გერმანულ “ფრაიბურგში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ, გასულ ზაფხულს, დავით თარგამაძე უკრაინის ქვედალიგელ “ალექსანდრიაში” აღმოჩნდა. ამ ტრანსფერმა უკრაინულ მასმედიაში საკმაო ინტერესი გამოიწვია და 21 წლის ფეხბურთელი “ქართველ რიბერიდაც” კი მოიხსენიეს. ახალ გუნდში თარაგამაძის დებიუტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა – შეცვლაზე შესულმა, ათ წუთში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “ლვოვთან” ეფექტური გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. სეზონის პირველი ნახევრის დანარჩენი მატჩებიც მან კარგად ჩაატარა და უკრაინულ გრანდ კიევის “დინამოს” მესვეურთა ყურადღებაც მიიპყრო. ამჟამად, ფეხბურთელი თბილისშია და როგორც “ალექსანდრიაში” გატარებულ პერიოდზე, ასევე კიეველთა ინტერესზე “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.
- “ფრაიბურგიდან”, უკრაინის პირველი ლიგის კლუბ “ალექსანდრიაში” როგორ აღმოჩნდით?
- “ფრაიბურგთან” კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, გარკვეული პრობლემების გამო, თანამშრომლობის გაგრძელება არც ერთ მხარეს არ გვსურდა. მართალია, ევროპაში დარჩენა მინდოდა და მზად ვიყავი დაბალ ლიგაშიც მეთამაშა, მაგრამ რეალური წინადადებით არავის მოუმართავს. ზაფხულში მენეჯერი ანდრეი ბილეიჩუკი დამიკავშირდა, რომელიც კახა კალაძესთანაც თანამშრომლობს და მას ლაშა ჯაკობიასგან ვიცნობდი. მან მითხრა, თუ რამე შემიძლია, დაგეხმარებიო და “ალექსანდრიაში” გადასვლა შემომთავაზა. უკვე 29 აგვისტო იყო და სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა, ამიტომ, მადლობა ღმერთს, რომ ეს ვარიანტი გამოჩნდა. “ალექსანდრიასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გავაფორმე.
- გერმანიის ბუნდესლიგიდან უკრაინის ქვედა ლიგაში გადასვლას, უკანგადადგმულ ნაბიჯად არ თვლით?
- ჩავთვლი, აბა, რას ვიზამ?! ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბუნდესლიგიდან უკრაინის პირველ ლიგაში გადასვლა კარგია-მეთქი. ასე მოხდა და რას ვიზამ. თუმცა ამან, უკრაინაში პირიქით, რეკლამა გამიწია. კლუბში იციან, რომ გერმანიიდან პრობლემების გამო წამოვედი. “ფრაიბურგში” ორი წელიწადი სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა და “ამხანაგურში” თუ ვითამაშებდი, ან “ოფიციალურში” შეცვლაზე შევიდოდი. “ალექსანდრიაში” კი კარგი პრაქტიკა მივიღე. უკრაინის ჩემპიონატში 5 თამაში ჩავატარე, ხოლო თასზე ერთი - 2 გოლი გავიტანე და 4 საგოლე პასი გავაკეთე. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლეგ შარანიც და კლუბის პრეზიდენტი ნიკოლაი ლავრენკოვიც კმაყოფილნი არიან. 19 დეკემბერს ალექსანდრიაში შევიკრიბებით და იანვარში, მოსამზადებლად თურქეთში გავემგზავრებით.
- “ალექსანდრიაში” გადასვლამდე “კარლ¬სრუეში” ისინჯებოდით. რატომ ვერ მოახერხეთ იქ დარჩენა?
- “კარლსრუეს” როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე სპორტულ დირექტორსაც ვესაუბრე, რომლებმაც მითხრეს, ყველაფერი მოგვარებულია - ფეხბურთელებს გავყიდით და აგიყვანთო. ჩემმა ყოფილმა გერმანელმა მენეჯერმაც იგივე მითხრა. თუმცა, მოგვიანებით დამირეკეს და გაირკვა, რომ რაღაც პრობლემების გამო, ჩემი ტრანსფერი არ გამოდიოდა. ბოლომდე ვერც გავიგე, რა მოხდა.
- თამაში რა პოზიციაზე გიწევთ?
