თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ფორვარდს, ჯაბა ლიპარტიას ლუგანსკის “ზარიასთან” ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ ის კარიერას უკრაინის პრემიერლიგის კლუბში გააგრძელებს.
ლუგანსკელთა პირველ შეკრებაზე, 23 წლის ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და “ზარიას” თავკაცმა, ანატოლი ჩანცევმა ის თურქეთში მოსამზადებლად მეორედაც წაიყვანა. ქართველი თავდამსხმელის თქმით, გუნდში საუცხოოდ მიიღეს და თავს ისე გრძნობს, თითქოს ერთი წელია “ზარიაში” იმყოფება. ამის შესახებ, მან უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
- “ზარიასთან” ერთად პირველი შეკრება გაიარეთ. უკვე მეორე შეკრების თითქმის ნახევარმაც განვლო. გუნდის შესახებ, გარკვეული აზრი უკვე ჩამოგიყალიბდათ?
- რა თქმა უნდა. საუცხოო შთაბეჭდილება შემექმნა. “ზარია” ძალიან კარგი გუნდია და ბიჭებიც მეგობრულები არიან. მათ კარგად მიმიღეს. მომწონს ის ტექნიკური ფეხბურთი, რასაც “ზარია” თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ ეს გუნდი დავაინტერესე.
- უკრაინაში ადრე თუ ყოფილხართ? “ზარიას” წინადადებას, რომ სინჯები გაგევლოთ, ადვილად დათანხმდით?
- უკრაინაში “ვიტ ჯორჯიასთან” ერთად ვყოფილვარ. ჩვენ ხუთჯერ გავიარეთ ყირიმში შეკრება. უკრაინული გუნდების წინააღმდეგაც არაერთხელ ვითამაშეთ. სხვათა შორის, “ზარიასთან” ჩატარებული ამხანაგური მატჩიც მახსოვს. მაშინ, პენალტი “გამოვიმუშავე”. “ზარიას” ჩემი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც გუნდს ანატოლი ვალაბუევი წვრთნიდა. თუმცა, არ გამოვიდა. იმედი მაქვს, ახლა ყველაფერი ნორმალურად იქნება.
- როგორც თქვით, გუნდში კარგად მიგიღეს...
- მართლაც ასეა. ნამდვილად არ ველოდი, რომ გუნდში ასეთი კარგი ვითარება იქნებოდა. ეს კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის და თავად ბიჭების დამსახურებაა.
- პირველ შეკრებაზე გაგიჭირდათ?
- სერიოზული დატვირთვები იყო, მაგრამ ფეხბურთი ამის გარეშე წარმოუდგენელია. მუდმივი დატვირთვების ქვეშ ვთამაშობდით და მიუხედავად ამისა, შეკრება კარგად დავასრულეთ. ყველა ამხანაგური თამაში მოვიგეთ.
- ყველაზე მეტად რომელი მატჩი მოგეწონათ?
- “ხაზართან” ჩატარებული ბოლო მატჩი. ბევრი გოლი გავიტანეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეტოქეს ერთი შანსიც კი არ ჰქონია. შეხვედრის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით.
- მეორე შეკრებაზე რაიმე კარდინალურად შეიცვალა?
- არაფერი. ისევე ვმუშაობთ, სხვადასხვა სათამაშო სქემებს ვამუშავებთ, მწვრთნელების დავალებას ვასრულებთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს “ზარიასთან” ერთად წელიწადია ვვარჯიშობ.
- “ზარიაში” უკვე თამაშობს ერთი ქართველი – გიული მანჯგალაძე. მას ადრე თუ იცნობდით?
- არა, “ზარიაში” გავიცანი. საუცხოო ბიჭია და თუ მოინდომებს, მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება.
- რუსულად თავისუფლად საუბრობთ...
- ახლა უფრო ცუდად ვსაუბრობ. სკოლაში რომ ვსწავლობდი, რუსულად უფრო კარგად ვლაპარაკობდი. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკა არ მქონდა, რადგან საქართველოში მხოლოდ მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ.
- სხვა უცხო ენა თუ იცით?
- ცოტა ინგლისური.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა