ინტერვიუები

11:03 | 12.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი: "ვივიანო ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს"

“სკუადრა აძურასა” და ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ფეხბურთისგან “ისვენებს”. იგი, ჯერჯერობით, მხოლოდ დამკვირებლის სტატუსითაა. დღეს, იტალიის ნაკრები, გენუის “ლუიჯი ფერარისზე” სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება და ტრიბუნაზე ადგილს ბუფონიც დაიკავებს. მანამდე კი, ჯიჯი იტალიელ ჟურნალისტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე სცემს პასუხს.  

- ჯიჯი, როდის აპირებთ საფეხბურთო მინდორზე დაბრუნებას? გულშემატკივრებს მოენატრეთ, ამასთან, უთქვენოდ “იუვენტუსიც” ვერ გამოიყურება მაინცა და მაინც საიმედოდ...
- ხერხემალზე გადატანილი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდი ჯერ არ გამსვლია. სრული დატვირთვით ვარჯიშს, დაახლოებით ერთ თვეში შევუდგები და იმედია, 2011 წლის პირველივე დღეებიდან სათანადო ფორმაში ჩავდგები. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, ტრავმა საბოლოოდ რომ მოვირჩინე და მუდმივი ყრუ ტკივილის გრძნობასაც დავემშვიდობე.  
- თქვენი მკურნალობის დროს გაზეთები წერენ, “მანჩესტერ იუნაიტედში” რომ გადადიხართ. რამდენად რეალურია ეს ხმა?
- აბა, რა უნდა გითხრათ ახალი, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდზე? “მანჩესტერი” უდიდესი კლუბია, მაგრამ მისი მხრიდან ჩემი პერსონით დაინტერესებაზე არაფერი მსმენია.  
- მაშ, საიდან ჩნდება ამგვარი ხმა?
- ალბათ, ინგლისიდან. ყოველ შემთხვევაში, იტალიაში ჩემს მანჩესტერში გადაბარგებაზე არ საუბრობენ. “იუვესთან” კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული. ამ ვადის ამოწურვამდე, ტურინიდან წასვლა არ მსურს და არ მგონია, “ბებერ ქალბატონსაც” ჩემთან განშორება სურდეს.
- მომავალი გაზაფხულიდან, კვლავ დაიცავთ “სკუადრა აძურას” კარს?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ ფორმა უნდა აღვიდგინო, რეგულარულად და კარგ დონეზე დავიცვა “იუვეს” კარი, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ ნაკრებში დაბრუნებაზე.
- “სკუადრა აძურაში” მას შემდეგ არ გითამაშიათ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩეზარე პრანდელი დაინიშნა. გაქვთ კავშირი ნაკრების წევრებსა და სამწვრთნელო შტაბთან?
- გენუაში, ჩვენების სანახავად აუცილებლად ჩავალ, სანაკრებო პარტნიორებს და მეგობრებს მოვიკითხავ.
- იტალიის განახლებულ ნაკრებზე რა აზრის ხართ?
- “სკუადრა აძურას”, რეალურად, მაღალი პოტენციალი გააჩნია. ბიჭებს ენთუზიაზმს ვატყობ, ყოველთვის ასეა, როცა ახალი შესარჩევი ციკლი იწყება. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგიც კარგი გვაქვს, რაც პოზიტიურ იმპულსს შესძენს ნაკრებსაც და მთლიანად იტალიურ ფეხბურთსაც.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, თუ ელოდით ამგვარ პროგრესს?
- გითხრათ სიმართლე, მუნდიალზე “სკუადრა აძურასგან” კარგ შედეგს არ ველოდი, ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – პრანდელიმ ნამდვილი გუნდი ჩამოაყალიბა.
- მის მუშაობას დადებითად აფასებთ?
- ძალიან ძნელია სათანადოდ შეცვალო ისეთი ქარიზმატული ფიგურა, როგორიც მარჩელო ლიპია. სინიორ ჩეზარეს ეს კარგად გამოუვიდა. პრანდელი “სკუადრა აძურაში” ახალი იდეებით შეიარაღებული მივიდა და მათი გატარებაც მოახერხა.
- ნაკრების კარში კონკურენციაზე რა აზრის ხართ - ვივიანომ სირიგუს აჯობა?
- ვივიანომ ბელფასტში კარგად ითამაშა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ბევრი ჰქონდა. ვივიანო დამაჯერებლად იცავს კარს და ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს.
- პირადად თუ გისაუბრიათ ვივიანოსთან?
- ემილიანოს “იუვენტუსი”-”ბოლონიას” მატჩის შემდეგ შევხვდი. ბოლონიელთა მეკარე უცნაურ ადამიანად მომეჩვენა. თუმცა, ნებისმიერი მაღალი კლასის მეკარე თავისებური ხასიათით გამოირჩევა. რაც მთავარია, ვივიანო გულწრფელი ადამიანია და ადამიანები მის მიმართ დადებითად განეწყობიან.
- ტოტის ნაკრებში დაბრუნებაზე რას იტყვით?
- თუკი ფრანჩესკო დაამტკიცებს, რომ “სკუადრა აძურასთვის” სარგებლობის მოტანა შეუძლია, ნაკრებში თამაშის სურვილს დაადასტურებს, მაშინ გზა ხსნილი ექნება. ტოტი არაორდინალური ოსტატობით გამოირჩევა, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ალესანდრო დელ პიეროზეც. ჩესკოცა და ალექსიც კვლავინდებურად ახალგაზრდული სულისკვეთების ადამიანები არიან.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.120087