ლეგენდარული იტალიელი მცველი ჩირო ფერარა ნეაპოლელია და საფეხბურთო კარიერის პირველი ნაწილი “ნაპოლიში” გაატარა. ეს, იმ დროს იყო, როცა სამხრეთული “აძურის” რიგებს დიეგო არმანდო მარადონა იცავდა. მშობლიური ქალაქის გუნდში გამოსვლისას, ფერარა ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა და უეფას თასსაც დაეუფლა. შემდეგ იყო ფენომენალური “იუვენტუსი” – 1994-2005 წლებში, ჩირომ “ბიანკონერისთან” ერთად 6 სკუდეტო, 4 ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა, საკონტინენტთაშორისო, ინტერტოტოს, იტალიის თასები, აგრეთვე ევროპის სუპერთასი მოიგო. გასული ზამთრიდან მოყოლებული კი, ფერარა უმუშევარია და სადღეისოდ, “მხოლოდ” “ნაპოლის” გულშემატკივრის სტატუსი აქვს.
- 29 იანვარს ტურინის “იუვენტუსის” მთავარმწვრთნელობიდან დაგითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარი ხართ. რამდენად მტკივნეულია თქვენთვის საყვარელი საქმიდან ჩამოშორება?
- მოდით, მომხდარს ფილოსოფიურად შევხედოთ – ხანდახან, წარუმატებლობა მეტს გასწავლის, ვიდრე ტრიუმფი. საწუწუნო კი არაფერი მაქვს. ფეხბურთელობისას, იმ “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” წევრი გახლდით, რომლების ევროთასებზეც იმარჯვებდნენ და სკუდეტოსაც ეუფლებოდნენ. მწვრთნელის რანგში დებიუტი “სკუადრა აძურას” დამრიგებლის თანაშემწედ მქონდა, თანაც, იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი “იუვეს” ვმოძღრავდი. ცოტა ხანი გულშემატკივრის “ტყავში” ყოფნაც არაა ურიგო.
- ნეაპოლში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანი “ნაპოლის” ქომაგობთ...
- სხვა კლუბის მხარდაჭერა ვერც კი წარმომიდგენია. ნეაპოლი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია. ტურინში გამოსვლისას, სამხრეთელები ბრალს მდებდნენ, რომ “ნაპოლი” “იუვენტუსში” გავცვალე, მაგრამ, გარწმუნებთ, გულის სიღრმეში, ყოველთვის “აძურის” ქომაგი გახლდით და არა “ბიანკონერის”.
- დღევანდელი “ნაპოლი” მოგწონთ?
- ძალიან. გუნდმა წინა სეზონის შემადგენლობა შეინარჩუნა. არადა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, 2-3 ფეხბურთელს გრანდები თავიანთ რიგებში ეპატიჟებოდნენ. მიმდინარე ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერად კი ნეაპოლში ურუგვაელი კავანის ჩამოსვლას ვთვლი. ლავესისა და კვალიარელასთან ერთად, იგი ძლიერ შეტევის ხაზს შექმნის. გუნდში წინახაზელთა შორის დიდი კონკურენცია იქნება, რაც ვალტერ მაცარის ბიჭებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩემი აზრით, “ნაპოლი” ევროპის ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.
- ფერარა-გულშემატკივრის პოზიცია გასაგებია, ახლა კი, კითხვას ფერარა-მწვრთნელს დავუსვამთ – 3 ფორვარდისა და ჰამშიკის ერთდროულად თამაში, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
- გააჩნია, რომელ პოზიციაზე ათამაშებს მაცარი ჩვენს მიერ ჩამოთვლილ მოთამაშეებს. კავანისა და კვალიარელას მინდვრის სიღრმიდანაც კარგად შეუძლიათ შეტევის წარმოება, ლავესი კი, მოწინააღმდეგის კარის სიახლოვესთანაც საშიშია მეტოქისთვის და ბურთის “თრევის” ნიჭით დაჯილდოებულს, ასისტენტობაც ხელეწიფება. სავარაუდოდ, მაცარი ჰამშიკს მხოლოდ შუახაზელის ფუნქციებით დატვირთავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სლოვაკს ფორვარდობაც მშვენივრად შეუძლია.
- როგორ გგონიათ, შესაძლებელია “სან პაოლოზე” იმ პერიოდის კიდევ ერთხელ დადგომა, როცა “ნაპოლი” სკუდეტოს იგებდა?
- ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონები 1987 და 1990 წლებში გავხდით. ეს უკვე ისტორიაა და ნუ მოვთხოვთ თანამედროვე ფეხბურთელებს ანალოგიური მიღწევის გამეორებას. ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ხომ ბევრი რამ შეიცვალა. უპირველესად, ეკონომიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ. ამ ასპექტით, ჩრდილოელებმა სამხრეთელებს საგრძნობლად გაგვასწრეს. მთავარია, “ნაპოლიმ” უკანასკნელ პერიოდში აღებულ კურსს არ უღალატოს. მთავარი კი ისაა, რომ გულშემატკივრები სტადიონზე იმედიანად მიდიან და მატჩების დასრულების შემდეგ, შინ კარგ ხასიათზე ბრუნდებიან. ვალტერ მაცარის მიერ ნეაპოლში შესრულებულ სამუშაოს, მხოლოდ აღმატებითი სიტყვებით მოვიხსენიებ. მისგან განსხვავებით, არასდროს დამისახავს მიზნად რომელიმე ერთი კონკრეტული გუნდის გაწვრთნა, რაც, შესაძლოა, ჩემი სამწვრთნელო ნაკლიც იყოს. ისე კი, ოდესმე “ნაპოლის” მთავარმწვრთნელობას თუ შემომთავაზებენ, უყოყმანოდ დავთანხმდები.
- თქვენი 17 წლის ვაჟი პაოლო, “მოდენას” მცველია...
- მან ტურინი საკუთარი ინიციატივით დატოვა. ოჯახსა და მეგობრებს მოწყვეტილს, ცოტათი კი უჭირს, მაგრამ ამგვარი არჩევანი თავად გააკეთა. რაც მთავარია, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვევა, ეს კი, პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