ჭადრაკი

22:53 | 23.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ და მჭედლიშვილმა სამეულში დაასრულეს

საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2706) დუბაიში გამართული შეიხ რაშიდ ბინ ჰამდან ალ მაკტუმის სახელობის თასზე, ბლიც-ტურნირში გამარჯვება არავის დაუთმო, კლასიკურ ჭადრაკში კი, 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ჩემპიონ ჰუა ნის (ჩინეთი, 2637) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
ჯობავამ არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში ჩატარებული შეჯიბრის დასკვნითი ტურები ჩინებულად ჩაატარა. მან უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს (2612) –  თეთრი ფიგურებით, ხოლო ინდოელ სურია განგულის (2633) – შავებით სძლია და პირველ ადგილამდე სულ მცირედი დააკლდა. აქვე ვთქვათ, რომ ბაადურმა ტურნირზე ხუთი პარტია მოიგო (ზედიზედ სამი ტურნირის სტარტზე), ოთხი კი ყაიმით დაასრულა.
ასეთივე შედეგი ჰქონდა და შესაბამისად, აგრეთვე 7.0 ქულა მოაგროვა მიხეილ მჭედლიშვილმა (2626), რომელსაც დამატებითი მაჩვენებლებლით მე-3 საფეხური ერგო, ასე რომ, კვარცხლბეკზე ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა. მე-8 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2616) დაუზავდა, მეცხრეში კი თეთრებით ტურნირზე მე-2 რეიტინგის მქონე (პირველი ჯობავა გახლდათ) ჰოლანდიელ ლუკ ვან ველის (2691) სძლია. აქვე შეგახსენებთ, რომ ბლიც-ტურნირში მიხეილი ბაადურის კვალად მე-2 გახლდათ, ამდენად, დუბაის პირველობას მისთვისაც წარმატებული უნდა ვუწოდოთ.
ტურნირის ჩემპიონმა ნიმ საპრიზო 50 ათასი დოლარიდან 10 ათასი მიიღო, ჯობავას 7 ათასი ერგო, ხოლო მჭედლიშვილს – 4 ათასი. ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველთაგან ლევან ფანცულაიამა (2595) და სოფიკო ხუხაშვილმა (2408) 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, 33-ე და 42-ე ადგილები დაიკავეს. ბოლო ტურში მოულოდნელად ყაზახ მარია სერგეევასთან (2327) დამარცხდა დავით არუთინიანი (2553). შედეგად, აზიელმა 6.0 ქულა მოაგროვა და ქალბატონთა დავაში, ხუხაშვილს 0.5 ქულით გაასწრო, რისთვისაც 3 300 დოლარით დაჯილდოვდა, არუთინიანი კი 5.0 ქულით 56-ე ადგილზე გავიდა.
 

0.114495