ინტერვიუები

10:29 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია: “მალე “ფურია როხას” რეკორდსმენი გავხდები”

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დავიდ ვილია ახალი სეზონისთვის ახალი კლუბის, “ბარსელონას” შემადგენლობაში ემზადება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს საკლუბო დონეზეც სურს უმთავრესი ტიტულების მოხვეჭა და კატალონიელთა საამაყო კლუბის პოტენციალიდან გამომდინარე, დავიდი ამ მხრივაც დაიხუნძლება რეგალიებით.

- მსოფლიოს ჩემპიონატის გამო მოსამზადებელი პერიოდი გვიან დაგეწყოთ, შესაბამისად ესპანური ლა ლიგაც სტარტს წელს მოგვიანებით იწყებს. არ მოგენატრათ თამაში?
- მოსამზადებელი პერიოდი უსაშველოდ გაწელლილი მეჩვენება. ჩემი მდგომარეობა გულშემატკივრისთვის ძნელი წარმოსადგენი არაა – პლანეტის საუკეთესო გუნდში, “ბარსელონაში” გადმოვედი და ერთი სული მაქვს, როდის ჩავატარებ პირველ ოფიციალურ შეხვედრას “ასულგრანას” შემადგენლობაში.
- საწუწუნო არაფერი გაქვთ. დასვენება დაიმსახურეთ, თქვენ ხომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდით...
- ეს ამბავი დამატებით მოტივაციას მძენს, ამასთან ტიტული მეტ პასუხისმგელობასაც მანიჭებს.
- სეზონთშორისო პერიოდში თავისუფალი დრო მეტი გაქვთ...
- მუნდიალის დასრულების შემდეგ კარგა ხანი ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე. მათთან ურთიერთობით გული ვიჯერე, თუმცა, ორიოდე კვირაში ისევ ფეხბურთი მომენატრა და შეკრებამდე დარჩენილი დღეების თვლა დავიწყე.
- რას ელით ახალი სეზონისგან?
- ჩემი სანაკრებო პარტნიორ-მეგობრები მეუბნებიან, რომ დიდ კლუბში მოვხვდი, გუნდში რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებაა. ამ მხრივ “ბარსელონასა” და ჩემი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.
- ამჟამად საფეხბურთო კარიერის პიკზე ხართ...
- მე კი მგონია, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ მაქვს. მუნდიალის მოგება, სამხრეთ აფრიკის ტურნირის ბომბარდირობა, “ბარსელონაში” გადასვლა – ამაზე მეტი ფეხბურთელმა რა უნდა ინატროს, მაგრამ ჩემი ამოცანა თამაშის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაა, რასაც დიდი შრომა და თავდადება სჭირდება.
- მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაცაა...
- ნაკრებთან ერთად ევროპისა და პლანეტის პირველობები მოვიგე, “ბარსას” შემადგენლობაში მსოფლიოს საკლუბო პირველობისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მწადია.
- ხშირად ფიქრობთ, როგორი დებიუტი გექნებათ “ნოუ კამპზე” და რა რეაქცია მოჰყვება “ბარსას” მაისურით თქვენს მიერ გატანილ პირველ გოლს?
- ამაზე ყოველწუთიერად ვფიქრობ. რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ჟინით ველოდები სადებიუტო შეხვედრას “კამპ ნოუზე”. სადღეისო უპირველესი საზრუნავი კი ოპტიმალური ფორმის აკრებაა, რათა “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში მყარად დავიმკვიდრო ადგილი.
- ფლანგზე უფრო მეტად გსიამოვნებთ თამაში თუ ცენტრში?
- მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ცენტრში ვასპარეზობდი, “ბარსაში” კი იმ პოზიციაზე გამოვალ, რომელზეც პეპ გვარდიოლა გამამწესებს.
- ბოიან კრკიჩსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონკურენციის არ გეშინით?
- კარგად მესმის, ოპტიმალურ ფორმას თუ არ მივაღწიე, ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა არც დამაყენონ. ვარჯიშზე ენერგიის ბოლომდე დასახარჯად მზად ვარ, ეს კი პარტნიორებთან კონკურენტუნარიანს გამხდის.
- რაულზე რას გვეტყოდით?
- გონსალეს ბლანკო ბრწყინვალე ფეხბურთელია, ყოველთვის ვცდილობდი მისთვის მიმებაძა.
- დაამხობთ მის სანაკრებო შედეგიანობის რეკორდს?
- ყოველმხრივ შევეცდები. მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლის შემდეგ რაულის მიღწევამდე (44 გოლი-რედ) ერთადერთი ნაბიჯიღა დამრჩა და იმედია, მალე “ფურია როხას” რეკორდსმენი გავხდები.

გოჩა კაჭარავა


 

0.116992