ჭადრაკი

22:30 | 16.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა აუტსაიდერთა რიგებში რჩება

შავი ზღვის ქვეყნების საჭადრაკო ტურნირის 6 ტურის თავზე ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე შეჯიბრს სათავეში მასპინძელი ივან ჩეპარინოვი (2689) ჩაუდგა, რომელმაც თავი 4.5 ქულას მოუყარა.
ჯერჯერობით, კვლავაც წარუმატებლად თამაშობს ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2734), რომელსაც ტურნირზე პირველი რეიტინგი გააჩნია. ჯობავამ მე-5 პარტიაში ხსენებულ ჩეპარინოვთან წააგო, შემდეგ კი კვლავ შავი ფიგურებით რუს ვლადიმერ მალახოვთან (2700) დამარცხდა.
ჯობავას აქტივში 2.0 ქულა რჩება და იგი ბოლოსწინა მე-5 ადგილზე რჩება, მის უკან კი მხოლოდ თურქი სუატ ატალიკია (2603) 1.0 ქულით. მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით რუმინელ ლივიუ-დიტერ ნისიპეანუს (2648) ეთამაშება.
შავი ზღვის საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 2 750 ევროს მიიღებს. ტურნირი ორ წრედ და ათ ტურად წარიმართება და 19 სექტემბერს დასრულდება.

0.121061