- “ალექსანდრია” სამი თავდამსხმელით თამაშობს და მე მარცხნიდან მევალება ვითარების გამწვავება – მარცხენაფლანგელი ვარ. მწვრთნელი ითხოვს, რომ სწრაფმა ფეხბურთელებმა ჩვენი შეტევის დროს ფლანგებზე ვიაქტიუროთ და როცა საჭიროა, მცველებსაც დავეხმაროთ.
- სხვათა შორის, ლავრენკოვმა ერთ-ერთ უკრაინულ გა-მოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეტევაში ეფექტურად კი თამაშობთ, მაგრამ დაცვაში იმდენად პროდუქტიული არ ხართ...
- “ალექსანდრიაში” რომ ჩავედი მომზადებული არ ვიყავი. ფაქტობრივად, მანამდე სამი თვე არაფერი გამიკეთებია. უვარჯიშებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ზაფხულში მამა გარდამეცვალა. გუნდის მთავარ მწვრთნელს ვუთხარი კიდეც, ფიზიკურად მოუმზადებელი ვარ-მეთქი. “ალექსანდრიაში” მხოლოდ ერთი თვე ვივარჯიშე და ამიტომ, ორი ტაიმი თამაში მიჭირდა. ისე, სიმართლე გითხრათ, დაცვაში ჩასვლა არც მიყვარს და ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ. მთავარია, წინ ჩემი საქმე გავაკეთო და თუ რამეა, სამი საყრდენი ნახევარმცველით ვთამაშობთ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დამაზღვევენ.
- “ალექსანდრიაზე” რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- გუნდს კარგი საწვრთნელი ბაზა და კარგი სტადიონი აქვს, სერიოზული პრეზიდენტი ჰყავს, ფინანსები არის, საშინაო მატჩებზე 5000-6000 მაყურებელი დადის. პირველ ადგილზე ვიმყოფებით და პრემიერლიგაში გადასვლა გვინდა. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფეხბურთი ითამაშო.
- თქვენი კლუბის პრეზიდენტმა მასმედიასთან განაცხადა, რომ თარგამაძით კიევის “დინამო” დაინტერესდაო. ეს ინფორმაცია, სიმართლეს რამდენად შეესაბამება?
- ჩემმა მენეჯერმა, რომელიც “დინამოს” პრეზიდენტ იგორ სურკისს კარგად იცნობს, დამირეკა და მითხრა, რომ შენით ძალიან დაინტერესებული არიანო. შემეძლო 15 დეკემბერს “დინამოში” მივსულიყავი და ვარჯიში დამეწყო - ჩემზე იყო დამოკიდებული რას გადავწყვეტდი. თუმცა, ვამჯობინე “ალექსანდრიას” შეკრებაზე გავყვე, რათა კარგად მოვემზადო, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარო. ბილეიჩუკმა მითხრა, რომ კიეველები მომავალ წელსაც დამაკვირდებიან.
- უკრაინის პირველ ლიგაში როგორი დონეა?
- პირველ ლიგაში ნელ-ნელა ფული იდება და საკმაოდ სერიოზულ ჩემპიონატს აკეთებენ. ნორმალური დონის გუნდები თამაშობენ, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებსაც არცთუ კარგი პირობები აქვთ.
- ფეხბურთელების საშუალო ანაზღაურება რამდენია?
- სხვა გუნდებში ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან არიან ბიჭები, რომელთა ხელფასი 2000-3000 დოლარია. პრემიები 1700-დან 2000 დოლარამდეა. პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ, ანაზღაურება კიდევ უფრო გაიზრდება.
- 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი მატჩის წინ, ოთარ გაბელიამ 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოვებულ სიაში შეგიყვანათ, მაგრამ საბოლოოდ, შეკრებაზე აღარ ჩამოსულხართ...
- შარშან, “ფრაიბურგის” შემადგენლობაში მიუნხენის “ბაიერნთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, გაბელიამ დამირეკა და ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. თან მითხრა ჩვენ შეგეხმიანებითო. თუმცა, არავინ დამკავშირებია. ამის მერე, ისეთი ხმა გავრცელდა, რომ თითქოს უარი ვთქვი შეკრებაზე ჩამოსვლაზე. არადა, ნაკრებში თამაში უფრო მინდოდა, ვიდრე კლუბში.
ლაშა თაბაგარი