ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე შავი ზღვის ქვეყნების საჭადრაკო ტურნირის მე-2 ტურში სამივე პარტია ფრედ დასრულდა. ამდენად, ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2734) პირველი ნახევარი ქულა გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ Black Sea Cup-ზე ჯობავას გარდა უკრაინელი ალექსანდერ არეშჩენკო (2702), რუსი ვლადიმირ მალახოვი (2700), ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2689), თურქი სუატ ატალიკი (2603) და რუმინელი ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (2648) თამაშობენ.
დღეს, ბაადური შავი ფიგურებით ნისიპეანუს დაუპირისპირდა და 48-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა. ასევე დაზავდნენ არეშჩენკო-ჩეპარინოვი და მალახოვი-ატალიკი. ამგვარად, 2 ტურის თავზე 1.5 ქულით რუსი მალახოვი დაწინაურდა, რომელმაც ტურნირი ჯობავასთან გამარჯვებით გახსნა.
ცნობისთვის, შავი ზღვის საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 2 750 ევროს მიიღებს. ტურნირი ორ წრედ და ათ ტურად წარიმართება და 19 სექტემბერს დასრულდება.
დათო მანჯავიძე