ინტერვიუები

10:30 | 31.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტოს კლანი

მას შემდეგ, რაც 18 წლის მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა, რომელსაც მეტსახელად “ჩიჩარიტოს” (ბარდის პატარა მწვანე მარცვალი-რედ)  ეძახიან, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა, მისი და მისი ოჯახის მიმართ ინტერესი გაიზარდა. “მანჩესტერის” ოფიციალური საიტის წარმომადგენელი, ახალგაზრდა მოთამაშის ბაბუას - ტომას ბალკასარს და მამას, ხავიერ “ჩიჩარო” ერნანდესს ესაუბრა. ისინი თავის დროზე წარმატებული ფეხბურთელები იყვნენ და საინტერესოა, თუ რა თვალით უყურებენ საკუთარ შთამომავალს, რომელმაც ტრადიცია გააგრძელა და ეროვნულ გუნდსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატიც დააჭაშნიკა.
- რას იტყვით თქვენს შვილიშვილზე, როგორც ფეხბურთელზე?
- ტომას ბალკასარი: ის ფიზიკურად ძლიერი ბიჭია და იცის ეს უპირატესობა როგორ გამოიყენოს. მან იცის, რომ თუ კუნთები ნაკლებად მოძრავს გაგხდიან, ამ უპირატესობას აზრი დაეკარგება. ჩემი შვილიშვილი სწრაფიცაა და ძლიერიც, რაც ევროპულ ფეხბურთს იდეალურად ესადაგება. დაახლოებით სამი თვის წინ მამამისს ვუთხარი, რომ “ჩიჩარიტო” ისეთ დიაგონალურ გარბენებს აკეთებს, რომლის მსგავსიც მექსიკელი ფეხბურთელის შესრულებით არ მინახია. მისთვის სულერთია, მიიღებს გადაცემას თუ არა, რადგან, თუ ბურთს მას არ გადააწვდიან, მცველთა ყურადღებას მაინც იპყრობს და სხვა შემტევებს თავისუფალ სივრცეს უტოვებს.
- “ჩიჩარიტოს” სათამაშო სტილი თქვენს, ან თქვენი შვილის სათამაშო სტილს თუ წააგავს?
- ტ.ბ: დიახ, განსაკუთრებით თავით თამაშისას. მამამისი ლამის ერთი მეტრის სიმაღლეზე ხტება. “ჩიჩარიტო” არც ისე მაღალია, მაგრამ როდესაც ხტება, საშიშროება იქმნება, რომ ჰაერში გამოკიდებულ მაღალი ძაბვის სადენებს შეეხება (იცინის).
- რა არის მისი გატაცება?
- ტ.ბ: ის წყნარი ბავშვი და სულით ხორცამდე პროფესიონალია. არ სვამს, არ ეწევა და მთელი ღამით არ იკარგება. მანჩესტერში, ალბათ, ვიღაც-ვიღაცეები შეეცდებიან მისი ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ თუ მსგავსი არაკეთილმოსურნეებისგან დავიცავთ, ყველაფერი რიგზე იქნება. კინოშიც კი იშვიათად დადიოდა. როგორც წესი, ვარჯიშის შემდეგ სახლში მოდიოდა, ჭამდა და იძინებდა.
- ხავიერის საფეხბურთო ნიჭი როდის შენიშნეთ?
- ტ.ბ: ღრმა ბავშვობიდან. აეროპორტის მახლობლად მიწის ნაკვეთი გვაქვს და როდესაც იქ მივდიოდით, ხანდახან ფეხბურთს ვთამაშობდით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში დიდი სხვაობა იყო, “ჩიჩარიტო” ფეხებში გვივარდებოდა და ბურთს გვართმევდა. მერე შევნიშნეთ, რომ ბურთთან ერთად იძინებდა და მივხვდით, რომ ფეხბურთით დაავადდა.
- თქვენ რითი ეხმარებოდით?
- ტ.ბ: ნებისმიერი თამაშის შემდეგ, მას გასახდელში ველოდებით და თავადაც, თამაშის შესახებ ყველაზე მეტად ჩვენი აზრი აინტერესებდა. სიმართლე გითხრათ, ზედმეტად არასდროს ვაქებდით. როგორც წესი, ვეუბნებოდით: “მთლიანობაში ურიგოდ არ გითამაშია, აქ და აქ შეცდომა დაუშვი. ამ სიტუაციაში, ჯობდა ასე მოქცეულიყავი”. მოკლედ, ვცდილობდით მუდამ უკეთ ეთამაშა, მეტად მონდომებული ყოფილიყო. თუ მოთამაშეს ყოველთვის ეტყვი, რომ დიდებულად ითამაშა, პროგრესი არ იქნება.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენს ოჯახში მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებთ...
- ტ.ბ: მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე და თუ რამეს მივაღწიე, ეს ფეხბურთის დამსახურებაა. სწორედ ამ თამაშის დამსახურებით, დავაგროვე გარკვეული ქონება, დავოჯახდი და მეყოლა ექვსი შვილი. ყველა მათგანმა პროფესიონალურ დონეზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ყოველდღიურად, მთელი ოჯახი ერთად ვსადილობდთ და ამით ძალიან ვამაყობ.
- თქვენ ოჯახში “მანჩესტერ იუნაიტედს” ვინმე თუ გულშემატკივრობდა?
- ტ.ბ: მისი ისტორიის, უდიდესი პოტენციალისა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელის გამო, “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველთვის მოგვწონდა.
- როდესაც ხავიერთან ერთად “ოლდ ტრაფორდზე” მოხვედით, რა გრძნობა დაგეუფლათ?
- ხავიერ ერნანდესი-უფროსი: ეს წარმოუდგენელი რამ იყო. როდესაც ამ სტადიონზე პირველ ნაბიჯს დგამ, მომენტალურად გრძნობ, თუ რამხელა ისტორიის მქონე კლუბია “მანჩესტერ იუნაიტედი”. სტადიონის დათვალირებისას, სრულად შეიგრძნობ ამ გუნდის სიდიადეს და ისტორიას. ყველა გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენ უკვე ამ გუნდის ნაწილი ვართ. მთლიანობაში, მანჩესტერი და იქ მცხოვრები ხალხიც ძალიან მოგვეწონა.
- სერ ალექს ფერგიუსონთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
- ხ.ე: თუ გავიხსენებთ მის მიღწევებს, წარმატებებს და ტიტულებს, ეს საოცრება იყო. ის უბრალო ადამიანია. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრ წარმატებულ პიროვნებასთან მქონია ურთიერთობა და ასეთი ღია ადამიანი, აქამდე არ შემხვედრია. ვერსდროს ვიფიქრებდი, რომ ფერგიუსონი ასეთი უბრალო ადამიანია. ის დიდებული პიროვნებაა.
- ხავიერ, თქვენ შვილთან ერთად მანჩესტერში აპირებთ გადმოსვლას. რა საქმით დაკავდებით?
- ხ.ე: უპირველესად, მინდა ევროპული ფეხბურთის კულტურა შევისწავლო. თუ მომავალში რომელიმე ევროპული, ან მექსიკური კლუბის გაწვრთნის საშუალება მექნება, უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. მანჩესტერში შვილით ამაყი მამის სტატუსით ჩამოვდივარ და ამრიგად, ევროპაში ცხოვრების სულაც არ მეშინია.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 


 

0.132663