ინტერვიუები

9:59 | 2.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია: “მშობლები მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭი ვარ”

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა დავიდ ვილიამ, ესპანურ ას-თან ინტერვიუში, მეტწილად, არასაფეხბურთო თემებზე ისაუბრა -  კინო, ლიტერატურა, ბავშვობის მოგონებები... ასტურიაში დაბადებულ დავიდ ვილია სანჩესს, 9 წლის ასაკში ფეხი მოტეხეს და მამამისის, იმხანად მეშახტე ხოსე მანუელ ვილია სანჩესის დაჟინება რომ არა, ფეხბურთს ვეღარც ითამაშებდა. ბიჭმა რთული გზა გაიარა, თავის დროზე, მისმა საყვარელმა კლუბმა “ოვიედომ” დაიწუნა კიდეც და მხოლოდ 19 წლისა იყო, როცა სეგუნდადივიზიონის ხიხონის “სპორტინგში” მოიკიდა ფეხი.
“ელ გუახე” არ განეკუთვნება მათ ტიპს, რომლებიც ბავშვობაში ვუნდერკინდად ითვლებოდნენ. მას ესპანეთის არც 17 და არც 19-წლამდელთა ნაკრებში არ უთამაშია, მხოლოდ რამდენიმეჯერ მოუზომავს 21-წლამდელთა ნაკრების მაისურა. თუმცა, “მარავილია” (ესპანურად ჯადოსნურს ნიშნავს) ძალიან ახლოსაა “ფურია როხას” რეკორდებთან – ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში, მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება რაულს და დიდი შანსია, ამავე მუნდიალზე გადაასწროს: ვილიას 62 მატჩში 42 გოლი მოუგროვებია, რაულს კი 100 შეხვედრაში 44-ჯერ გაუტანია. ამასთან, ვილია რეკორდსმენია მსოფლიოს ჩემპიონატებზე “ფურია როხას” გატანილი გოლების რაოდენობით: 7 გოლი აქვს აქტივში.
ახლა კი, ინტერვიუ “ვალენსიადან” “ბარსელონაში” ამ ზაფხულს გადასულ 7 ნომერთან, რომელიც, შეხსენებისთვის, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
- აუცილებელი ნივთი, რომელიც დავიდ ვილიას მუდმივად თან დააქვს მგზავრობისას...
- რა თქმა უნდა, ნოუთბუქი, რომლითაც ვეკონტაქტები მეუღლესა და გოგონას. ჩემი ქალიშვილი პატარაა და უკვირს, რატომ არ ვარ ხოლმე ხშირად სახლში. ვცდილობ, არ დამივიწყოს. როცა შემიძლია, ყოველდღიურად, დაძინებამდე ერთი საათი მაინც ვუთმობ დროს ჩემს საყვარელ ადამიანებს (ვილიას ორი ქალიშვილი ჰყავს: უფროსი 4 წლისაა, უმცროსი კი ერთი წლის).
- ფილმებიდან, სრულმეტრაჟიანებს ანიჭებთ უპირატესობას, თუ სერიალებს?
- მაინც სერიალებს. ახლა “დაკარგულებს” ვუყურებ, რომელიც, სამწუხაროდ, მალე დამთავრდება.
- თქვენი საყვარელი ფილმი და საყვარელი მსახიობი?
- ფილმი? მაცადეთ, მოვიფიქრებ... “მამაცი გული” და შესაბამისად, მსახიობი მელ გიბსონი. ასევე მომწონს ესპანელი პას ვეგა.
- ბევრი ფეხბურთელი კომპიტერული თამაშების ფანია. თქვენც?
- არა, მე უფრო სამაგიდო თამაშები მიყვარს. თანაგუნდელებს ხშირად ვეთამაშები და მშვენივრადაც გამომდის.
- სამხრეთ აფრიკაში რაიმე წიგნი ხომ არ წაგიღიათ?
- დიახ, აქ მაქვს დენი ბრაუნის “დაკარგული სიმბოლო” და ვკითხულობ.
- როგორი ადამიანია დავიდ ვილია, რა არის მისი საუკეთესო თვისება?
- მშობლები მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭი ვარ.
- ნაკლი, რომლის გამოსწორებაც ძალიან გინდათ.
- მეუღლე მეუბნება, რომ საშინაო საქმეებში უფრო ორგანიზებული უნდა ვიყო.
- ცრუმორწმუნე ხომ არ ხართ?
- არა მგონია. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე პირველად მარჯვენა ფეხი შევდგა.
- საყვარელი კერძი?
- ღორის ხორცი მიყვარს. მითუმეტეს, თუ დედაჩემის, მეუღლის, ან დეიდის მომზადებულია.
- და საჭმელი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლიათ...
- ეს, შოკოლადია.
- ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელი სახეობა და სპორტსმენი მოგწონთ?
- ორიგინალური არ ვიქნები: ჩოგბურთი და რაფაელ ნადალი.
- რა გუნდის მაისურა გაჩუქეს პირველად?
- ესპანეთის ნაკრების.
- თქვენი გატანილი გოლებიდან, ყველაზე დაუვიწყარი რომელია?
- ალბათ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე შვედებთან ბოლო წუთზე რომ შევაგდე.
- და ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტი?
- ჩემი ქალიშვილის დაბადება. მაშინ ვიგრძენი, რომ აბსოლუტურად ბედნიერი ადამიანი ვარ.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- შარშან, კონფედერაციის თასზე ამერიკის ნაკრებთან წაგების მერე.
- პირველად რომელ მსოფლიოს ჩემპიონატს უყურეთ და რა დაგამახსოვრდათ იმ მუნდიალიდან?
- 1994 წელს ლუის ენრიკეს ცხვირი გაუტეხეს. იტალიელმა მაურო ტასოტიმ ჩაარტყა იდაყვი და მსაჯის გარდა, ყველამ დაინახა.
- ვის თვლით ესპანეთის ნაკრების სიმბოლოდ?
- იკერ კასილიასს.
- და თქვენი კერპი ვინაა?
- ლუის ენრიკე და კინი (ხიხონის ‘სპორტინგისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 300-ზე მეტი გოლი გაუტანია).
- როდესაც პატარა იყავით, ვისი პოსტერები გეკიდათ ოთახის კედელზე?
- ლუის ენრიკესი, ხუანელის და ხოსეპ გვარდიოლასი.
- რას იზამთ, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდეთ?
- ჯერ მთლიანად ესპანელ ხალხთან ერთად ვიზეიმებ, შემდეგ კი – მეგობრებთან. რამეს გავიპარსავ, ან მსგავს ორიგინალურ ქმედებას ვერ დაგპირდებით: საამისოდ, უკვე  ბებერი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემს ასტურიელ მეგობრებთან ერთადაც ვიზეიმებ.

მოამზადა ილია ნანობაშვილმა  
 

0.119817