ინტერვიუები

11:01 | 13.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპაოლო პოცო: "უდინეზე" იტალიაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს"

გასულ უიკ-ენდზე, იტალიურ სერია A-ში, რამდენიმე თვალსასეირო შეხვედრა ჩატარდა. გენუაში, ფლორენციასა და ნეაპოლში, მაყურებელმა დაძაბული და შედეგიანი მატჩები იხილა, ტურის გამორჩეული ასპარეზობა კი, მილანის “სან სიროზე” ჩატარდა. პირველობის ლიდერის “მილანისა” და გათამაშების ცხრილის შუაგულში მყოფი, “უდინეზეს” დაპირისპირება, 35-ე წუთამდე გამოსარჩევი ბევრით არაფრით ყოფილა, ამ მომენტიდან მოყოლებილი კი, გუნდებმა ტემპსაც მოუმატეს, იერიშებსაც მოუხშირეს, მატჩის მიწურულს კი, ფეხბურთის მოყვარულებს სულაც დრამატული ფინალი გვაჩუქეს. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, ტაბლოზე 4:4 ენთო! დაგვეთანხმებით, ამგვარი ტიპის შეხვედრები და საბოლოო შედეგი, იტალიელთა ლიგისთვის იშვიათობაა. სწორედ ამიტომაც, პაექრობის დასრულების შემდეგ, მილანელი გულშემატკივრები იმდენად კმაყოფილები იყვნენ ნანახი საფეხბურთო სპექტაკლით, საყვარელი გუნდის მიერ, დაკარგული უმნიშვნელოვანესი 2 ქულა, “დაავიწყდათ” კიდეც.
უდინელებს რაც შეეხებათ, მათ გაორებული გრძნობით დაასრულეს მატჩი. “მილანთან” გასვლაზე მოპოვებული ქულა მშვენიერი რეზულტატია, მაგრამ ასპარეზობის ხასიათისა და მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფრიულებს მილანში ჩემპიონატის ლიდერის დამარცხებაც შეეძლოთ.
უდინელთა კლუბის მფლობელი, ჯამპაოლო პოცო შეხვედრის შემდეგ, გუნდის ლამაზი თამაშის გამო, მილოცვებს იღებდა და ჟურნალისტებსაც კმაყოფილი გაესაუბრა.  
- შეუძლებელია, სერია A-ს ლიდერთან გასვლაზე ჩატარებულმა მატჩმა კმაყოფილი არ დაგტოვოთ...
- მატჩმა, ცხადია, მასიამოვნა. განსაკუთრებით კი, ჩვენი გუნდის მიერ “სან სიროზე” ნაჩვენები თამაშის ხარისხმა დამაკმაყოფილა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გამკვირვებია, ბიჭები ასე სოლიდურად რომ გამოიყურებოდნენ. გავიხსენოთ “უდინეზეს” ბოლოდროინდელი შეხვედრები “კიევოსა” და “ლაციოსთან”. ვერო¬ნელებთან დამაჯერებლად ვიმარჯვეთ, ასევე კარგად გამოვიყურებოდით რომაელებთანაც და ვფიქრობ, წაგებას (უდინეზელები 2:3 დამარცხდნენ) არ ვიმსახურებდით. მილანის “სან სიროზეც”, გუნდი ისეთივე განწყობით გავიდა, როგორც წინა ასპარეზობებში და “როსონერის” დიდი ბრძოლა გავუმართეთ.
- მეორე ტაიმის შუაწელში, “უდინეზე” 3:1 დაწინაურდა, 89-ზე დენისმა 4:3 გახადა თქვენს სასარგებლოდ. გული არ დაგწყდათ, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გააყაიმა?
- აკი მოგახსენეთ, რომ მაყურებლისთვის მიმზიდველი, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ნამატჩევს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შევხვდი და კარგი თამაში მივულოცე. მეორეს მხრივ კი, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია, როცა დიდი ხნის განმავლობაში იგებ, ასპარეზობის მიწურულსაც წინ ხარ და 2 ქულის დამკარგავ ბურთს “ფოტოფინიშზე” გაუშვებ. ცხადია, ბევრი იტყვის, ასეთ ძლიერ და ჩემპიონატის ლიდერ გუნდთან, გასვლაზე თუნდაც ქულის აღება, სავსებით მისაღები შედეგიაო, მაგრამ, ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით. “მილანს” რაც შეეხება, მასიმილიანო ალეგრის გუნდის მისამართით, მხოლოდ საქებარი სიტყვები მსურს ვთქვა. “როსონერი” ყოველმხრივ კარგადაა მომზადებული, განსაკუთრებით კი, ფსიქოლოგიურ მდგრადობას მოვუწონებდი. გუნდმა 4 გოლი გაუშვა და მაინც იპოვა ძალა, თამაშის მისთვის სასიკეთოდ შემოსაბრუნებლად და საბოლოოდ ქულის მოსაპოვებლად.
