უმსუბუქეს წონაში შეჯიბრებაში 17 მოჭიდავე ჩაერთვება. ლაშა გოგიტაძეს პირველ მეტოქედ თურქი ფათიჰ უჩუნკუ ეყოლება, გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონ აზერბაიჯანელ ელჩინ ალიევსა და სერბ კრისტიან გაზდაგს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 24 მონაწილე აიწონა. რევაზ ლაშხს 22-ე ნომერი ერგო და ჩემპიონატს მეთექვსმეტედფინალით იწყებს, სადაც სერბ კრისტიან ფრისს დაეჭიდება. ამ წყვილიდან გასული ხორვატ ტონიმირ სოკოლსა და ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგეს შეხვდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან რუსი ივან კუილაკოვი, სომეხი ალექსან მიქაელიანი, უნგრელი იშტვან კოზაკი და სლოვაკი იშტვან ლევაი. ეს უკანასკნელი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ევროპის ჩემპიონისვე სიახლოვეს მოხვდა სოსო ჯაბიძეც (96 კგ). მისი და სომეხი არტურ ალექსანიანის გზები მეორე წრეში იკვეთება, ოღონდ იქამდე ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელ ალექსანდრ ვასილიევს უნდა მოუგოს, ხოლო ალექსანიანმა – შვედ ფრედერიკ შტეფან შონს. ბადის ამავე მხარეს მოხვდნენ რუსი ნიკიტა მელნიკოვი, უნგრელი ბალაშ კიში, თურქი ჩელკ ილდემი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე შალვა გადაბაძე.
მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე 17 მონაწილეს შორის მაინცდამაინც იმ ორში მოხვდა, რომლებიც ჩემპიონატს პირველივე წრიდან იწყებენ. დანარჩენი 15 კი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთვება. ამასთან, მეტოქეც ისეთი არგუნა წილისყრამ, უარესს რომ ვერ ვიფიქრებდით – ლონდონის ოლიმპიური თამაშების ესტონელი ფინალისტი ჰეიკი ნაბი.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 13 საათზე დაიწყება.