ინტერვიუები

11:47 | 11.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელი: "სასტარტო შემადგენლობას ამჯერად არ გაგიმხელთ"

ძალიან დაძაბულად და მოულოდნელად მიმდინარეობს ბრძოლა ევრო 2012-ის C შესარჩევ ჯგუფში. წინა ტურებს რომ თავი დავანებოთ, გასულ პარასკევს, სერბები ბელგრადში ესტონეთთან დამარცხდნენ, იტალიის ნაკრებმა კი, ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას გოლი ვერ გაუტანა და შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა. “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის მიერ 2 ქულის დაკარგვაზე მეტად, ესტონელთა გამარჯვებამ ჩააფიქრა, რამეთუ 12 ოქტომბერს გენუაში სერბები “დაჭრილი ნადირივით” დაუპირისპირდებიან მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს. გეხსომებათ, ბელფასტური მატჩის წინა დღეს პრანდელიმ თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, ბალკანელებთან პაექრობის წინ კი ანალოგიურის გაკეთებას აღარ აპირებს.
- სინიორ ჩეზარე, “სკუადრა აძურასგან” ტიფოზები ბელფასტში მოგებას ელოდნენ, რაც ჯგუფის მთავარი კონკურენტის, სერბეთის ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ, იტალიის ნაკრების სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო მყარს გახდიდა...
- ჩვენი ნაკრებისგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან, მაგრამ როცა გუნდი გასვლაზე თამაშობს და მოწინააღმდეგედ ფრიად მოტივირებული და მონდომებით მოასპარეზე კოლექტივი ჰყავს, არც ფრეა ურიგო შედეგი. სატურნირო სტრატეგიიდან გამომდინარე, ბელფასტში მოპოვებული ქულით უკმაყოფილო არ ვარ.
- ოლსტერულ პაექრობაში თქვენი გუნდის თავდამსხმელებს მაინცადამაინც მწვავედ არ უთამაშიათ. ანტონიო კასანომ მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთის განმავლობაში თავი ვერაფრით გამოიჩინა...
- კასანო ბრწყინვალე ფეხბურთელია, გულშემატკივართაგან განსხვავებით კი, სულაც არ ვთვლი, რომ მან ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი ჩააგდო. დამისახელეთ ფორვარდი, რომელმაც გასულ შესარჩევ მატჩებში 5 საგოლე მომენტი შექმნა. ანტონიოს მარგი ქმედების კოეფიციენტი ბელფასტის “უინძორ პარკზე” ძალიან მაღალი იყო.
- დროდადრო კასანო გუნდური თამაშიდან ამოვარდნილი იყო, რაც უარყოფითად მოქმედებდა “სკუადრა აძურას” ასპარეზობაზე...
- ანტონიო უნიჭიერესი მოთამაშეა და ბოლო წლებში სტაბილურადაც რომ ეთამაშა, სადღეისოდ მას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებდნენ. კუნძულელებთან შეხვედრას თუ დავუბრუნდებით, კასანო საუცხოოდ ირჩევდა პოზიციას, მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მეტოქის მცველები და მის განეიტრალებაზე ირლანდიელი შუახაზელებიც კი ზრუნავდნენ. გავიმეორებ – ანტონიოს თამაშით კმაყოფილი ვარ.
- ევრო 2012-ის ჩ შესარჩევ ჯგუფში მეტად უცნაური მდგომარეობაა. თუ ელოდით სტარ¬ტზე ამდენ მოულოდნელ შედეგს?
- რთული მოწინააღმდეგეები რომ შეგვხვდა, ამას ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ვუსვამდი ხაზს. ჯგუფი დაბალანსებულია და ყველა მატჩში სრული მობილიზებით მოგვიწევს ბრძოლა. სიურპრიზებს რაც შეეხება, მოულოდნელი შედეგების მომსწრენი კიდევ გავხდებით.
- “სკუადრა აძურას” სასამშაბათო მეტოქემ სერბეთმა ესტონეთთან საკუთარ მინდორზე წააგო. ამის გამო, ბალკანელები ალბათ უფრო მეტად მონდომებულები გავლენ გენუას “ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე თქვენ წინააღმდეგ სათამაშოდ...
- ერთის მხრივ, კონკურენტის მარცხი კარგია, მაგრამ ესტონელთა მიერ ბელგრადში მოპოვებულმა სამმა ქულამ, გარკვეულწილად, საგონებელში ჩამაგდო. სამშაბათს უფრო რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ვიდრე ამას 8 ოქტომბრის საასპარეზო დღემდე ვვარაუდობდი. სერბები მაქსიმალური კონცენტრაციით დაგვიპირისპირდებიან და სასურველი შედეგით ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსის გაზრდას შეეცდებიან. თანაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბალკანელები ბალტიისპირელებთან მარცხისთვის გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციას შეეცდებიან.
- 12 ოქტომბრის მატჩის სასტარტო შემადგენლობა უკვე განსაზღვრული გაქვთ?
- ჩრდილოეთ ირლანდიასთან ძირითადი შემადგენლობა შეხვედრამდე 24 საათით ადრე დავასახელე, ამჯერად, ასე არ იქნება. ორშაბათ საღამოს განსაზღვრული მექნება სასტარტო თერთმეტეული, მაგრამ მათ ვინაობას ჟურნალისტებს არ გაგიმხელთ.
- ის მაინც გვითხარით, თავდასხმაში კასანოს პაცინის შეუწყვილებთ?
- ჯერჯერობით, თვითონაც არ ვიცი. შესაძლოა, წინა ხაზზე ცვლილებები მოვახდინო, რაც არ უნდა იყოს, ბელფასტში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ისე კი, არც ბორიელოს უთამაშია ცუდად – მარკო წინაც აქტიური იყო და შუახაზელებსაც ეხმარებოდა.
გოჩა კაჭარავა

 

0.118828