- მსაჯობით უკმაყოფილო ხომ არ დარჩით? არბიტრმა ვალერიმ საკუთარი მოვალეობები კვალიფიციურად შეასრულა?
- მსაჯებზე საუბარი ჩემი მხრიდან არაეთიკურია. ვალერის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონიდან ქულის წამოღება ურთულესი საქმეა. ამ სარბიელზე თამაში ყველას უჭირს და ხომ ნახეთ, 4 გოლის გატანაც კი. არ აღმოჩნდა საკმარისი მოგების მოსაპოვებლად.  
- “უდინეზემ” წინა ტურში პირველი წრე დაასრულა. სეზონის დასაწყისში ზედიზედ განცდილი 4 მარცხის შემდეგ, გუნდი სადღეისოდ 8-ე პოზიციაზეა. ჩემპიონატის სუსტად დაწყების შემდეგ, ელოდით ამგვარ პროგრესს?
- გუნდი პირველობისთვის კარგად მოემზადა, ამიტომაც ვერ ამიხსნია, რატომ დავმარცხდით, მიჯრით ოთხჯერ, სერია A-ს სტარტზე. პირველი გამარჯვება მხოლოდ მეექვსე ტურში ვიზეიმეთ და მას შემდეგ, მდგომარეობა ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვალა. “უდინეზეს” საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა და მაქსიმალური კონცენტრირება მართებს. თუკი სამომავლოდაც განვაგრძობთ ბოლოდროინდელი თამაშის ანალოგიურის ჩვენებას, გულშემატკივართა გახარებას მოვახერხებთ. “უდინეზე” დღეს, იტალიაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და თუკი ესთეტიკური და შემტევი თამაშის შესაფერისი შედეგი არ გვაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობის ბრალია. გავიხსენოთ “სან სიროზე” ჩატარებული შეხვედრა. ბენატინის ავტოგოლი რომ არა, ალბათ, მოვიგებდით. ვიმედოვნებ, ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, ფორტუნა მოწყალე თვალით გადმოგვხედავს. ამ ეტაპზე კი, უმთავრესი ისაა, რომ ჩვენი გუნდი ყოველკვირეულად აუმჯობესებს თამაშს და ფეხბურთელებიც სულ უფრო და უფრო უკეთეს ფორმაში შედიან. ამასთან, “უდინეზე” ახალგაზრდული გუნდია და ძალიან მნიშვნელოვანია, მოთამაშეების შემდგომი პროფესიული წინსვლა. საბედნიეროდ, ეს კარგად ესმით როგორც თავად ფეხბურთელებს, ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფრანჩესკო გვიდოლინის. “მილანთან” ჩატარებულ შეხვედრას კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ამ მატჩის შემდეგ, ბიჭებს საკუთარი ძალისადმი რწმენა მოემატებათ.
- გახსნილ სატრანსფერო ბაზარზე, “უდინეზე” აქტიურობას თუ აპირებს?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი პრეროგატივა არაა. კლუბს პრეზიდენტი, გენერალური და სპორტული დირექტორი ჰყავს, ამიტომაც, ამ საკითხზე ნათელის მოსაფენად მათ და მთავარ მწვრთნელს უნდა მიმართოთ. არ მგონია, სეზონის დასრულებამდე, რომელიმე მოთამაშის გუნდიდან გაშვება უპრიანი იყოს. ამასთან ვისურვებდი, რომ მეორე წრეში, გუნდში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. საამისოდ, მწვრთნელებთან ერთად,  მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ ექიმებსა და ფიზიოთერაპევტებს. ერთი სიტყვით, კლუბში მომუშავე ნებისმიერი ადამიანის მაღალი კვალიფიკაციის, შრომისმოყვარეობისა და კეთილსინდისიერების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი იმედს სრულად გამიმართლებენ.


გოჩა კაჭარავა


0.116629