ფეხბურთი

13:17 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაფარიძემ “შერიფს” მოუგო

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, “ტირასპოლმა”, სადაც ლაშა ჯაფარიძე ირიცხება, სტუმრად დერბიში ტირასპოლის “შერიფს” 2:1 მოუგო. რუსთავის “მეტალურგის” ექსმცველმა, რომელიც გუნდს ზამთარში შეემატა, შეუცვლელად ითამაშა. “ტირასპოლს” 48 ქულა დაუგროვდა და 12 გუნდში მეორეა. ჯაფარიძის გუნდი 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ “შერიფს”, რომელშიც სპორტულ დირექტორად ვაჟა თარხნიშვილი მუშაობს.

სომხეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში, ერევნის “ბანანცმა” სტუმრად გიუმრის “შირაქი” დაამარცხა 1:0. ერევნელთა სასტარტოში იმყოფებოდა უჩა გოგოლაძე, რომელსაც ამჯერად გოლი არ გაუტანია. ქართველი თავდამსხმელი “ბანანცს” ზამთარში შეუერთდა და მეტოქეთა კარი უკვე ორჯერ აიღო. ერევნელებს 28 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

კაპანის “განძასარი” გასვლაზე ერევნის “მიკას” დაუზავდა – 0:0. შოთა ჯიქიამ სტუმართა სასტარტოში ითამაშა. “განძასარი” 23 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” შინ “თრაკაის” 1:0 აჯობა. შარშანდელისგან განსხვავებით “ბანგაში” ქართველი ლეგიონერი აღარ დარჩა, სამაგიეროდ, “თრაკაიში” ბესიკ ამაშუკელმა შეუცვლელად ითამაშა. 22 წლის ნახევარმცველმა 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ორი ტურის შემდეგ, “თრაკაი” 3 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

“კრუოიამ” “შიაულიაი” მიიღო და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ვაჟა ბედოიძე სტუმართა სათადარიგოებს შორის იყო, მაგრამ არც ამჯერად უთამაშია. “კრუოია” 4 ქულით მეოთხეა.

ხორვატიის ნოგომეტნი ლიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, სპლიტის “ჰაიდუკმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ილურიძე იცავს, სტუმრად “ოსიეკთან” ქულა აიღო – 1:1. ქართველ თავდამსხმელს არც ამჯერად უთამაშია, ვინაიდან ჯერ ტრავმა ვერ მოიშუშა. “ჰაიდუკი” 52 ქულით 10-გუნდიან გათამაშებაში მეორეა.

0.106553