჟურნალისტს მწოლიარე, მკერდთან მუხლებმიკრული ესაუბრა.
- თუ გახსოვთ, ბოლოს როდის გახვედით სათამაშოდ საღ-სალამათი?
- რთული კითხვა მომეცით, გასახსენებლად დრო დამჭირდება... იმ ბედნიერი დღიდან, მინიმუმ, 5 წელია გასული. აგერ, უკვე რამდენი ხანია, მინდორზე გამაყუჩებელი პრეპარატების დახმარებით გავდივარ. ეს მდგომარეობა, პრაქტიკულად, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. მატჩიდან მატჩამდე არა მიშავს, აი, შეხვედრების მიწურულს კი, ტკივილი მძლავრობს ხოლმე და რომ არა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული... ამასთან, სირთულის გადალახვისა და გამარჯვებისკენ ლტოლვის დაუოკებელი სურვილი, ადრენალინის გამომუშავებაში მეხმარება. ასპარეზობის დროს, ხშირად, ტკივილის გრძნობა მავიწყდება კიდეც. უფრო რთულადაა საქმე, როცა ესა თუ ის დაზიანება თავს წვრთნის დროს მახსენებს. ამ დროს ნაკლებად მოტივირებული ვარ და დიდი ძალისხმევაა საჭირო ვარჯიშის ბოლომდე ჩასამთავრებლად.
- ამჟამადაც ტრავმირებული ხართ?
- დიახ და ახლანდელი დაზიანება ძალიან სერიოზულია. ფეხი ასე აქამდე არასდროს მტკენია. ურთულეს მდგომარეობაში გახლდით ჩავარდნილი 15 ნოემბერს “სტემფორდ ბრიჯის” ტრიბუნაზე ყოფნისას. იმ დღეს, “სანდერლენდმა” გაგვანადგურა, მე კი ჩვენების უსუსურ თამაშს ვუცქერდი და ვერაფრით ვეხმარებოდი პარტნიორებს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაშს თავს ვარიდებდი და მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს “ბირმინგემთან” ვიასპარეზებდი. მერწმუნეთ, ნამდვილად ავად ვარ, თანაც 30 წლისა გავხდი და ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე. ისე არ გამიგოთ, თითქოს ორთაბრძოლებში თავის დაზოგვას ვაპირებდე, მაგრამ ჯილდოების ინვალიდის სავარძელში გადათვალიერების პერსპექტივა ნაღდად არ მხიბლავს.
- მიმდინარე წელი, თქვენთვის არა მარტო ტრავმებითაა სამწუხარო მომენტებით გამორჩეული. 5 თებერვალს, გაზეთებმა სკანდალური სტატიების ციკლი წამოიწყეს, რაც საბოლოოდ, ნაკრების კაპიტნობის დათმობად დაგიჯდათ. ფაბიო კაპელო ამტკიცებდა, ტერის სამკლავური მისივე ინტერისიდან გამომდინარე ჩამოვართვიო. თავად როგორ შეხვდით მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
- თავიდან გაოცებული და გულნატკენი გახლდით, მოგვიანებით კი, დონ ფაბიოს გავუგე. კაპელომ მითხრა, რომ მან ჟურნალისტების მოჭარბებულ ყურადღებას ამარიდა და მშვიდად ცხოვრებისა და ვარჯიშის საშუალება მომცა. ბევრს ჰგონია, რომ მე და ნაკრების დამრიგებელმა ვიჩხუბეთ, მაგრამ გარწმუნებთ, საუბრისას ხმისთვის ნახევარი ტონითაც კი არ აგვიწევია. ნაკრების კაპიტნობიდან გადაყენების დღე, ერთ-ერთი ყველაზე უიღბლოა ჩემს ცხოვრებაში. უარყოფითი დატვირთვით, მას მხოლოდ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების თარიღი თუ “გაუტოლდება”. სულელურ დღეში ჩავვარდი ეგვიპტესთან ტესტ-მატჩის მსვლელობის დროს. ნაკრები სათამაშოდ სტივ ჯერარდმა გაიყვანა. როდესაც ის შეცვალეს, სამკლავური ფრენკ ლამპარდმა გაიკეთა, მისი მინდვრიდან გასვლის შემდეგ, კაპიტნობა გარეთ ბერის დაეკისრა, შემდეგ კიდევ სხვას... გამოგიტყდებით, ფსიქოლოგიურად რთულ დღეში აღმოვჩნდი.
- ამბობენ, კაპიტნობის ჩამორთმევის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ძველებური ხალისით აღარ თამაშობთ...
- ამას კატეგორიულად უარვყობ. მხოლოდ ტრავმა მიშლის ხელს კვლავინდებურად გულიანად და თავდაუზოგავად დავიცვა ინგლისის საფეხბურთო ღირსება.  
მოამზადა გოჩა კაჭარავამ



 

0.132532