საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ტალინში ესტონეთს 2:1 სძლია – ეს, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში. მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ არსებობს, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა. გოლები ასე გავიდა: ოქრიაშვილმა ესტონელებს ბურთი ჩაუჭრა, ყენიასთან კედელი გაითამაშა და ზუსტად დაარტყა – 0:1; ყენიამ საჯარიმოში მარჯვენა ფლანგზე მიიღო პასი, დაარტყა და ბურთი რიკოშეტით შევარდა კარში – 0:2.
ასე რომ, ლევან ყენიამ არათუ გოლი, საგოლე პასიც მიითვალა... 2,5 წელი გაუცდა ამ ფეხბურთელს, მაგრამ დაბრუნდა და როგორც ხედავთ, უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდულ ნაკრებში. ტრავმა უკან დარჩა – ამან დიდი პერიოდი წაართვა ლევანს, მაგრამ ტრავმა ნიჭს ვერაფერს აკლებს.
ჩივაძის გაწვრთნილებმა 4 დღის წინ ბელარუსს მინსკში ამხანაგურ შეხვედრაში სძლიეს (1:0) და ამჯერად, მეორე პოსტსაბჭოური ქვეყნის ნაკრები გაამწარეს. ოქრიაშვილიც გამოსარჩევია: ორივე მატჩში გაიტანა.
მატჩის შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ალექსანდრე ჩივაძეს დაუკავშირდა:
- მთლიანობაში, შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა, უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება. უპირატესობას ვფლობდით და ესტონელებზე მეტი საგოლე მომენტიც გვქონდა.
- ბელარუსთან მოგების შემდეგ, პროგრესი შეიმჩნეოდა?
- აშკარად. ცუდად არც ბელარუსებთან გვითამაშია, მაგრამ დღეს უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. ასე ვთქვათ, ჩვენი თამაში დავიჭირეთ და პირველ ნომრად ვიყავით.
- კონკრეტულად რგოლებზე, ან გამორჩეულ ფეხბურთელებზე ვერ გვეტყვით?
- გამორჩევას ნამდვილად მოვერიდები. ისე კი, დღეს უმეტესად 1992, ან 1993 წელს დაბადებულები გვყავდა. შესარჩევში სატურნირო მდგომარეობა იმის საბაბს გვაძლევს, რომ მომავალზე გავაკეთოთ აქცენტი. ყველაზე მეტად, რაც ამ ორ მატში დავინახე და რაც გამიხარდა, ნაკრებში დიდი კონკურენციაა. მომდევნო შესარჩევში თამაში კვლავ შეუძლიათ ჯანო ანანიძეს, ვაკო ყაზაიშვილს, დავით სხირტლაძეს, გიორგი ჭანტურიას, მერაბ გიგაურს... ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს არ გვყავდა. და რომ დაგვემატებიან, საკმაოდ დიდი ძალა ვიქნებით. უნდა ვთქვა ყენიას თამაშზეც – გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და სული და გული ჩადო თამაშში. შესვენებაზე შევცვალე, რადგან არ მინდოდა, რომ გადაღლილიყო. არავითარი ტრავმა. უბრალოდ, დავასვენე.
- ბელარუსთანაც კმაყოფილი დარჩით ყენიას თამაშით?
- იქაც მიიღო საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა. მიხარია, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და ვატყობ, მალე უფრო და უფრო კარგად ითამაშებს. და მას ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ნიჭიერმა უნდა ითამაშოს, დასაკარგი არავინ გვყავს. ის, რაც მოხდა ყენიასა და ქეცბაიას თემაზე, მე უფრო გაუგებრობად ჩავთვლი. თამამი განცხადებები გააკეთა ლევანმა და არ იყო კარგი, მაგრამ ეს მის ემოციებს უნდა დავაბრალოთ.
- ქეცბაია ესწრებოდა დღევანდელ თამაშს?
- არა. თემურთან სატელეფონო კავშირი მქონდა.
- თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ დიდია და ალბათ, მათ შერიგებას აპირებთ.
- აუცილებლად მორჩება ეს გაუგებრობა. და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. ეს ყველაფერი ემოციურობა და გაუგებრობაა.
5.06. 18:30 (თბილისის დროით). ტალინი. “ლე კოქ არენა”. 870 მაყურებელი
ესტონეთი-საქართველო 1:2 (0:2)
ესტონეთი: მეერიტსი, კულინიცი, რეინტამი, არტიუნინი (ა. პროსა 46), პოდოლიუჟინი, სინილაიდი, სუბოტინი (მეტსი 46), კალიუმაიე, ალიკუ, პაპონოვი, პეიტრე (ჩეგოდაევი 80).
მწვრთნელი: ფრანკ ბერნჰარდტი.
საქართველო: ნადირაძე, იოსელიანი, კვირკველია, მამუკა კობახიძე, ტვილდიანი, პაპავა, ოქრიაშვილი, კვეკვესკირი, ყენია (ჩაფიძე 46), ბეგლარიშვილი (შარაშენიძე 80), საბანაძე (ჯიღაური 61).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (12), 0:2 ყენია (26), 1:2 რეინტამი (81).
გაფრთხილება: კალიუმაიე (90).
არბიტრი: თოლგა იოზფალქა (თურქეთი).
1 | ესპანეთი | 6 | 6 | 0 | 0 | 21-2 | 18 |
2 | შვეიცარია | 6 | 4 | 1 | 1 | 12-4 | 13 |
3 | საქართველო | 6 | 2 | 0 | 4 | 5-16 | 6 |
4 | ხორვატია | 6 | 2 | 0 | 4 | 6-9 | 6 |
5 | ესტონეთი | 6 | 0 | 1 | 5 | 1-14 | 1 |
ილია ნანობაშვილი